„ქართულის საგამოცდო პროგრამაში სტაგნაციის მდგომარეობაა, მიაქციეთ ყურადღება, სირცხვილია!“ – ლიტერატურათმცოდნე
ლიტერატურათმცოდნე და ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე სკოლებში ქართული ლიტერატურის სწავლებასა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სინამდვილეში დღეს საქართველოში განათლება არის არა უფასო, არამედ ძალიან ძვირი გვიჯდება.
მისი თმით, არც სასკოლო და არც უმაღლესში მისაღები გამოცდების ჩასაბარებელი პროგრამა არ ვითარდება და მკვეთრად ჩამორჩება თანამედროვე, უახლეს ქართულ ლიტერატურას.
„არანაირი უფასო განათლება საქართველოში არ არსებობს. ჩვენ ვიხდით უზარმაზარ ფულს ჩვენი გადასახადებიდან. ვუხდით ვის? – გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელიც წლიდან-წლამდე არაფერს აკეთებს და უცვლელად გადმოაქვს ტესტები თუ სხვა… აბსოლუტურად არანაირად არ ფუნქციონირებს. ჩვენ ვუხდით უზარმაზარ ფულს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც არ ცდილობენ, არ იწვევენ კომპეტენტურ კვალიფიციურ ადამიანებს, რომლებიც მოაწყობენ დისკუსიებს, მივლენ რაღაცა დასკვნამდე. დაინტერესდა ვინმე? დაუძახა პროფესურას? არიან საკმაოდ კვალიფიციური ადამიანები და არ არის ჩვენი საქმე ისე წასული, რომ რჩევის მიმცემი არ ჰყავდეს სისტემას. ჩვენ ხომ ამ ქვეყნის მტრები არ ვართ?!“, – ამბობს სპეციალისტი.
ქეთი ქურდოვანიძემ სატელევიზიო გადაცემის პირდაპირ ეთერში იმ კონკრეტულ მაგალითებზეც ისაუბრა, რომლებიც სკოლაში ქართულის სწავლების პრობლემებს ასახავს და სხვადასხვა კონტექსტის არაერთი ნაწარმოები თუ ავტორი დაასახელა.
„რა არის ლიტერატურის, ისტორიისა და კულტურის დანიშნულება, ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა და ისინი ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენენ. ლიტერატურის მთავარი დანიშნულება არის, რომ ვისწავლოთ წერა, კითხვა, ტექსტიდან აზრის გამოტანა, კრიტიკული აზროვნება, გემოვნება და ემპათია -ეს უმნიშვნელოვანესია.
„და რას ასწავლიან ახლა ჩვენს სკოლაში? მინდა დააკვირდეთ: გურამიშვილი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პოეტი ქართულ პოეზიაში, ბაროკოს ფუძემდებელი, ჩვენ გურამიშვილიდან ვასწავლით – „ნუ გენაღვლების ყმაწვილის წკეპლით ცემა და კივილიო“. ამას ასწავლი სკოლაში და არ ასწავლი იმას, რითაც ეს ადამიანი არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, შეგიძლია ესეც ასწავლო, მაგრამ უნდა აუხსნა რა არის კონტექსტი, უნდა უთხრა რომ ეს კარგი არ არის, რომ ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ.
კიდევ რას ვასწავლით? სულხან საბასთან როგორ ექცევიან საცოდავ, საჭურის რუქას, რა სიტყვებს ეუბნება მას ლეონი, ჯუმბერის აღმზრდელი. როგორი დისკრიმინაციაა… საშინელი აბუჩად აგდება იმ უმცირესობისა, რომელიც ამ ტექსტში არის მოცემული. ბავშვი ამას სწავლობს და მას სკოლაში მასწავლებელი ეუბნება, რომ ეს სედრაქი კარგია, რუქა ცუდია… მოსწავლე სწავლობს, რომ ასეთი ტიპის ადამიანი შეიძლება ცუდი იყოს და მერე იმიტომ გამოდის ყველაფერი უმცირესობის წინააღმდეგ. კიდევ რას ვასწავლით ჩვენ – რომ ხევისბერი გოჩა არის სიმბოლო ქართველობის, დეენემი ვისაც არ აქვს შეცვლილი (ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კონტექსტს პასუხობს ავტ.), ფუნდამენტური ქართველია… პარადიგმა და სიმბოლო იმ ეპოქის, კონტექსტის. აი, ასეთ რამეებს ვასწავლით“, – აცხადებს ლიტერატურათმცოდნე.
მისი ინფორმაციით, ხშირად, 70-იანი წლების „გარჩევის წიგნებში“ ამოკითხული აზრები მიეწოდებათ მოსწავლეებს მასწავლებლებისგან. რომ მაგალითად, „კაცია ადამიანის?!“ სწავლებისას, მასწავლებლების ახსნით, „ლუარსაბი არის ზარმაცი, ღორმუცელა და სინამდვილეში ლუარსაბის ტრაგედია არის უმნიშვნელოვანესი და ფართომასშტაბური ტრაგედია…“.
ქეთი ქურდოვანიძე მიუთითებს, რომ არის არაერთი მოთხრობა თუ ნაწარმოები, რომელიც არ შეიძლებოდა საგამოცდო პროგრამიდან ამოეღოთ, ცუდია რომ არ არის შეტანილი:
„მაგალითად, როგორ შეიძლება სასწავლო პროგრამაში არ შედიოდეს დავით კლდიაშვილის “მიქელა”, ეს სასწაული მოთხრობა, რომელიც შეიძლება უმრავლესობას არ აქვს წაკითხული. როდესაც შენ დაწესებული გაქვს, რომ მისაღებ გამოცდებზე ბარდება რაღაც გარკვეული პროგრამა და ის იმდენად გაბერილია… არ ვიცი, ვინ შეადგინა, ვისი გემოვნებით ან რა პრინციპით არის შედგენილი ეს პროგრამა, მართლა გაკვირვებული ვარ. „ლამბალო და ყაშა“ რომ იყო პროგრამაში, რატომ აღარ არის? პროგრამაში რაც არის იმას არ კითხულობს ბავშვი და რაც არ არის, იმას ხომ საერთოდ აღარ წაიკითხავს. ბოლო კვლევები ამბობს, რომ ბავშვების 20%-ია მოწადინებული რაღაცის წასაკითხად, დანარჩენისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ლიტერატურათმცოდნე.
სპეციალისტი ფიქრობს, რომ საგამოცდო პროგრამაში წინსვლა საერთოდ არ გვაქვს და განათლების სამინისტროსა და გამოცდების ცენტრს მიმართავს:
„მე მოვუწოდებ განათლების სამინისტროს, მოვუწოდებ გამოცდების ეროვნულ ცენტრს – მიაქციეთ ყურადღება, რა სტაგნაციის მდგომარეობა განსაკუთრებით გართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში. ჩაიხედეთ პროგრამაში და შეადარეთ, რამდენი ნაბიჯით წახვედით წინ? – არც ერთით! 1977 წლის ნაწარმოებია ბოლო უახლესი ქართული ლიტერატურა. სირცხვილია ეს!“.
ასევე იხილეთ:
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება