ქართულის სპეციალისტი საგამოცდო პროგრამაში ცვლილებებზე: „სანამ წიოკს დავიწყებდეთ, რამდენიმე „მარტივი ჭეშმარიტება“ გავიმეოროთ“
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი ნინო ლომიძე ეხმიანება 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართულის პროგრამაში შესულ ცვლილებებს და დეტალურად ხსნის, თუ რა არ უნდა დაგვავიწყდეს, ვიდრე პროგრამის შინაარსზე ხმაურს ავტეხავთ:
EDU.ARIS.GE პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:
2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
შედარებისთვის:
2024 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
დიდი აჟიოტაჟი დაიწყება ახლა.
უკვე დაიწყო – ეროვნული გამოცდების ცენტრმა ქართულის პროგრამა დადო.
სანამ წიოკს დავიწყებდეთ, რამდენიმე „მარტივი ჭეშმარიტება“ გავიმეოროთ:
1. ეროვნული გამოცდების ცენტრი საგამოცდო პროგრამას აქვეყნებს და არა ესგ-ს, სტანდარტს ან სავალდებულო საპროგრამო ტექსტებს, ე.წ. ბირთვ პროგრამას. ლიტერატურულ კანონზე მუშაობს სამინისტრო და პრეტენზიებიც – მასთან.
2. ცვლილებების გარეშე დატოვებული პროგრამა (ნებისმიერი – საგამოცდო, სავალდებულო, ბირთვი.. არ აქვს მნიშვნელობა) დაემსგავსება კონსერვს და დროთა განმავლობაში დაგვწამლავს კონსერვირება, სტაგნაცია, ერთ ადგილზე დიდხანს დგომა და უძრაობა არაა კარგი. ცვლილებები საჭიროა. რაღაც უნდა ამოვიღოთ, რაღაც ჩავამატოთ. ეს ამბავი, რაც ახლა აგორდება, სამინისტროს კურიკულუმის კაბინეტს დაარწმუნებს იმაში, რომ ცვლილებები სახიფათოა, იწვევს „საზოგადოებრივი აზრის აგორებას“ და ჯობია დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც ჩემი საყვარელი ბებიის დროს იყო. მეგობრებო, არ შეიძლება თანამედროვე სასკოლო კურსი არ იცვლებოდეს ათწლეულების განმავლობაში. ცვლილება კი ცვლილებაა. განმარტებას იხილავთ ლექსიკონში.
3. კარგი მასწავლებელი პაოლოსაც ასწავლის და რასაც საჭიროდ მიიჩნევს, იმასაც ზედ დააყოლებს კიდევ.
4. თუ რამე უნდა მოვითხოვოთ და თუ რამეზეა საწიოკო, უფრო კი – გულდასმით სამუშაო, განათლების ეროვნული მიზნებია (ლოზუნგად რომაა ახლა ქცეული), ქართულის ეროვნული სასწავლო გეგმა და სტანდარტი და პროგრამა.
5. ხოლო ამაზე მეტად მნიშვნელოვანი კი იმაზე ფიქრია, რა ეშველოს სასკოლო კურსს სისტემურად, საფუძვლიანად. რატომაა მასწავლებელი გამობმული სტანდარტის და პროგრამის მოკლე საბელზე, რატომ აქვს შეზღუდული თავისუფლება, რამდენი საათი ეთმობა ვეებერთელა პროგრამას (საათობრივი ბადე და პროგრამა, გაგიკვირდებათ და ვერ თანხვდება ერთმანეთს).
გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროგრამიდან ტექსტის ამოღებით ან ჩამატებით
არ წყვეტს ქართულის სასკოლო კურსის მსვლელობას და ჩემი აზრით, ის საერთოდ არ უნდა თანხვდებოდეს სასკოლო პროგრამას. ეს ჩვენში შორეული მომავლის ამბავი უფროა – გამოცდაზე შემოწმდეს უნარი, კომპეტენცია, გამართულად და მწყობრად გადმოცემის უნარი და ა.შ. და არა “ტექსტის ცოდნა”.
მოკლედ -ახლა რომ ჭიქაში ქარიშხალი ატყდება, ის ქარიშხალი ისევ არაა რაიმე ცვლილებების
მომტანი (არც კარგის, არც ცუდის).
პრეტენზიები – ცენტრალიზებული გადაწყვეტილებების მიმღებთანაა გადასამისამართებელი. კერძოდ – იმ კაბინეტთან, რომელიც საკლასო ოთახებში შეუხედავად, ყოველგვარი კვლევისა და არსებული მოცემულობის შესწავლის გარეშე, როგორც თავად წარმოუდგენიათ სწორად – ისე, ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს.
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტრო ქართულის საგამოცდო პროგრამაში ცვლილებებზე განმარტებით განცხადებას ავრცელებს
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება