რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებელი, რომელსაც საჯარო სკოლაში დასაქმება სურს – საბაზისო მოთხოვნები და რეკომენდაციები დირექტორისგან
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე teacherjobs.ge ყოველდღიურად ახალ ვაკანსიებს აქვეყნებს. ამ ეტაპისთვის სკოლებში ათასობით მასწავლებლის ვაკანსია იძებნება.
დავინტერესდით, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლები, რომლებთაც საჯარო სკოლაში დასაქმება სურთ, როგორია სტანდარტული მოთხოვნები და რა შეიძლება იყოს ის უნარ-ჩვევები, რომელიც კადიდატს სხვებზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის სკოლის ადმინისტრაციისთვის.
ვაკანსიებს, რომლებიც teacherjobs.ge-ზე ქვეყნდება მითითებული აქვს ე.წ საკვალიფიკაციო მოთხოვნების ველი. მასში განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომელიც სკოლას დასაქმების მსურველის მიმართ აქვს, საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლებზე.
ყველა მასწავლებელი, რომელსაც სურს დასაქმება საჯარო სკოლაში (მაძიებლის გარდა), ვალდებულია, აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს;
2.ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
გ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
ე) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ვ) უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
ზ) უნდა იყოს სქემაში ჩართული მინიმუმ უფროსი მასწავლებელის სტატუსით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, კიდევ რა შეიძლება იყოს განმსაზღვრელი საჯარო სკოლის მასწავლებლობის კანდიდატის შერჩევისას, ამის დასადგენად თბილისის #21 საჯარო სკოლის დირექტორს, თამარა ამზაშვილს მივმართეთ. EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტმა სკოლაში დასაქმების მსურველებს საჭირო რჩევებიც მისცა.
– ქალბატონო თამარა, პირველ რიგში, გკითხავთ, რამდენად საჭირო და აუცილებელია, რომ მასწავლებლობის ყველა კანდიდატი აკმაყოფილებდეს არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს?
– მოდი ასე ვთქვათ, მასწავლებლობა ეს არის რეგულირებადი პროფესია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტატუსის მოსაპოვებლად ფორმალური პირობები უნდა დააკმაყოფილო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა და ყველა კანდიდატისთვის, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აბსოლუტურად თანაბარ საკონკურსო პირობებს ქმნის. როცა კანდიდატი შესაბამისობაშია საბაზისო მოთხოვნებთან, მას კონკურსის პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ რეზიუმეების გადარჩევას ვეძახით წარმატებით აქვს გავლილი. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადარჩევის პროცედურა ჩვენც გვეხმარება, შევარჩიოთ ადეკვატური კანდიდატები.
– თქვენი სკოლის შემთხვევაში გაქვთ ერთგვარი დამატებითი მოთხოვნები? გვესაუბრეთ რა მოთხოვნებია ეს.
– მგონია, რომ გარდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტებისა, სკოლის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მისი ძირითადი მომხმარებლის, მოსწავლის, მრავალმხრივ საჭიროებებს. ამ საჭიროებების დადგენა და დაკმაყოფილება სხვადასხვა უნარს მოითხოვს: მოსმენა, თანადგომა, სამართლიანობა და ა.შ. მასწავლებლისთვის ძნელია, აკადემიურ უნარებთან ერთად ამ ყველაფერს მოერიოს. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელსაც ვფიქრობ, ყველა სკოლის დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს, არის ღია თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. თანამშრომლობა მთელს სასკოლო საზოგადოებასთან. გვგონია, რომ კოლეგასთან, მოსწავლესთან, მშობელთან ერთად შრომა მიგვიყვანს მიზნამდე – ხელი შევუწყოთ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალგაზრდის აღზრდას.
– ყველაზე ხშირად რომელი მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირთ კანდიდატებს?
– კანდიდატები მუშაობენ იმაზე, რომ გასაუბრების დროს დაგვანახონ თავისი პროფესიული შესაძლებლობები აკადემიური კუთხით. ეს იქნება მეთოდების ფლობა თუ ტერმინოლოგია. დიდ აქცენტს აკეთებენ საკუთარი თავის წარმოჩენაზე და ეს ძალიან კარგია, თუმცა ჩემთვის არასაკმარისი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებენ კანდიდატები სხვადასხვა ასაკისა და საჭიროებების მოსწავლეებისთვის როგორც აკადემიური, ასევე ფსიქოემოციური უნარების დაკმაყოფილებას, მათში პატივისცემის მოპოვებას, რა როლს ანიჭებენ მოსწავლეს საგანმანათლებლო პროცესში და როგორ შეძლებენ მოსწავლის როლის გაზრდას. მოკლედ რომ ვთქვათ – რამდენად ამჟღავნებს კანდიდატი უნარს, იმუშაოს არა მხოლოდ თავისი თავისთვის, არამედ სხვადასხვა ფსიქოტიპის არასრულწლოვანისთვის. ამ მიმართულებით ცოტა უჭირთ ჩვენს კანდიდატებს თავის წარმოჩენა.
– როგორც დირექტორი, არაერთ გასაუბრებას დასწრებიხართ და მიგიღიათ კადრი. როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომელსაც სამსახურში აიყვანთ?
– პირველ რიგში, კანდიდატი უნდა იყოს შესაბამისობაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. უნდა ქონდეს ინფორმაცია ჩვენი სკოლის ისტორიაზე, მიზნებზე, კულტურაზე, უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიულ სტანდარტს. ასევე, ამჟღავნებდეს სხვადასხვა სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს, შეეძლოს დადებითი განწყობის შექმნა, ღიმილი და ექცეოდეს მოსწავლეს ისე, როგორც თავად ისურვებდა, რომ სხვა ადამიანი მის შვილს მოქცეოდა.
– თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებისა და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მიეცით რეკომენდაცია საჯარო სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებლებს, როგორ უნდა მოემზადონ წარმატებული გასაუბრებისთვის?
– თავი მოვუყაროთ ზემოთ ნათქვამს. პირველ რიგში, კარგად შეისწავლონ იმ სკოლის ისტორია და კულტურა, სადაც მიდიან გასაუბრებაზე (არ არის გამორიცხული აღარ მოუნდეთ იმ სკოლაში დასაქმება). იყვნენ მშვიდად, აჩვენონ არამხოლოდ საგნის სწავლების, არამედ ქვეყნის მომავლისთვის მუშაობის მზადყოფნა და ის, რომ მათ ბოლომდე გააზრებული აქვთ მასწავლებლის უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობა. გეტყვით, რომ პროფესიაში შესვლა კადრისთვის იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე პროფესიაში ყოფნა, ამიტომ კანდიდატებს ვურჩევ, იყვნენ მუდმივად მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის, აქტიურად იმუშაონ მოსწავლის საუკეთესო ინტერესების დასაცავად და ჰქონდეთ სკოლის მხარდაჭერის იმედი.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება