GE

„ქართული საბავშვო მწერლობა. „დედაენიდან სალამურამდე“ – ცხრა დოკუმენტური ფილმისგან შემდგარი პროექტი საზოგადოებას წარედგინა

„ქართული საბავშვო მწერლობა. „დედაენიდან“ სალამურამდე“ – ასე ეწოდება სამეცნიერო-შემეცნებით პროექტს, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განახორციელა.

პროექტის პრეზენტაციას, რომელიც გუშინ გაიმართა, ფილმების ავტორისა და მათ შექმნაში ჩართული ადამიანების გარდა, მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. რაც შეეხება შინაარსს, იგი მოიცავს ცხრა საუბარს იმ ქართველი ავტორების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რომლებმაც საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ეს ავტორებია: იაკობ გოგებაშვილი; აკაკი წერეთელი; ვაჟა-ფშაველა; შიო მღვიმელი; ეკატერინე გაბაშვილი; რევაზ ინანიშვილი; ოტია იოსელიანი; ნოდარ დუმბაძე; არჩილ სულაკაური.

პროექტის მიზანს საბავშვო მწერლებისა და მათი ღვაწლის, ერთი მხრივ, ქართული, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს. ფილმებს ტიტრებად ინგლისურენოვანი თარგმანი დაერთო, რაც, ავტორების აზრით, მნიშვნელოვნად გაზრდის საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესს და გააადვილებს ფილმის გავრცელებას.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, ქართველი საბავშვო მწერლებისა და მათი ღვაწლის საზოგადოებისთვის ჩვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისევე, როგორც უნივერსიტეტის ინიციატივითა თუ მხარდაჭერით განხორციელებულ სხვა პროექტებში, სტუდენტები აქაც აქტიურად იყვნენ ჩართულები.

“მოგეხსენებათ, რუსთაველის ფონდს აქვს სპეციალური საგრანტო დანაყოფი – მეცნიერების პოპულარიზაცია, რის ფარგლებშიც გრანტები ცხადდება. რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტთან და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციასთან ერთად განაცხადი მესამედ შევიტანეთ და ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ გრანტი უკვე მესამედ მოვიგეთ. თითოეული მათგანი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იყო, თუმცა ეს კონკრეტული პროექტი საბავშვო მწერლებს ეხებოდა. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ გულანთებული ქართველისთვის ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება – ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და მშობლებისთვის, რომლებიც შვილებს ზრდიან. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, დღეს გრანტის დახურვაა, პრეზენტაცია, სადაც მაყურებელს ჩვენი ნამუშევარი ვაჩვენეთ და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადავუხადეთ”, – განაცხადა კახაბერ კორძაიამ.

როგორც ფილმების შემქმნელები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ის, რომ გადაღებების ნაწილი კლასიკოსების სახლ-მუზეუმებში მიმდინარეობდა. ეს, მათი აზრით, მაყურებელს დაეხმარება, გაეცნოს მწერლის სამუშაო თუ პირად სივრცეს და უკეთ აღიქვას გარემო, რომელშიც შედევრები იქმნებოდა.

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტის, პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა რატიანის თქმით, ინსტიტუტის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამივე პროექტი ეროვნულ საქმეს აკეთებდა, თუმცა უკანასკნელი მათგანი საბავშვო მწერლობაზეა ორიენტირებული, რაც მას დამატებით მნიშვნელობას სძენს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

„პროექტი ფოკუსირებულია იმ ავტორებზე, რომლებმაც საბავშვო მწერლობის ფუნდამენტი შექმნეს. ფილმებში სხვადასხვა თაობის წამყვანი ლიტერატურათმცოდნეები ჰყვებიან ამ მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია საბავშვო ლიტერატურას ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

„პროექტის სამიზნე ჯგუფში, პირველ რიგში, სკოლის მოსწავლეები შედიან, რომლებისთვისაც ამ ავტორების სწორად გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, იგი საინტერესოა პედაგოგებისთვის. ვგეგმავთ, რომ სკოლებში, დოკუმენტური ფილმები, დამატებითი მასალის სახით შევიდეს. შეთავაზება ჯერ არ გაგვიკეთებია, თუმცა მათი მხრიდან სურვილი უკვე არის. სამიზნე აუდიტორიაში ასევე მოიაზრებიან უცხოელი ლიტერატურათმცოდნეებიც, რომლებსაც ხშირად უკითხავთ არსებობს თუ არა ქართული საბავშვო მწერლობა. ეს შეკითხვა გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული ლიტერატურა თარგმნილი არ არის და არ იცნობენ. ჩვენი ყველა ფილმი ინგლისური ტიტრებით მიდის და ამ პრობლემას მოხსნის. მაყურებელი უკვე საკმაოდ ბევრი ჰყავს. ფილმები YouTube -ზეც ხელმისაწვდომი იქნება”, – განაცხადა ირმა რატიანმა.

როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, მეცნიერების პოპულარიზაციის ფარგლებში ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებიდან თითოეული გამორჩეულად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფილმების ავტორებსა და შემქმნელებს. სამწუხაროდ, დღეს ბავშვები და არა მხოლოდ ბავშვები, წიგნს ნაკლებად იცნობენ. უფრო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინტერესდებიან. ამდენად, მათთვის ქართული საბავშვო ლიტერატურის ამ ფორმით გაცნობა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სიკეთე, სილამაზე, პოზიტივი და ყველაფერი, რაც კი რაიმე დადებითი არსებობს, აქ, საბავშვო ლიტერატურაშია წარმოჩენილი და მას ყველა უნდა იცნობდეს. ასე რომ, ამ პროექტების გამარჯვებით ძალიან გახარებული ვარ. იმედია გაგრძელდება კიდეც“, – აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმომდგენ სამეცნიერო და შემოქმედებით გუნდს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს: 2020-2021 წელს, ფონდის მხარდაჭერით, შეიქმნა ორნაწილიანი სამეცნიერო-შემეცნებითი პროექტი – „XX საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა. ნამდვილი ისტორია“. 2021-2022 წელს კი გადაცემათა ციკლი – „ქართული ლიტერატურა 90 წუთში. ლოკალური და გლობალური“.

პროექტებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში, ნაჩვენები იქნა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ფორუმზე. ფილმები დამხმარე სასწავლო რესურსად იქცა ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური