GE

CIU-ს შემეცნებითი პროექტი „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს გადაეცათ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის სასწავლო-შემეცნებითი პროექტი „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს გადაეცათ.

28 სერიისგან შემდგარი დოკუმენტური ფილმების ციკლი საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს CIU-ს კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ გადასცა. მედიარესურსს პედაგოგები საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში გამოიყენებენ.

შეხვედრას, დირექტორებთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საზოგადოება „ხონელის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ წივწივაძემ აუდიტორიას უნივერსიტეტის ხედვა წარუდგინა. კანცლერის განმარტებით, უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან მსგავსი პროექტის განხორციელება ეროვნული ღირებულებების თანამედროვე ცოდნაზე დაყრდნობით განვითარებას მოიაზრებს.

დამსწრე საზოგადოებას მულტიმედია ცენტრის სხვა საგანმანათლებლო პროექტები კანცლერის მრჩეველმა, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ გაცნო.

სასწავლო-შემეცნებითი მედიარესურსის შექმნის მიზანსა და საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენების უპირატესობაზე მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, სულხან მელაძემ ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს აუდიტორიამ დოკუმენტური ფილმი „პაემანი ცხოვრებასთან“ იხილა. მულტიმედია ცენტრის მორიგი ნამუშევარი ვახტანგ წივწივაძის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ქრონოლოგიურად ასახავს. ამასთან, მაყურებელს საშუალება ეძლევა, დეტალურად გაეცნოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ისტორიას, განვითარების ეტაპებსა და მიღწევებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური