ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონია. სტუდენტებს მიესალმნენ KIU-ს საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი, უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე. ღონისძიებას დაესწრნენ და პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. პირველ წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი 246-მა ახალგაზრდამ გადალახა.
KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში.
რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარულია KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. ამ პროგრამაზე ჩაირიცხა წელს ყველაზე მეტი სტუდენტი. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტი და ბოლოს მათემატიკა. მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგონაა, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.
უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.
სტუდენტთა რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდები. მათ შორის, მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ს რექტორია პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.
უნივერსიტეტი თანამშრომლობს სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან (IBA) საქართველოში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად. აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელი იქნება კიბოს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე იგეგმება კვლევების განხორციელება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე ექსპერიმენტული ბაზის შექმნა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიოქიმიისა და ბიოფიზიკის მიმართულებებისათვის.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ხოლო ფონდი ქართუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ერთ მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.
- მომავლის პროფესიებში სპეციალისტების მომზადება: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ტრენინგპროგრამებზე მიღება დაიწყო by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)” – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპაში წარმატებულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას იწყებს by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს ნაკრებმა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა by ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი