GE

ბესიკ ხარანაული: „რა კარგია, რომ გადის წელი, საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა“

ბესიკ ხარანაული, 2023 წელი 

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა.

რა კარგია, რომ გადის დღე,
გადის კვირა,
გადის თვე…
რა კარგია, რომ გადის წელი.
ცხოვრება ისედაც მაგრადაა მიფურთხებული.
ჩაიბრუნე უკან შენი ნერწყვი:

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა!

ვინ უნდა ზიდოს დღე?
ვინ უნდა ზიდოს კვირა?
ვინ უნდა ზიდოს თვე?
ვინ უნდა ზიდოს წელი?
საჭიროა ახალი მზე, საჭიროა ახალი ზნე,
ახალი მთვარე, ახალი სამყარო…

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა!

წვიმაა და ივსება ჩექმები,
საიდანაც კაცი ამოვიდა და წავიდა უმისამართოდ,
რადგან მოსწყინდა ისეთ წინადადებებიან ქვეყანაში ყოფნა,
სადაც სიტყვებს მხოლოდ ყოყმანი აკავშირებს
და რომელიც ერთ ნედლ შეძახილსაც კი ვერ გაუძლებს,
რადგან წყლის პირას ღობავენ და წყლის პირას თესავენ
და წყალს მიაქვს ნერგებიც და იმისი სარებიც…

სმენა და ცქერა, სხვა რა დამრჩენია
და ცარიელი ხელების ჰაერში ტრიალი,
დროა, რომ დამთავრდეს.

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა.
ხალხი წავიდა –
იმდენიც კი აღარ არიან, რომ შეგხვდნენ და სალამი
გითხრან.
ეშმაკი კი სულ არის, რომ ადამიანი რამეს შეედაროს.

ფუი! – ჩემი ერთი ფურთხი დედამიწას არ დაამძიმებს!

თავისუფლებას მარტო მაშინ კი არ კარგავ,
როცა ვინმეს რაიმესა სთხოვ,
თავისუფლებას კარგავ, როცა ვინმეს რამეს ეკითხები.
შენზე არავინ იტყვის – თეთრია, შავია…
შენზე იტყვიან: – ის მღეროდა თავის ენაზე.

მე რომ თავისუფალი არ ვყოფილიყავი და იმდენი
სისულელე არ ჩამედინა, რა მეშველებოდა!
დროა რომ დამთავრდეს ცარიელი ხელების ჰაერში ტრიალი,

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა.

რა კარგია, რომ გადის დღე,
გადის კვირა,
გადის თვე…
რა კარგია, რომ გადის წელი.

საჭიროა ახალი გულწრფელობის ხანა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური