GE

რა პირობას აძლევს პრემიერი სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტისა და სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ

“მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს და არჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნივერსიტეტში საპროტესტო აქციების შეწყვეტისა და სასწავლო პროცესის განახლების საკითხს.

“ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის გახლავთ განათლების სისტემის რეფორმა, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფორმირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს.

თვითმმართველობაზე შეიქმნა ნეგატიური აზრი. ზოგადად, წარსულში პრეცედენტების გამო, როდესაც სტუდენტების და თვითმმართველობის აბსოლუტურად გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები იყენებდნენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას და რა თქმა უნდა ჩვენთვის თითოეული სტუდენტის, თვითმმართველობაში გაწევრიანებული ახალგაზრდის აზრი არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა თვითმმართველობაც, თავისთავად საჭიროებს რეფორმას”, – განაცხადა პრემიერმა.

გუშინ საღამოს სტუდენტების 8 დღიანი პროტესტი დასრულდა. ორივე ჯგუფმა დატოვა უნივერსიტეტის პირველი კორპუსი და სასწავლო პროცესი განახლდა. მიუხედავად ამისა, ერთი თვის ვადაში, სტუდენტები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციების განახლებას არ გამორიცხავენ.

მოთხოვნები კი შემდეგია: სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები რექტორ ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. “აუდიტორია 115” – ის წებრები კი, რომელთაც მოძრაობა დააარსეს და უნივერსიტეტის სისტემურ რეფორმირებაზე გეგმავენ მუშაობას, მოითხოვენ აკადემიური საბჭოს დაშლას, თვითმმართველობის ინსტიტუტის რეორგანიზებას, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას და საუნივერსიტეტო სისტემის ოდეერებისგან სრულად გაწმენდას.

თვითმმართველობის და “აუდიტორია 115″– ის წევრები ამბობენ, რომ ისინი მათი მოთხოვნების შესრულების საკითხს მოლაპარაკებების რეჟიმში დააყენებენ. სტუდენტებს მხარს უჭერს აკადემიური საბჭოს ერთ–ერთი წევრი მარიამ გერსამია, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საპროტესტო ტალღის შეწყვეტის შემდეგ გააჟღერა.

მეტი ინფორმაცია თსუ–ში მიმდინარე პროცესების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური