GE

„ქიმიის გამოცდაზე იმ ცხრილების გამოყენება არ დაგავიწყდეთ, რომელიც წინ გედებათ“ – რეკომენდაციები აბიტურიენტებს სპეციალისტისგან

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები ქიმიას, 15 ივლისს, მეორე სესიაზე ჩააბარებენ. ამ საგნის გამოცდაზე 2 600-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ქიმიის ტესტი სულ 37 დავალებისგან შედგება. 25 საკითხი ერთქულიანია, ყველაზე მაღალქულიანი დავალება კი 29-ე საკითხია.

ქიმიის გამოცდის წარმატებით ჩაბარება პირდაპირპროპორციულია ამ საგანში მიღებული ცოდნისა, რადგან, როგორც ქიმიის პედაგოგი და რეპეტიტორი, დიანა ტატუნაშვილი EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, თუ აბიტურიენტმა არ იცის ფორმულები და არ მეცადინეობდა, გამოცდის ჩააბარება მისთვის მარტივი არ იქნება.

დიანა ტატუნაშვილი ქიმიის საგანში გამოსაცდელებს EDU.ARIS.GE-ს საშუალებით დეტალურად უხსნის ტესტის შინაარსს და გარკვეულ რეკომენდაციებსაც აძლევს.

„კითხვების უმრავლესობა შედგენილია იმის მიხედვით, თუ როგორ შეძლებს აბიტურიენტი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ანუ როგორ მოახდენს ცოდნის ტრანფერს. უმაღლესი შეფასება გასულ წელს 63 ქულაზე დაიყვანეს, 30 წუთით შემცირდა დროის ხანგრძლივობაც. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს დროის რაციონალურად გამოყენებას. ყოველთვის ვახსენებ ჩემს აბიტურიენტებს, რომ გამოცდის გამო ღელვის ფონზე, ყურადღების მიღმა არ დარჩეთ ყველაზე მთავარი, რაც სულ უნდა იმეორონ: ვალენტობა, პერიოდულობის ცხრილი, მარილები, მჟავების, ფუძეების ხსნადობის ცხრილი და მეტალთა აქტიურობის მწკრივი, თუმცა, წინა დღით გონების დასვენება და ნაკლები შფოთვა კარგი იქნება, რადგან განცდის მომენტი აბიტურიენტებს ხელს უშლის აზროვნებაში და ლოგიკური დასკვნების გამოტანაში“, – ამბობს ქიმიის პედაგოგი.

დახურული კითხვები

პირველი 25 კითხვა ერთქულიანია, პასუხები არჩევითია ანუ დახურული კითხვებია. საკითხები თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული ზოგადი, არაორგანული და ორგანული ქიმიიდან. დახურული კითხვებიდან ზოგიერთში მხოლოდ 1 სწორი პასუხია ასარჩევი, ზოგში კი – 2 ან რამდენიმე. ითხოვენ ფიზიკური და ქიმიური მოვლენების ერთმანეთისაგან გარჩევას. რაც ხშირად ტერმინოლოგიის სათანადო გამოყენებასთან არის დაკავშირებული. 25-ვე საკითხში მოცემულია მარტივი გამოსათვლელი 1 ქულიანი ამოცანები, რომელიც ძირითად ატომთა, იონთა ან ნივთიერების მოლების რიცხვის დადგენაზეა. აბიტურიენტებს ასევე მოეთხოვებათ ხსნარში გახსნილი ნივთიერების ან ნაერთში ელემენტის მასიური წილის დადგენა.

თემა – ატომი

თემა ატომი რამდენიმე საკითხს მოიცავს – ელექტრონების განაწილების სქემით ელემენტის დადგენა, ატომის იონისაგან გამორჩევა, მეტალური და არამეტალური თვისებების განსაზღვრა პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით უმაღლესი ვალენტობის დადგენა.

აბიტურიენტებს ეძლევათ დაუსრულებელი რეაქციები. ამ დროს უნდა გაითვალისწინონ რეაქციის მიმდინარეობის პირობები. ზოგიერთი ნალექის წარმოქმნით მიდის, ზოგიც – აირის გამოყოფით და ზოგი პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ამ საკითხის მარტივად გადაჭრა შესაძლებელია ხსნადობის ცხრილის გამოყენებით, რასაც ხშირად არ ითვალისწინებენ. ხსნადობის ცხრილის გამოყენება მარტივია, უბრალოდ, ვერ ხვდებიან როდის გამოიყენონ, ხან ეზარებათ ჩახედვა, არადა, რეაქციის დასაწერად და მიმდინარეობის ნიშნების ამოსაცნობად სჭირდებათ. ეს ცხრილი გამოცდაზე დახვდებათ პერიოდულობის სისტემასთან და მეტალთა აქტიურობის მწკრივთან ერთად. ერთ ფურცელზეა მოთავსებული და სამუშაო რვეულს ერთვის. ხსნადობის ცხრილის გამოყენება შესაძლებელია ელექტროლიტური დისოციაციის, თვისებითი რეაქციების, აღმომჩენი იონების დადგენა-იდენტიფიკაციის, წყალხსნარებში ელექტროდენის გატარების დასადგენადაც, მაგრამ ცხრილები რომ უნდა გამოიყენონ ამ საკითხების გადაჭრისას, ეგ არ უნდა გამორჩეთ მხედველობიდან. ცხრილი წინ უდევთ, მაგრამ მისი სარგებლობა და გამოყენება ავიწყდებათ, არ იხედებიან.

ორგანული ქიმიის საკითხები მოიცავს ნახშირწყალბადების, ჟანგბადშემცველი და აზოტშემცველი ნაერთების კლასიფიკაცია-ნომენკლატურის ცოდნას. აბიტურიენტებმა კი უნდა შეძლონ მათი აღმომჩენი რეაქციების შედგენა, ფუნქციური ჯგუფების მიხედვით დახარისხება და ამ საკითხებში ფაქტობრივი ცოდნის გარეშე ვერაფერს გახდებიან.

2, 3 და 4 ქულიანი ამოცანები

ანალოგიური საკითხებია მოცემული 2, 3 და 4 ქულიან ტესტებში, მაგრამ, ამ შემთხევაში, აბიტურიენტებს მოუწევთ, თვითონ ჩაწერონ რეაქციის ტოლობები, გაათანაბრონ და დაასახელონ ისინი. ჩამოთვლილ კითხვებში, შესაბამისი პასუხების არჩევისას, პასუხების ბადეში გადატანილი შედეგები ქმნიან ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მწკრივებს. აბიტურიენტების საყურადღებოდ ვიტყვი: თუ ვერტიკალურ მწკრივში 2 ან რამოდენიმე პასუხია ჩასაწერი და აქედან ერთ-ერთი შეცდომით იქნება, მწრივში ყველა სწორი პასუხი განულდება. ამ დროს, შესაბამისობების პასუხები მეტი ყურადღებით გადაიტანონ, რადგან გადატანისას ხშირად უშვებენ შეცდომებს.

ყველაზე მაღალქულიანი დავალება

მოცემულია ცხრილი, სადაც უნდა შეავსონ ცარიელი უჯრები. ეს ცხრილი ყველაზე მაღალქულიანია – 5 ქულა იწერება. აბიტურიენტებს აქ სჭირდებათ ნაერთთა კლასების ცოდნა, დასახელება, სახელიდან ფორმულის შედგენა, მარილების დასახელება და ამ მარილების ფორმულიდან, პირიქით, სახელის შედგენა და შესაბამისი მჟავა და ფუძე ოქსიდების შედგენა. ანუ აქ აუცილებელია ფორმულის შედგენა ვალენტობის მიხედვით და პირიქით, მარილთა ფორმულებიდან მეტალის და მჟავური ნაშთის ვალენტობის გასაზღვრა, რათა შესაბამისი ფუძე ოქსიდის ფორმულა დაწერონ. აუცილებელია, ამავე დროს იმ მჟავა ოქსიდების ფორმულების ცოდნა რომელიც წყალში გახსნისას შესაბამისს მჟავებს გვაძლევენ.

გაანგარიშებითი ამოცანები

რაც შეეხება 2 გაანგარიშებით ამოცანას, ერთი, უმეტეს შემთხვევაში, ფორმულის დადგენას შეეხება, ხოლო მეორე შედარებით მეტი სირთულისაა და შესაბამისად, – მეტქულიანიც და გამოსათვლელ ელემენტებს შეიცავს. გაანგარიშებითი ამოცანები კომბინირებულია. სხვადასხვა ტიპის რამდენიმე ამოცანის პირობაა მოცემული, სადაც დასჭირდებათ მოლებით გაანგარიშება, თანაფარდობა, ხსნარიდან სუფთა ნივთიერების მასის დადგენა. ხან გამოსავლენია ჭარბად აღებული ნივთიერება, რომელიც მიღებულ ნივთიერებებში უნდა გავითვალისწინონ ხსნარის კონცენტრაციის დასადგენად. ამ ამოცანების ამოხსნისთვის საჭიროა შესაბამისი ფორმულების გამოყენება. არის ამოცანები, რომელშიც უცნობი ნივთიერების ფორმულაა დასადგენი. მოცემულობით შეიძლება პასუხი ზეპირადაც დაწერო, მაგრამ გამოთვლა და პასუხამდე მისვლა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ პასუხი, გამოთვლის გარეშე, არ მიიღება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური