GE

„ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური“ – CIU-ს პროექტის პრეზენტაცია

25 ივლისს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფილმების ციკლის – „ქართული ლიტერატურა 90 წუთში. გლობალური და ლოკალური“ – პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრმა, კომპარტივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასა და თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მოამზადა.

პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მწერლებისა და მათი საერთაშორისო ღვაწლის წარდგენას მსოფლიო საზოგადოებისთვის, 9 ფილმისგან შედგება.

ფილმები მოგვითხრობს ავტორებზე, რომლებმაც ქართული ლიტერატურა მსოფლიო კულტურის უდიდეს საგანძურად აქციეს:

  • შოთა რუსთაველი და ქართული მწერლობის ადგილი შუა საუკუნეების მწერლობაში;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი „მერანი“ მსოფლიო რომანტიკული პოეზიის ორბიტაზე;
  • ილია ჭავჭავაძე – ქართული მწერლობის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერებისათვის;
  • ვაჟა-ფშაველა და კოსმოპოლიტიზმის ქართული თეორია;
  • გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“ და შარლ ბოდლერის „ბოროტების ყვავილები“;
  • ტფილისი – ავანგარდული ქალაქი;
  • მიხეილ ჯავახიშვილი – საბჭოური ნარატივის ალტერნატივა ქართულ მწერლობაში;
  • ანა კალანდაძე – ქალი-პოეტი და ესთეტიკური ჩარჩოების განახლება;
  • ირაკლი ჩარკვიანი და „მშვიდი ცურვა“ პოსტმოდერნისტული ნარატივისკენ.

პროექტის ხელმძღვანელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი – ირმა რატიანი, მიმართულების პროდიუსერი კი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – ნინო ჭალაგანიძე.

იხილეთ ფილმების ქართული და ინგლისურენოვანი ვერსიები ქვემოთ მითითებულ ბმულებზე:

ფილმების ქართულენოვანი ვერსიები

ფილმების ინგლისურენოვანი ვერსიები

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური