GE

რა გადაწყვეტილება მიიღო პირველი ექსპერიმენტულის დირექციამ? – პასუხი უკმაყოფილო მშობლებს

თბილისში, საირმის ქუჩაზე მდებარე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების უკმაყოფილების მიზეზი ნაწილობრივ მოგვარებულია. სკოლის დირექტორის გადაწყვეტლებით, მის მიერ სწავლის დაწყების დროსთან დაკავშირებით გაცემული განკარგულება უქმდება.

15 ნოემბრიდან, ყველა სხვა საჯარო სკოლის მსგავსად, პირველ ექსპერიმენტულშიც სწავლა დილის 09:00 საათზე დაიწყება. მშობლების უკმაყოფილება და პროტესტი კი იმით იყო გამოწვეული, რომ მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებიდან აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დირექტორმა გაკვეთილების დაწყების დროდ 08:30 საათი დააწესა.

Aris.ge-განათლება რამდენიმე მშობელს გაესაუბრა, რომლებიც ჩვენთან ინტერვიუს მხოლოდ ანონიმურობის დაცვის პირობის მიცემის შემდეგ დასთანხმდნენ.

მათი თქმით, თავდაპირველად, დირექტორის ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნა, რომ პირველი სექტემბრიდან საჯარო სამსახურებში მუშაობა 09:00 საათიდან იწყება და სწავლის დროც მშობლების სამსახურში დაგვიანების თავიდან ასაცილებლად გადმოიწია. მათი განცხადებით, ეს “შეღავათი” გაუგებარი იყო, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის სამუშაო დრო 09:30 საათიდან იწყებოდა, პირველი ექსპერიმენტულის დირექციის გადაწყვეტილება კი შეღავათის ნაცვლად, ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა.

“გვითხრეს, რომ რეალურად, ეს შეღავათი იყო, თუმცა აბსოლუტურად პირიქით აღმოჩნდა. არც კი უკითხავთ მშობლების აზრი ისე გადმოწიეს სწავლის დაწყების დრო. მე პირადად ვმუშაობ ერთ–ერთ სახელმწიფო უწყებაში, ბავშვის სკოლაში წასაყვანად კი სახლიდან 30 წუთით ადრე უნდა გამოვსულიყავი. სანამ თბილი ამინდებია და შემოდგომის პირველი თვეები არ დასრულებულა, კიდევ ასატანია, თუმცა როდესაც აცივდება და ზამთარი დადგება, წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავვარდებით. დილის 08:00 საათიდან უკვე ბავშვიანად უნდა გახვიდე სახლიდან და ასეთ დროს ზამთარში ფაქტობრივად ღამეა. ღამით რომ პატარა ბავშვს სახლიდან გაიყვან და სკოლაში დატოვებ, როგორ უნდა მოახდინოს მან გონების მობილიზება და რა შემართება უნდა ჰქონდეს მთელი სასწავლო დღის განმავლობაში?! მოკლედ, ძალიან ცუდ ვითარებაში ჩავვარდით სწავლის დაწყების დროის გადმოწევის გამო”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას პირველი ექსპერიმენტულის ერთ–ერთი მოსწავლის მშობელმა.

Aris.ge-განათლება საკითხის დეტალების გასარკვევად პირველი ექსპერიმენტულის დირექტორს ხათუნა ბარაბაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, სწავლის დაწყების დროის გადმოწევა სასკოლო გეგმის ნაწილია და ის სკოლის სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიურ კოლექტივთანაც შეთანხმდა.

ბარაბაძე სწავლის დაწყების დროის გადმოწევის ძირითად მიზეზად ორცვლიან სასწავლო პროცესს ასახელებს. დირექტორის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ორცვლიან რეჟიმში მუშაობა უკიდურესად გართულდებოდა.

ბარაბაძე ასევე განმარტავს, რომ სკოლის დირექციამ მოახლოებული ზამთრის სეზონი და მასთან დაკავშირებული პრობლემები თუ დაბრკოლებებიც მიიღო მხედველობაში და 15 ნოემბრიდან პირველ ექსპერიმენტულში სწავლა ჩვეულებრივ, 09:00 საათიდან დაიწყება.

“15 ნოემბრიდან ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სწავლა ისევ 09:00 საათიდან დაიწყება. სწავლის ადრე დაწყება სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია. ვინაიდან სკოლა აქამდე ერთცვლიანი იყო და ორცვლიან სწავლებაზე გადავიდა, მეორე ცვლაში სასწავლო პროცესი ძალიან რომ არ გახანგრძლივდეს, ნახევარი საათით სწავლის დროის გადმოწევა სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ჩავთვალეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მეორე ცვლის ბავშვებისთვის. ისიც მოგეხსენებათ, რომ მეხუთე და მეექვსე კლასები მეორე ცვლაში გადავიდნენ და ამიტომაც ვიწყებთ სწავლას 08:30–საათზე. ამის გამო, მეორე ცვლის ბავშვები უფრო ადრე ასრულებენ გაკვეთილებს. ყველა ერთ ცვლაში რომ იყოს, შენობა არ არის გამტარი. ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოც არ არის შექმნილი, შესაბამისად, ამ შენობაში ვერანაირად ვერ თავსდება ამდენი ბავშვი. ამდენად, ორცვლიან სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობა შეიქმნა – ეს იყო შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას ხათუნა ბარაბაძემ.

პირველი ექსპერიმენტულის დირექტორმა უკმაყოფილო მშობლების პრეტენზიებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ სკოლაში 2 600 მშობელია და ყველა გადაწყვეტილება ყველასათვის მისაღები ვერ იქნება. მისივე თქმით, საქმის ადრე დილიდან დაწყება ნამდვილად არ არის მანკიერი ქმედება.

“2600 მშობელია სკოლაში. მათი ნაწილი, ასევე, მასწავლებლები და მეთორმეტე კლასელები გადაწყვეტილებას კმაყოფილებით შეხვდნენ. თუმცა არიან მშობლები, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ, რადგან ბაღები იწყება 09:00 საათზე და ბავშვების დატოვება თურმე არ შეუძლიათ ცოტა ადრე ბაღში, რადგან თურმე 08:45 საათზე ბაღის თანაშრომელი სამსახურში ვერ მოდის. მე კარგად მახსოვს, რომ წლების განმავლობაში განათლების სისტემა 08:30 საათზე იწყებდა სწავლას და ამით არც ერთი ბავშვის ინტერესები ან უფლებები არ ირღვეოდა. გადაწყვეტილების ცვლილება ზამთრის სეზონმა განაპირობა, რაც შიდა სასკოლო საკითხია,”– აღნიშნა ბარაბაძემ და დასძინა, რომ ყველას პრეტენზია და უკმაყოფილება გასაგებია, თუმცა ორცვლიანი სწავლის პირობებში არის რიგი ნაბიჯებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიდგას.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის მიერ მიღებულ განდაწყვეტილებაზე განმარტება განათლების სამინისტრომაც გააკეთა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტექნიკური დეტალები შიდასასკოლო დონის საკითხია და სკოლის სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.

პირველი ექპერიმენტული სკოლა მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ ქვეყანაში მოწინავე პოზიციას იკავებს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი ცვლის 84 და მეორე ცვლის 17 ფინანსური კლასია. აღნიშნული სკოლა მთლიანობაში 2 600 მოსწავლეს იტევს.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური