GE

ქეთევან ნატრიაშვილი ევროსაბჭოს განათლების კომიტეტის ბიუროს წევრად აირჩიეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის საკითხებში სახელმძღვანელო კომიტეტის ბიუროს წევრად აირჩიეს.

ბიუროს არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობა ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია, ბიუროში 8 წევრი ირჩევა – წარმომადგენლები ოთხი წევრი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციიდან, ორი არასამთავრობო და ორი აკადემიური ორგანიზაციებიდან.
ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს კომიტეტის სხდომაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები დააყენა, როგორიცაა სამოქალაქო და დემოკრატიული განათლება, განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა – განათლების ხელმისაწვდომობა, მასწავლებელთა მონაწილეობა ევროპის საბჭოს “პესტალოცის” პროგრამაში, უმაღლესი განათლების ხარისხის სისტემები, სწავლების ენები და ენობრივი პოლიტიკა.

ევროპის საბჭოს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სახელმძღვანელო კომიტეტისა და ბიუროს საქმიანობა ზოგადი და უმაღლესი განათლების მრავალ მიმართულებას მოიცავს. კომიტეტის ბიურო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებით, თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებისა და პროგრამების შემუშავების პროცესში.

ბიუროში მუშაობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ საუკეთესო გამოცდილებასთან დაახლოების პროცესში და ხელს შეუწყობს საქართველოს აქტიურ ჩართვას მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური