რა იწვევს სწავლის დაბალ მოტივაციას სტუდენტებში – ლექტორის მიმართვა კოლეგებს და პრაქტიკული რეკომენდაციები
სტუდენტისთვის სწავლის მოტივაციის გაუმჯობესების მიზნით, ლექტორებს მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება სჭირდებათ. პროფესორები ხშირად ამბობენ, რომ ეფექტური სტრატეგიებით შესაძლებელია, სტუდენტს არა მხოლოდ კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდეს, არამედ ყველაზე პასიური სტუდენტიც კი დიდი მონდომებით ჩაერთოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა იწვევს ახალგაზრდებში სწავლის სურვილის დაქვეითებას და რა არის ის წარმატებული სტრატეგიები, რომელთა გამოყენებაც სწავლის მოტივაციას ამაღლებს. ვესაუბრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მოწვეულ ლექტორს, პროფესორ თამარ ნაროუშვილს, რომელიც კოლეგებს ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობისას მიღებულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს გაუზიარებს.
– თქვენი დაკვირვებით, რა სასწავლო გამოწვევების წინაშე დგანან სტუდენტები და რა უშლით მათ ხელს, იყვნენ მოტივირებულნი?
– სასწავლო პროცესის მსვლელობისას, სტუდენტები არაერთ გამოწვევას აწყდებიან, განსაკუთრებით პირველკურსელები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან სათანადოდ გარკვეულნი სტუდენტური ცხოვრების სპეციფიკაში. მათ უწევთ ახალ გარემო-პირობებთან ადაპტირება და სასწავლო განრიგთან მორგება. ამას გარდა, უმაღლესი განათლების მიღების საწყის ეტაპზე, სტუდენტის დემოტივატორი შეიძლება იყოს ე.წ. „გაუმართლებელი მოლოდინები“, შეუსაბამობა სტუდენტის სასწავლო პროცესთან/არჩეულ პროფესიასთან დაკავშირებულ წარმოდგენებსა და არსებულ რეალობას შორის. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, განპირობებული იყოს მშობლების ან სხვა პირების ზეგავლენის მოხდენით მომავალი პროფესიის არჩევისას. ესაა ერთგვარი „პროფესიული მემკვიდრეობითობა“, რაც მომავალ თაობებში ოჯახის წევრების იდენტური პროფესიის გაგრძელებას გულისხმობს.
სტუდენტების დაბალი მოტივაციის მიზეზი ასევე, შეიძლება იყოს წარუმატებლობის შიში, დაბალი თვითშეფასება, თვითგამოხატვასთან და ცოდნის გამოვლენასთან დაკავშირებული პრობლემები, გადაღლა ხანგრძლივი და ინტენსიური სწავლის ფონზე, გენდერული ან ეთნიკური სტერეოტიპები (მაგ.: არასწორი წარმოდგენები განსხვავებული სქესის პირების სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევის შესახებ), ენობრივი ბარიერი, ასევე ის ფაქტრიც, რომ სტუდენტი სწავლასთან ერთად მუშაობს. რასაკვირველია, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სოციალური პრობლემებიც. სასწავლო პროცესის თანმდევმა სირთულეებმა, შეიძლება, დააქვეითოს სტუდენტის მოტივაცია და სწავლისადმი ზედაპირული დამოკიდებულების ჩამოყალიბება განაპირობოს. ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ, რა უშლის ხელს სტუდენტს, რომ მოტივირებული იყოს.
– სტუდენტის მოტივაცია სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებულია?
– მოტივაცია, როგორც აკადემიური მოსწრების ინდიკატორი, შეიძლება, განსხვავდებოდეს განათლების მიღების სხვადასხვა საფეხურზე. კვლევებით დასტურდება, რომ მაგისტრატურის და შემდგომი საფეხურის სტუდენტების მოტივაცია აღემატება ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციას. აღნიშნულის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ მათი შედარებით უფრო მაღალი მისწრაფება მიზნისკენ და მეტად გაცნობიერებული ქცევა.
– თქვენ რომელ სტრატეგიებს იყენებთ ან გამოგიყენებიათ მოტივაციის გასაუმჯობესებლად?
– არსებობს ეფექტური და რელევანტური სტრატეგიები, რომლებიც ლექტორს ეხმარება სტუდენტების მოტივირებულობის გაზრდაში და მათ შორის აღსანიშნავია:
სასწავლო ღირებულებასა და მიზნობრიობაზე ფოკუსირება. ცხადი, მკაფიო და მოკლევადიანი მიზნების არსებობა ხელს უწყობს სტუდენტების მოტივაციის ამაღლებას;
სასწავლო ღირებულებების დაკავშირება ამოცანებთან, წარმატების მიღწევის ინსტრუმენტებზე კონცენტრირება, სტუდენტების თვითრწმენისა და პოზიტიური მოლოდინის ფორმირება. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა სტუდენტებს საშუალებას მისცემს ენერგიითა და ენთუზიაზმით შეუდგნენ სწავლას;
სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რათა სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ გამოავლინონ თავიანთი ცოდნა მათთვის მოსახერხებელი გზით (კითხვა-პასუხი/ინტერაქცია, ტესტური დავალებები, უნარ-ჩვევების დემონსტრირების სხვადასხვა საშუალებები);
სასწავლო მასალის შინაარსისა და აქტივობების მისადაგება სტუდენტების ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ინტერესებთან. უპრიანი იქნება, სტუდენტებს მიეწოდოს გარკვეული სასწავლო ტაქტიკები, რომლებიც დაეხმარებათ სასწავლო მასალის უკეთ გააზრებასა და ათვისებაში;
ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება. ეს საშუალებას მისცემს ყველა სტუდენტს, თანაბრად ჩაერთოს სწავლის პროცესში და ითანამშრომლოს;
წინსვლისა და პროგრესის აღქმაში ხელშეწყობა, მხარდაჭერა და წახალისება. შესაძლო წარმატების ან/და წარუმატებლობის მიზეზების გაანალიზება;
სათანადო სასწავლო გარემოს (უსაფრთხო, მიუკერძოებელი) უზრუნველყოფა. კრიტიკისა და დაცინვის, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის/ბულინგის აღმოფხვრა, ტოლერანტული დამოკიდებულების ხელშეწყობა.
გაითვალისწინეთ, ნუ გააკეთებთ არჩევანს მხოლოდ ერთ კონკრეტულ გზაზე, მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა როგორც გარეგან (რაღაცის მოლოდინის საფუძველზე განხორციელებული ქმედება, მაგ.: დავალების ზედმიწევნით შესრულება მაღალი შეფასების მისაღებად), ისე შინაგან მოტივაციაზე აქცენტირება (პირადი მიზანი, ქმედება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე).
– ურჩიეთ კოლეგა ლექტორებს, რა შეცდომები არ უნდა დაუშვან თუ სურთ, რომ სტუდენტი მოტივირებული იყოს?
- არ გაამახვილონ ყურადღება ნიშნებსა და შეფასებაზე, რამეთუ, ქულებზე აქცენტირებისას სტუდენტებმა შეიძლება, ეგოცენტრულობა გამოავლინონ და ნაკლებად ჩაერთონ დასახული მიზნისა და ამოცანის შესრულებაში;
- უპირატესობა მიანიჭეთ სტუდენტების თვითშედარებას და არა სხვებთან შედარებას; დაანახეთ სტუდენტებს საკუთარი პროგრესი და განვითარება, განუმარტეთ დაშვებული შეცდომები და მათი არსი;
- დაიმახსოვრეთ, რომ ლექტორის მიდგომას თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური მახასიათებლები განსაზღვრავს. სტუდენტების მოტივატორების შერჩევისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მათი საჭიროებები და მოთხოვნები, რაც ნათლად იკვეთება უშუალოდ სწავლების პროცესში;
- დაიცავით ე. წ. პარტნიორული ურთიერთობა/ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსტრუქციულ უკუკავშირზე და უზრუნველყოფს, რომ საერთო მიზანი – წარმატებული შედეგი ერთობლივი ძალისხმევით იქნას მიღწეული.
ასევე იხილეთ:
რა უნდა იცოდეს სტუდენტმა საკუთარი შრომითი უფლებების შესახებ – სპეციალისტი სტუდენტებს მიმართავს
10 ხრიკი, რომელიც სტუდენტს CV-ის შექმნის პროცესს გაუმარტივებს
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი