„გასაუბრებაზე მანქანა მომთხოვეს, არ გყავსო?“ – როგორ ექცევიან სკოლაში დასაქმების მსურველებს განათლების სამინისტროსგან „მიშვებული“ საჯარო სკოლები
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში EDU.ARIS.GE-მ საჯარო სკოლაში დასაქმების მსურველი სერტიფიცირებული მაძიებელი მასწავლებლის ისტორია გამოაქვეყნა, სადაც ის ედტალურად ყვებოდა როგორ მოქმედებს სკოლა ახალი კადრის შესვლის დროს. განათლების სამინისტროს აღნიშნულზე ღია რეაგირება არ ჰქონია და სავარაუდოა, რომ არც არასაჯარო ნაბიჯებს გადადგამდა ამ უსამართლო ვითარების პრევენციისთვის.
ვიდრე მიხეილ ჩხენკელის უწყებისგან ჩვენს კითხვებზე პასუხებს მივიღებთ, თუ როგორ აპირებენ ობიექტურ ვითარებაში სკოლებში ახალი კადრების მიღებას იმ ფონზე, რომ სისტემა ათასობით პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დატოვა, ან როგორ გეგმავენ მისგან უყურადღებოდ დატოვებული, მიშვებული სკოლების მართვას, ახლა უკვე თებერვლის თქვეში მომხდარი ფაქტების შესახებ ისტორიებს წარმოგიდგენთ, რომელსაც სკოლებში გასაუბრებაზე მისული დასაქმების მსურველი მაძიებელი მასწავლებლები საჯარდ წერენ. სამწუხარო კი ამ ვითარებაში ის არის რომ მათი დიდი ნაწილი თავს იკავებს კონკრეტული სკოლების დასახელებისგან, რაც ფქტია, ხელს უწყობს პროცესის შეუქცევადობას:
– “დღეს უნდა მქონოდა გასაუბრება, წასვლის წინ მირეკავენ, ნაცნობი ტონით_ კადრი უკვე აყვანილია და იქნებ სხვა დროს გეცადა. რა ვთქვა?!”
– “მსგავსი განუკითხაობა და სრული ნეპოტიზმი, რაც ახლა ხდება სკოლებში, როდესმე იყო კიდევ? გასაუბრებაზე რეებს კადრულობენ იმის დაწერაც არ ღირს უბრალოდ, ჩვეულებრივი დისკრიმინაციაა ხოლმე”
– “რამდენჯერ მომსვლია მსგავსი. ერთხელ 2 კანდიდატი ვიყავით და რომ წარვადგინე დოკუმენტაცია – აი ყოჩაღ, რამდენი მიღწევა გაქვს, თან უფროსი მასწავლებელიც ხარ, 10 კრედიტზე გაქვს ჩაბარებული, მაგრამ მოდი ახლა ამას მივცეთ შანსი შენ ყველგან გაგიმართლებსო და გამომიშვა. ამის შემდეგ წლებია ისევ უშედეგოდ ვცდილობ, შევეგუე უკვე რომ “პატრონის” და “ფულის” გარეშე არაფერი გამომივა. ჩემი სტატუსიც არაფრისმომცემი, მერე რა თუ 10-კრედიტიანი უფროსი მასწავლებელი ვარ, მერე რა თუ 60-კრედიტიანი პროგრამაც გავლილი მაქვს, მაინც სახლში ვზივარ და ვკმაყოფილდები მოსწავლეებით. ბრძოლითაც დავიღალე, სულ იმედგაცრუება. 30 წლის გავხდი და უკვე იმდენ უსამართლობას წავაწყდი გული ამიცრუვდა, არადა ბავშვობის ოცნება ავისრულე, იმდენი ვიშრომე და ვიწვალე, თუმცა ამაოდ…”
– “ან მიგიყვანენ გასაუბრებაზე და იქიდან ზოგჯერ ზრდილობიანი უარით, ზოგჯერ კი პირდაპირი უარითაც გისტუმრებენ, (ახლობელს ხომ ვერ აწყენინებენ)”
– “ერთ-ერთ გასაუბრებაზე, ახლახანს რამოდენიმე კვირის წინ დირექტორი მეუბნება, იცითო ზოგიერთი სკოლიდან არცკი ურეკავენო და მე კიდევ 118 აპლიკანტს დავურეკეო. ლამის ვუთხარი ნეტა არ დაგერეკა, რას მამადლი დარეკვას შენს გასაცნობად რომ მოვსულიყავი მეთქი?!”
– “რა დამათხოვრებული სისტემა გვაქვს, რეგიონის სკოლაში მანქანა მომთხოვეს, არ გყავსო? როცა შესაძლებელი იყო ტრანსპორტით ჩემი იქ მისვლა, არადა როგორ მოეწონათ მონაცემები, მაგრამ პრობლემა მანქანა იყო”
– “მეც ვიყავი გასაუბრებაზე, დამირეკეს აგიყვანეთო, დღეებზე და საათებზე შევთანხმდით… მეორე დღეს მირეკავენ და უარს მეუბნებიან – ისევ ძველი დავტოვეთო, ასე რომ ტყუილია ეგ ვაკანსიები”.
– “გასაუბრებები არის ფარსი, რომელსაც ადამიანების თვალის ასახვევად აწყობენ. კადრი წინასწარ ჰყავთ ყოველთვის”
– “არ ვიცი, მარტო ჩემი სკოლის დირექტორმა რატომ აიყვანა სხვა კადრი მაშინ ჩემ ადგილზე, და მე 13 წლის სტაჟით, გამომიშვა”
– “თქვენ კიდევ არ იცით რა არ ხდება ახალციხის რეგიონში სამწუხაროდ…”
– “მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა… ჩემთან დარეკვა არ იკადრეს და იქ მისულს მითხრეს – უი, უკვე ავიყვანეთ, არადა რა კარგი გოგო ყოფილხარო”
– “მაგაზე უარესი ისაა რომ გეუბნებიან არცკი შემოიტანო განაცხადი უკვე მიღებული გვყავსო, როცა ჯერ საბუთების მიღების ვადა არაა ამოწურული, არათუ გასაუბრება”
– “თქვენ პირდაპირ მაინც გითხრეს. მე “დამაჯერეს” რომ იმ სკოლაში მუშაობა “არ მაწყობდა”
– “მე სანამ გასაუბრებაზე მივიდოდი მითხრეს, უარი გეთქვათო, ნეპოტიზმი უმაღლეს ხარისხში!”
– “პარლამენტში უფრო შეხვალ ვიდრე საჯარო სკოლაში”
– “ბოლო წამს გამოხტა ვიღაც პატრონიანი. ნეტავ ვის აინტერესებს კვალიფიკაცია”
– “საერთოდ ყალბი იქნებოდა, ტყუილად დაარბენინებენ ხალხს გასაუბრებებზე. ერთობიან და ამცირებენ უაზრო და უსაგნო შეკითხვებით. ეს ბოროტებაა”
– “მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა. ამ თვეში, რამდენიმე დღით ვიყავი სკოლაში გამოსაცდელად, მითხრეს დაგიკავშირდებით და შევთანხმდეთ სტაჟირებაზე და ანაზღაურებაზეო, ერთი კვირის შემდეგ მე თვითონ დავუკავშირდი, კვირის ბოლოს დაგირეკავო. მას შემდეგ ორი კვირა გავიდა, არადა ამათ ლოდინში ორ გასაუბრებაზე უარი ვთქვი”
– “საშინელი ქაოსია სკოლებში. ვაკანსიებს არ დებენ, ისე იღებენ კადრებს. ამას როდის უნდა მოეღოს ბოლო? იძულებულები ვიქნებით საჭირო ორგანოებს მივმართოთ”
– “ზოგი დირექტორი ურეკავს, გასაუბრებაზე ნუ მოდიხართ, ავიყვანეთ კადრიო… ასე იქნება სულ… არა მგონია რამე შეიცვალის…”
ეს რ არის სრული განცხადებები, რაზეც მაძიებლები საუბრობენ. EDU.ARIS.GE-მ უკვე გაუგზავნა საკითხზე არაერთი კითხვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირველ მოადგილე თამარ მახარაშვილს და იმედს ვიტოვებთ, რომ პასუხი და რეაგირებაც არ დააყოვნებს. მას მიღებისთანავე გაგაცნობთ.
ასევე იხილეთ:
მასწავლებელმა სკოლას, რომელმაც ის სამსახურიდან გაათავისუფლა, სასამართლო დავა მოუგო
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება