GE

ქართული ენის სიწმინდის მცველი

ავტორი: ირაკლი მახათაძე, თსუ-ის სტუდენტი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.

ის, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა ყოველი ქართველის მოვალეობაა, უდავოა, მაგრამ, ძვირფასო მკითხველო, როცა პუბლიკაციის სათაური წაიკითხე, პირველად რომელი მწერალი გაგახსენდა? ჰმ, საინტერესოა.

აი, ჩემთვის ქართული ენის სიწმინდის დამცველთან, უპირველეს ყოვლისა, მიხეილ ჯავახიშვილი ასოცირდება. დიახ, სწორედ მან ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება სალიტერატურო ნორმებს, სწორედ იგი, სხვა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად, იღწვოდა ქართული ენის გამრავალფეროვნებისა და გაჯანსაღებისკენ. მისი ენა, ჩვეულებისამებრ, დახვეწილი სალიტერატურო ქართულის ნიმუშია და ეს მწერლის შეგნებული დამოკიდებულებაა.

მიხეილ ჯავახიშვილს ჩამოყალიბებული ჰქონდა სამწერლობო ენის ზოგადი მოთხოვნები: „გამჭირვალობა, მუდმივობა, უბრალოება, სინათლე“.

მხატვრული სიტყვის ოსტატი სულაც არ იყო წინააღმდეგი ქართულ ენაში უცხოური სიტყვების დამკვიდრებისა, მაგრამ მას მიაჩნდა, რომ მწერალი მუდამ დარაჯად უნდა ედგეს მშობლიურ ენას: „უცხო სიტყვა მუდამ არ ეგუება ქართულს. ის, რაც მოსათმენია ტექნიკოსისთვის, ზოგჯერ ყოვლად აუტანელია სიტყვის ხელოვანისთვის. მაინც ორივეს უაღრესი სიფრთხილე მართებს, უფრო მეტად პოეტსა და ჟურნალისტს, რადგან მათი სიტყვა უფრო მჭრელია და ხმოვანი“.

ისე, რა ამის პასუხია და, მიხეილ ჯავახიშვილს დღევანდელ საქართველოში რომ ეცხოვრა, ალბათ გული ეტკინებოდა, როცა მოუსმენდა ჟურნალისტთა მეტყველებას, ამდენ ბარბარიზმს, კალკირებულ ფრაზეოლოგიზმს, ქართულ-ინგლისურ და ქართულ-რუსულ აქცენტთა ნაზავს და მისთ.

მიხეილ ჯავახიშვილმა საკუთარი ყურადღება მიაპყრო ქართულ კილოებში დაბუდებული მარგალიტებისკენ. „(პროვინცია) ნამდვილი ლექსიკური საგანძურია, უშრეტი აუზია, რომელიც… გამუდმებით ჰკვებავს და ამდიდრებს სალიტერატურო ქართულს“, – დასძენდა იგი.

მშობლიური ენის საიდუმლოთა ღრმა წვდომა, მისი ლექსიკის კარგი ცოდნა იყო საფუძველი იმისა, რომ მან ადგილი დაიმკვიდრა ქართულ მწერლობაში. მისი თხზულებები უმდიდრესი წყაროა „ხალხური“ ლექსიკისა, იდიომებისა და გამონათქვამებისა, მხატვრული ხერხებისა, რომლებიც ენობრივი შესაძლებლობების აქტიური გამოვლენაა ¹.

მწერალმა ყურადღება მიაქცია იდიომებს, ფრთიან ფრაზებს, მყარ შესიტყვებებს, ფრაზეოლოგიზმებს. ზოგჯერ საკუთრივაც ქმნიდა ასეთ ერთეულებს: ანდერძის აგება, ალღოს აღება, აყრილი გული და გულის მობრუნება, ენის ქავილი და ლაყბობის მუნი, გულის ჟანგის მოფხეკა, სულის ობის მობანა, აქავებული ენის მოფხანა და მისთ.

რაც არ უნდა იყოს, მიხეილ ჯავახიშვილი ყოველთვის ფიქრობდა ქართული ენის დაცვაზე, მისი თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. სწორედ ამიტომაცაა, რომ მას, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ქართველები პატივს სცემენ და აფასებენ გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგადაც კი.

_____________
გამოყენებული ლიტერატურა: გამოყენებული ლიტერატურა: ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა.არაბული, მ.ხუციშვილი – ქართული ენა და ლიტერატურა, XII კლასი, გამომცემლობა სწავლანი, თბილისი 2012.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური