რა ცვლილებებს გეგმავს განათლების მინისტრი სკოლის სისტემაში და საგაკვეთილო პროცესში
„მთავარი გამოწვევა განათლების სისტემის სკოლაშიც, უმაღლესშიც, სკოლამდელშიც და პროფესიულშიც არის, რომ დაეწიოს დროის მოთხოვნებს, აი ამას ვართ ჩვენ ჩამორჩენილი“,– ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „GDS“-ის ეთერში განაცხადა.
მინისტრმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, განათლების დღევანდელ სისტემაში მან უნდა შეცვალოს.
„სკოლის შემთხვევაში ჩვენ „მოვახერხეთ“ რომ ბავშვები დატვირთულბი გვყავს ძალიან. როგორც პირდაპირი გაგებით, ვგულისხმობ მძიმე სასკოლო ჩანთას, ისე დროის გაგებით. ბავშვები შეიძლება ათ საათამდე მეცადინეობდეს. და ამოცანა გვეკითხება – ბავშვი როდისღა უნდა იყოს, როდის უნდა იცელქოს, როდის უნდა ითამაშოს. მსოფლიო ტენდენციები იქეთ მიდის, რომ სწავლის შუა ეტაპზე უმაღლესამდე სკოლა იყოს უფრო მეტად სახალისო. ბავშვებს მასობრივად არ უყვართ სკოლა, დღეს რომ ბავშვებში რეფერენდუმი ჩავატაროთ, შეიძლება, დახურონ. გართობის ნაწილი და სახალისო ნაწილი დღევანდელ სკოლაში არ არის საკმარისი. თუნდაც იგივე ტექნოლოგიები, გუნდური, საპროექტო მუშაობა და ა.შ. იმ სკოლებში, სადაც ასეთი მიდგომები არის, ან გამოერევა მასწავლებელი და ბავშვებს წაახალისებს, მოსწავლეებს იქ მიუხარიათ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ სისტემურად, რომ ასეთი იყოს პროცესი,“– ამბობს განათლების მინისტრი,
ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ქართული სკოლის პრობლემა მხოლოდ მასწავლებლებში არ არის.
„პედაგოგებშიც არის პრობლემა, თუმცა მე ვფიქრობ, პრობლემა უფრო შუა საუკუნეების ფორმატშია. ინტერნეტში შუა საუკუნეების სკოლა „schooling“ რომ ნახოთ, გეგონებათ, რომ დღევანდელია, იმიტომ რომ ეს სახაზავიანი მკაცრი მასწავლებელი, მოსწავლეები მერხებთან და ა.შ. თანამედროვე გარემო ესეთი არ არის. ბევრ ქვეყანაში რომ შეხვიდეთ საკლასო ოთახში კლუბს გავს, თავისუფალი ატმოსფეროა. რა თქმა უნდა, მთელ სკოლას ამაზე ვერ გადავიყვანთ, მაგრამ ესეც უნდა იყოს და ისიც. მოწინავე კერძო სკოლებში და საჯარო სკოლებში ბავშვი თანაბრად არის დატვირთული, როგორც სასკოლო, საშინაო დავალებით, ასევე კლუბური და ჯგუფური მუშაობით. დავალებებს იღებენ, მუშაობენ და ჩვენი მასწავლებლები ამას გადასარევად ართმევენ თავს. მე მგონია, რომ ჩვენ უნდა მივცეთ ვექტორი სწორი მიმართულებით განვითარების და ჩვენი არსებული მასწავლებლები, მე მჯერა მათი, ძალიან მაგრები გვყავს და აუცილებლად გაართმევენ თავს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რაც შეეხება მასწავლებლების გადამზადების პროცესს, მინისტრის თქმით, ის არამხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ უნდა გაძლიერდეს.
„ეხლა შეზღუდული ვართ იმით. რომ მარტო მასწავლებლის სახლში გვაქვს თავმოყრილი ეს მასწავლებლების გადამზადების საკითხი. თუმცა, წარმოიდგინეთ 66 000 მასწავლებელია რომელთაც ვამზადებთ ათასი მიმართულებით და ერთ ორგანიზაციას ამის გაკეთება არ შეუძლია. ერთი, რასაც ვაპირებთ არის, რომ გაჩნდეს მეტი სერტიფიცირებული სასწავლო ცენტრი და ყველა რეგიონში მასწავლებელს რომ დასჭირდება ტრენინგი, გრძელ რიგში არ იდგეს. მეორე, არის ონლაინრესურსები. ჩვენ დროში ონლაინრესურსების არგამოყენება არ შეიძლება, იმიტომ რომ თვითსწავლა, თავის საკუთარ ტემპში მასწავლებლებს შეუძლიათ და ჩვენ შეგვიძლია, რომ საუკეთესო მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ონლაინმეთოდით, ჩაწერილი ან ცოცხალი ონლაინით,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდა მხოლოდ ანაზღაურების გაზრდით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, თუმცა საბაზო ანაზღაურებაც და გამომუშავებით ანაზღაურებაც აუცილებლად გადაიხედება.
„ჩვენ შევძლებთ, რომ ძველი კარგი ხალხიც შევინარჩუნოთ და ახალგაზრდებიც შევუშვათ ამ პროფესიაში“,– ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება