GE

რა განათლება უნდა ჰქონდეს სტაჟიორს – საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი დამტკიცდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდა „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი“.

დადგენილება, რომელიც უკვე ძალაშია ითვალისწინებს, რომ იმ სტაჟიორებზე, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის გადიან სტაჟირებას ან დაასრულეს სტაჟირება საჯარო დაწესებულებებში, 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების ვადა უკვე ჩაეთვლებათ სამსახურის სტაჟში.

ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებით გაიწერა სტაჟიორის, მისი მენტორის და პროცესში ჩართული მხარეების ვალდებულებები.

სტაჟიორი – პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობას ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით უნდა აკმაყოფილებდეს განათლების შესახებ კონკრეტულ მოთხოვნას.

სტაჟიორისათვის დადგენილი მოთხოვნები:

1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ასევე არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული.

2. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;

ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;

გ) მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.

3. გარდა ამ მოთხოვნებისა, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სტაჟიორისათვის დადგინდეს სხვა მოთხოვნები.

საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური