პროგრამის დაწყებამდე ჯერ ისევ დიდი დროა – რას (არ) აკეთებს განათლების სამინისტრო სკოლებში უფასო კვების შეტანისთვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რომელიც იმ სკოლებს გამოავლენს, სადაც სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა პირველ ეტაპზე იქნება შესაძლებელი, თუმცა პროგრამის ამოქმედების დრო კვლავ უცნობია. EDU.ARIS.GE-მ დღეს ისიც გაარკვია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი ამ პროცესში ჩართული აღარ არის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სასკოლო კვების საკითხზე პასუხის გაცემა ჟურნალისტებისთვის 13 ნოემბერს მოუწია, თუმცა მისი განმარტებები სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვის მომლოდინეთათვის დამაიმედებელი არ ყოფილა.
მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ნუტრიციისა და ჯანდაცვის სპეციალისტმა თაკო უგულავამ, EDU.ARIS.GE-ს მიერ დასმულ კითხვას „როდის გვექნება სკოლებში უფასო კვება“, ასეთი პასუხი გასცა: „უდიდესი მონდომებით, 2023 წლის სექტემბრიდანაც არის შესაძლებელი, რომ სკოლებში უფასო კვება გვქონდეს“ (გაეროს ბავშვთა ფონდი 2019 წლიდან ჩართული იყო საქართველოს სკოლებში უფასო კვების პროექტის შემუშავების პროცესში).
თუ განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გუშინდელ განცხადებებს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სახელმწიფოს “მონდომება” არ ეყო.
“ამ საკითხის განხორციელების დაწყებისთვის ჩვენ რიგი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. პირველი, ეს არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი, ე.წ. ბუფეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შემდგომ უკვე გარკვეული მოდელების ჩაშვება იმ კატეგორიისთვის, ვისაც ეს სჭირდება. დედამიწის ზურგზე, თქვენ ვერსად ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენის ადამიანისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში და ამის განხორციელებაში ვართ”, – განაცხადა მინისტრმა, რომელიც ამბობს, რომ არ იცის და არ ახსოვს რას ამბობდნენ მისი წინამორბედი ან სხვა მინისტრები უფასო სასკოლო კვების საკითხზე, რომელზე საუბარიც უკვე არაერთ წელს ითვლის.
მინისტრმა თქვა, რომ ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას “უახლოესი 2-3 წელი” დასჭირდება და პროექტის დაწყების შესაძლებლობაც გაჩნდება.
მომდევნო ნაბიჯი კი საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საჭიროების გადაწყვეტაა და როგორც მინისტრმა ახსნა, აღნიშნული ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით უნდა განხორციელდეს, თუმცა მინისტრის მტკიცებით, მთავარი მაინც ის არის, “ინფრასტრუქტურა გვქონდეს”.
“გეტყვით, მე რას ვაკეთებ. სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ამ კუთხით ცალკე ჯგუფი გამოიყო და აიდენტიფიცირებს იმ სკოლბს, თუ სად არის შესაძლებელი პირველ ეტაპზე ამ პროგრამის დაწყება და სად რა მდგომარეობა გვაქვს. რეალურად, სკოლების აღწერა მიმდინარეობს. ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რომელიც სწორედ ამ მეთოდოლოგიებზე, ბავშვების სკოლაში კვებაზე მუშაობს და სახელმწიფოებს ეხმარება. გვინდა, საერთაშორისო პრაქტიკაც გავიზიაროთ”, – თქვა განათლების მინისტრმა.
მესამე ნაბიჯი კი მისი ინფორმაციით, დღეს მოქმედ სკოლის ბუფეტებში საკვების მხრივ არსებული ვითარების გამოსწორებას უკავშირდება. კერძოდ კი გიორგი ამილახვარის ერთ-ერთი წინამორბედი მინისტრის ბრძანების განახლებას, სკოლის ბუფეტებში დასაშვები საკვების გაყიდვის შესახებ: “უახლოეს მომავალში განახლდება მინისტრის ბრძანება სკოლაში არსებულ ბუფეტებში ჯანსაღი საკვების შეტანის კუთხით და დღეს არსებული სიტუაცია, რომელიც ბევრს არ მოგვწონს, მყისიერად გამოსწორდება”.
სასკოლო კვების პროექტის შემუშავების მიმდინარეობისა და ამ მომენტისთვის არსებული დამატებითი დეტალების გარკვევას EDU.ARIS.GE გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისგან 14 ნოემბერს შეეცადა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, განახლებული ინფორმაცია პროცესის შესახებ მათთვისაც არ არის ცნობილი, რადგან “ამჟამად პროცესში ჩართული არ არიან”.
“გაეროს ბავშვთა ფონდი კვლავაც მზადაა მხარი დაუჭიროს მთავრობას სასკოლო კვების პროგრამის განხორციელებაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა გააანალიზა სასკოლო კვების სხვადასხვა მოდელი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კვება მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლის პროცესში, თუმცა ის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია განათლების, რომელიც ასევე ითვალისწინებს თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან და ინკლუზიურ სკოლამდელ, დაწყებით და საშუალო განათლების სერვისებზე ბავშვების სრული განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, – განგვიცხადეს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობაში.
ასევე იხილეთ:
„ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში“ – უახლესი კვლევის შედეგებს UNICEF აქვეყნებს
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან