GE

რა ჯდება და ღირს თუ არა კერძო სკოლაში სწავლა?

“რომელ სკოლაში მივიყვანო შვილი, კერძო თუ საჯაროში?” -კითხვა, რომელიც ალბათ ყველა მშობელს აწუხებს. ნაწილი ამ საკითხს მარტივად წყვეტს. ნაწილს ფინანსური შესაძლებლობები არჩევანის უფლებას უკარგავს, ნაწილი კი შვილის საჯარო სკოლაში შეყვანას, კერძო სკოლაში სწავლას ამჯობინებს. კარგი სკოლის არჩევა არც ამ შემთხვევაშია იოლი. რამდენად ამართლებს გავრცელებული ფრაზა – “რაც მეტს გადაიხდი, მით უკეთეს პროდუქტს შეიძენ”, სკოლის არჩევის დროს, განსჯის საგანია. საქართველოში სულ 2 000-ზე მეტი სკოლაა და მათგან 245 კერძოა. სწავლის საფასური კი წლიურად 17 ათას ლარსაც კი აღწევს. რთულია, მშობელმა გამიჯნოს, სად გადის ზღვარი რეალურად მაღალი ხარისხის განათლებასა და სწავლის მაღალ საფასურს შორის.

Aris.geგანათლება შეეცადა გაერკვია, თუ რას აძლევს ბავშვს კერძო სკოლაში სწავლა. განსხვავდება თუ არა სწავლების ხარისხითა და დონით საჯარო სკოლისგან თუ მხოლოდ თანხის ფუჭად ხარჯვასთვან გვაქვს საქმე.

მშობელთა ნაწილი აცხადებს, რომ სკოლებში საფასურის შესაბამისი სწავლება არ არის, თუმცა საჯარო სკოლას ნამდვილად სჯობს. ნაწილი პრიორიტეტად კერძო სკოლის მიერ ბავშვის ტრანსპორტით უზრუნველყოფას ასახელებს, რაც მათთვისაც და ბავშვისთვისაც დიდი კომფორტია. ნაწილს კი მიაჩნია, რომ მოსაზრება – “თუ ბავშვს სურს სწავლა ყველგან ისწავლის”, მხოლოდ მშობლების თავის სამართლებელი ფრაზაა და ბავშვს სწორედაც რომ მშობელმა და მასწავლებელმა უნდა მიუთითონ სწავლისკენ და ამას კერძო სკოლაში საჯარო სკოლაზე უკეთ აკეთებენ.

ის, რაც მშობელთა უმრავლესობას არ მოსწონს: „კლასში სასურველზე მეტი მოსწავლე ირიცხება და ბავშვების უფასო წიგნებით უზურველყოფაც არ ხდება.

თეკლე ფეიქრიშვილს დემირელის სახელობის კერძო სკოლა “სხივში” და ამავე სკოლის კოლეჯში ორი შვილი დაყავს. თუ ფინანსურმა შესაძლებლობებმა ხელი შეუწყო, მესამე შვილის შეყვანასაც ამავე სკოლაში აპირებს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, მიუხედავად რიგი უარყოფითი მხარეებისა, სკოლაში ძალიან თბილი და ოჯახური გარემოა. სწავლის ხარისხიც საჯარო სკოლაზე უკეთესია და ბავშვების ტრანსპორტირებაც მისთვის დამატებითი კომფორტია.

საჯარო სკოლებში სწავლების ძალიან დაბალი დონეა, თან გარეუბანშიც ვცხოვრობ და აქ ნორმალური სკოლის არჩევის შესაძლებლობა ნაკლებადაა, ამიტომ გადავწყვიტე შვილები კერძო სკოლაში შემეყვანა. არის რაღაცები, რაც არ მომწონს, მაგალითად ის, რომ უფროსმა შვილმა მე-7 კლასიდან სკოლის შენობაც და მასწავლებლებიც გამოიცვალა, რაც ფაქტობრივად სხვა სკოლაში გადაყვანის ტოლფასი იყო. ამ ფაქტორმა სწავლების მიმდინარეობა მეტნაკლებად შეაფერხა. გარდა ამისა, არ მომწონს ის, რომ კლასში მინიმუმ 20 ბავშვი ირიცხება. ამას ემატება ისიც, რომ სკოლას არ აქვს ბიბლიოთეკა და წელიწადში თითოეულ ბავშვზე მინიმუმ 300 ლარის წიგნებში გადახდა მიწევს. ძალიან მიჭირს სწავლის საფასურის გადახდასთან ერთად წიგნებშიც დამატებითი სახსრების გაღება, თუმცა მაინც მირჩევნია გავიჭირვო და შვილებს ნორმალური განათლება მივცე, რასაც საჯარო სკოლაში ნამდვილად ვერ მიიღებენ. როცა თანხას იხდი, მის შესაბამის განათლებასაც ითხოვ, ხომ მართალია?!

ვერ ვიტყვი რომ უკმაყოფილო ვარ, რადგან საჯარო სკოლაში რომ მიმეყვანა განათლების ბევრად უფრო დაბალი დონე იქნებოდა, მაგრამ უფრო მეტს ვითხოვ. სწავლაში თითოეულზე 1000 დოლარს ვიხდი, მართალია, ამაში ერთჯერადი კვებაც შედის, თუმცა არ შედის ტრანსპორტირების თანხა და ამაში დამატებით ორივეზე ერთად 510 ლარის გადახდა მიწევს. სკოლას გახანგრძლივებულიც აქვს და სხვადასხვა წრეებიც, თუმცა ფასიანია და ამიტომ მე ნაკლებად ვსარგებლობ. “ბავშვს თუ სწავლა უნდა ყველგან ისწავლის” – ამ ფრაზით მშობლები თავს იმართლებენ. თუ არავინ არ ასწავლა, როგორ ისწავლის? დაჯდება და თვითონ მოძებნის? ესეთები ხომ ერთეულები არიან. ამიტომ ყველა მშობელს ვურჩევ კარგად გაიგონ სად მიჰყავთ და ვინ უნდა ასწავლოს მათ შვილებს, არ შერცხვეთ  და სკოლაში ათჯერ და ასჯერ მივიდნენ”, –  ამბობს Aris.geგანათლებასთან თეკლე ფეიქრიშვილი.

კერძო სკოლალომისისმოსწავლის მშობელს სალომე შარვაძესაც არ მოსწოს, რომ კლასში ბავშვების სასურველზე მეტი რაოდენობა ირიცხება და მასაც თავად უწევს სახელმძღვანელოების შეძენა, თუმცა მიაჩნია, რომ კერძო სკოლაში მოსწავლე ბევრად უფრო დაცულია. შენობის სიმცირიდან და მეტი კონტროლიდან გამომდინარე კი ნაკლები შანსია, რომ მისი შვილი უფროსკლასელებთან გაუგებრობაში მოხვდეს.

მაგდა სეფაშვილს შვილი ესპანურ-ინგლისურ სკოლა “აია ჯესიში დაჰყავს და წელიწადში 2500 ლარის გადახდა უწევს. სწავლის საფასურში დღის განმავლობაში ერთჯერადი კვება და ხატვის, ჭადრაკისა და მუსიკის უფასო წრეები შედის. ტრანსპორტირებისთვისაც დამატებით თვეში 30 ლარის გადახდა უწევს. მისი უკმაყოფილების მიზეზი კი პედაგოგთა ხშირ ცვლილებაშია. ამბობს, რომ მის მე-3 კლასელ შვილს დამრიგებელი უკვე სამჯერ გამოეცვალა, რაც ბუნებრივია, ბავშვზე მოქმედებს. მიაჩნია, რომ სკოლამ მუდმივი და კვალიფიციური კადრების ყოლაზე უნდა იზრუნოს.

ჩემს სახლთან ახლოს უკეთესი სკოლა არ არის. შორ მანძილზე ბავშვის ტარება ძალიან დამღლელია მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც. სხვა საჯარო სკოლებთან შედარებით მაინც მაღალი დონეა, უბრალოდ უფრო მეტის მიცემაც და მოთხოვნაც შეიძლება. მე, როგორც მშობელს, მაინც მეტი მინდა. რა თანხასაც ვიხდი, იმასთან შედარებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ. კარგად ასწავლიან, მაგრამ თუ ბავშვი არაა მონდომებული ვერაფერს გახდებიან. თვითონ ჩემი შვილია ძალიან ზარმაცი, თუ არ დააძალე არაფერს გააკეთებს. იქ კი საკმარისად არ სთხოვენ. კლასში 17-18 მოსწავლე ზის, საკმაოდ ნორმალური რაოდენობაა. ძალიან მომწონს ის რომ კვებასაც აკონტროლებენ. ბავშვები შოკოლადებსა და კანფეტებს ვერ იყიდიან. ასევე, კლასებში კამერებია დამონტაჟებული და მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც კონტროლდებიან. საერთო ჯამში ძალიან მომწონს ეს სკოლა, საჯარო სკოლას ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს და მეორე შვილის მიყვანასაც სწორედ ამ სკოლაში ვგეგმავ“.

კერძო სკოლების ავკარგიანობაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება განათლების სპეციალისტ გია მურღულიას ვთხოვეთ, რომელიც წლების განმავლობაში საჯარო სკოლას ხელმძღვანელობდა, დღეს კი კერძო სკოლის დირექტორია.

“სწავლების ხარისხის დონის თვალსაზრისით კერძო სკოლას თვალსაჩინო უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ კერძო სკოლის მესვეურებს შეუძლიათ შეარჩიონ მასწავლებლები, დააინტერესონ ისინი და მოტივაცია შეუქმნან, რათა მუდმივად ვითარდებოდნენ და შეეძლოთ ბავშვს მაღალი ხარისხის განათლება მისცენ. გარდა ამისა, კერძო სკოლა უფრო მარტივად სამართავი ორგანიზაციაა, რადგან საჯარო სკოლები ხშირად 1000-ზე მეტ ბავშვს აერთიანებენ, კერძო სკოლები კი, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, შედარებით მცირერიცხოვანია. მე არ ვამბობ რომ საჯარო სკოლაში არ შეიძლება კარგი ხარისხის განათლების მიღება, აქაც არიან შესანიშნავი პედაგოგები, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით განათლების ხარისხის ამაღლება კერძო სკოლებს უფრო ხელეწიფებათ”, – განუცხადა Aris.ge – განათლებას კერძო სკოლა “ლოგოსის” დირექტორმა გია მუღულიამ.

“ლოგოსში” სწავლა წელიდაში 7-დან – 9 ათას ლარამდე ღირს, რაშიც ჯამურად აკადემიური, სპორტული და შემეცნებითი სერვისებიც შედის. სკოლაში ბავშვები მხოლოდ მე-8 კლასიდან ზემოთ მიიღებიან. ამ დროისთვის კი აქ 70-მდე ბავშვი სწავლობს.

განათლების საკითხებში ექსპერტ ზურაბ ვახანიასთვის კერძო სკოლებისა და საჯარო სკოლების შედარება ძალიან რთულია. რადგან, მისი თქმით, კერძო სკოლების ნაწილი საჯარო სკოლებზე უკეთესია, ნაწილი არაფრით სჯობს კერძო სკოლას და ნაწილი საჯარო სკოლაზე უარესიც კია. თუმცა, ამბობს, რომ საშუალოდ კერძო სკოლის სწავლებისა და მასწავლებლების ხარისხი საჯარო სკოლისგან მნიშვნელოვნად არ გასხვავდება.

კერძო სკოლა საჯარო სკოლას ყველა შემთხვევაში სჯობს. იმიტომ, რომ პირობებია უკეთესი. კლასში ნაკლები ბავშვი ირიცხება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის იმ მასშტაბის უპირატესობა, რომელსაც ვერ გადაწონის მცირე განსხვავებები. თუმცა ძვირია და ეს უკვე მშობელმა უნდა გადაწყვიტოს. გარდა ამისა, მეტი ყურადღება აქვს ბავშვებს. უყურადღებობის გამო ცუდ დაჯგუფებებში რომ არ მოხვდნენ. კერძო სკოლებში გახანგრძლივებულის სისტემაც უფრო მოქნილი და მოსახერხებელია. დამრიგებლის ინსტიტუტი საჯარო სკოლასთან შედარებით, (სადაც თითქმის მომსპარია), უკეთესად მუშაობს”, – ამბობს ზურაბ ვახანია.

მშობლებიც და ექსპერტებიც თანხმდებიან რომ კერძო სკოლაში სწავლა საჯარო სკოლისას მხოლოდ იმიტომ სჯობს, რომ კერძო სკოლაში უკეთესი პირობები და გარემოა. თუმცა, სად უნდა მიიყვანოს მშობელმა შვილი გადაწყვეტილების მიღება მაინც რთულია. აქ მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, რადგან კერძო სკოლისკენ მიმავალი გზა კარგ ფინანსურ შესაძლებლობებზეც გადის.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური