GE

რა პრინციპული სხვაობაა კერძო და საჯარო სკოლებს შორის?

კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ კერძო და საჯარო სკოლებს განსხვავებულ პირობებში აყენებს. ის, რაც დასაშვებია კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაუშვებელია საჯაროში და პირიქით. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის, მოსწავლეთა შეზღუდული რაოდენობის, გაძლიერებული სწავლების და რესურსების მრავალფეროვნების გარდა, რაშიც კერძო სკოლებს აშკარა უპირატესობა აქვთ, არის საკითხების მთელი რიგი, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. რა პრინციპული სხვაობაა კერძო და საჯარო სკოლებს შორის და რა უნდა იცოდეს მშობელმა არჩევანის გაკეთებამდე, ამ თემაზე EDU.ARIS.GE განათლების მკვლევარს, სიმონ ჯანაშია ესაუბრა.

– საჯარო და კერძო სკოლას შორის უამრავი განსხვავებაა, მაგალითად მართვის თვალსაზრისით. კერძო სკოლაში მშობლებს კანონით გარანტირებული  უფლება არ აქვთ რომ სკოლის მართვაში ჩაერთონ. საჯარო სკოლის შემთხვევაში მშობლებს აქვთ წარმომადგენლობა სკოლის სამეურვეო საბჭოში და შეუძლიათ აკონტროლონ. კერძო სკოლას ვალდებულება არ აქვს, ქონდეს წარმომადგენლობითი დემოკრატიული ორგანო, შესაბამისად სკოლების უმეტესობა არ ითვალისწინებს მსგავს ჩართულობას. კერძო სკოლების დიდი ნაწილი გავს კერძო ბიზნესს მომსახურების სფეროში, სადაც არსებობს კლიენტი და მიმწოდებელი. თუ კლიენტი კმაყოფილი არ არის, შეუძლია სასამართლოს მიმათოს ან წავიდეს სკოლიდან. ეს, ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემაა.

ზოგადი განათლების კანონში არსებობს მუხლი, რომელიც ზღუდავს საჯარო სკოლისა და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობას. იქვეა მითითება, რომ ეს არ ეხება კერძო სკოლებს. რას ემსახურება ეს განსხვავება?

– კანონში არის დაშვება, რომ ნებისმიერ რელიგურ ორგანიზაციას შეუძლია გახსნას სკოლა, ასევე, თუ რომელიმე კერძო სკოლას უნდა, რომ კავშირი ქონდეს რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციასთან, მას  ხელს არავინ უშლის. ამაში პრობლემა არ არის. პრობლემაა, როცა სკოლა ამბობს, რომ არ არის რელიგიური, მაგრამ სინამდვილეში არის რელიგიური, ანუ მშობელს ატყუებს. ხშირად ასეც ხდება.

– რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს, თანაბრად აკონტროლოს სწავლის ან მასწავლებლების მომზადების ხარისხი კერძო და საჯარო სკოლებში?

– მასწავლებლების კვალიფიკაციის დონის კონტროლი საჯარო სკოლაში ცალსახად სახელმწიფოს პრეროგატივაა. კერძო სკოლას აქვს შესაძლებლობა, რომ თავად  შეიმუშავოს პედაგოგთა განვითარების სისტემა. საჯარო სკოლის ფარგლებში სახელმწიფო უფრო მეტ გარანტიას იძლევა, რომ მინიმალური ხარისხი იქნება დაცული. საჯარო სკოლის პრაქტიკაში უფრო მეტად სთხოვენ შეასწავლონ მინიმალური მოთხოვნები, რაც არის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული, მაგალითად რომელი საგანი რამდენი საათი ისწავლებოდეს და ა.შ. კერძო სკოლები შედარებით უფრო თავისუფლად უდგებიან ამ საკითხს.

ერთი და იგივე საგანი სხვადასხვა კერძო სკოლაში განსხვავებული საათობრივი დატვირთვით ისწავლება. მაგალითად, მაემატიკა ან უცხო ენა ერთგან ტარდება კვირაში 8- ჯერ, სხვაგან კი 4-ჯერ? კერძო სკოლები ამას თავისი სურვილის ფარგლებში განსაზღვრავენ?

– არა. ეს ავტორიზაციის პირობებით რეგულირდება, მაგრამ რეალურად სახელმწიფო ამ პროცესს ვერ აკონტროლებს. ამიტომ ყალბდება. მე ვიცი სკოლები, სადაც ცხრილში წერია საგანი, მაგრამ რეალურად არ ისწავლება. ერთგვარი შავი ბუღალტერიაც კი არსებობს ნიშნების წერის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კომპეტენციებს არ უვითარებენ მოსწავლეებს. არამედ, ეს მიანიშნებს სხვა პრობლემაზე – რეგულაციები იმდენად ხისტია, რომ სკოლა ვერ პოულობს გზას დაამტკიცოს, რომ ამ კომპეტენციებს ბავშვებს სხვა საგნებთან ინტეგრირებულად უვითარებს.

არის კერძო სკოლები, სადაც ფაქტობრივად გარიგებაა სკოლასა და მშობლებს შორის რომ ბავშვი არ ივლის სკოლაში, ივლის რეპეტიტორთან, მშობელი სკოლაში მაინც გადაიხდის ფულს და წლის ბოლოს აიღებს ატესტატს. ყველა “ბედნიერია”. იცის სახელმწიფომ ასეთი სკოლების შესახებ, განათლების სამინისტროში არაერთხელ ყოფილა ამაზე საუბარი; ძალიან მარტივია ნახო, სად გადადიან საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ბოლო 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია. სახელმწიფოს უჭირს ამის გაკონტროლება.

კერძო სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლის მშობელი აფორმებენ კონტრაქტს? რისი გარანტიაა ეს კონტრაქტი? 

– ორივე სკოლაში, კერძოშიც და საჯაროშიც, ბევრ რამეს არეგულირებს პრაქტიკა, სკოლის ტრადიცია ან ზოგადად სისტემაში არსებული ტრადიციები. კერძო სკოლაში ძირითადად ეყრდნობიან ხოლმე ხელშუკრულებას. ეს კონტრაქტი, ცხადია, ვერ გაითვალისწინებს მცირე დეტალებს. მაგალითად, შეიძლება სასწავლო გარემო მშობლის მსოფლმხედველობას არ ეთანხმებოდეს, გააჩნია, როგორ წარმოუდგენია მშობელს თავისი შვილის აღზრდა. ეს საფრთხე არსებობს საჯარო სკოლაშიც, მაგრამ ვინაიდან კანონი საჯარო სკოლას უფრო ზღუდავს, იქ უფრო ადვილია ურთიერთობის დარეგულირება.

კერძო სკოლის შემთხვევაში პრობლემას აჩენს ხოლმე ბიზნეს ინტერესები. როდესაც სკოლის მფლობელისთვის მნიშვნელოვანია შემოსავლები, ის ცდილობს უმრავლესობის სურვილები დააკმაყოფილოს და ხშირად უგულვებელყოფს უმცირესობის ინტერესებს, რომლის წასვლა სკოლიდან ფინანსურად იმხელა დანაკლისი არ არის. აქედან გამომდინარე, შეიძლება, უმრავლესობის მსოფლმხედველობა თავს მოახვიოს ბავშვს სასწავლო პროცესის დროს.

რა ღირს სწავლა კერძო სკოლაში

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური