GE

რამდენ სტუდენტს მიიღებს დიპლომატიის აკადემია – პროგრამები, ბიუჯეტი, ხელფასები და ყველა სხვა დეტალი

ახალი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნის მიზნით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებს.

როგორც ცნობილია, საქართველოში ახალი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – დიპლომატიის აკადემია იქმნება, რომელმაც, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ფუნქციონირება 2027 წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 8 მაისს, ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით. მისგან ასევე გავიგეთ, რომ აკადემია, რომელმაც დიპლომატიური სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრები უნდა მოამზადოს, განათლების სამინისტროს ჩართულობით ავტორიზაციას გაივლის და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

EDU.ARIS.GE 26 მაისს გაეცნო კანონპროექტებს, საიდანაც ცნობილი ხდება როგორც მისაღები სტუდენტებისა და დასაქმებულ პირთა რაოდენობა, ისე მათი ანაზღაურებისა და აკადემიის დაფინანსების შესახებ დეტალები – სავარაუდო ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარია:

რამ განაპირობა აკადემიის შექმნის აუცილებლობა

მთავრობის თანახმად, დღეის მდგომარეობით, საქართველოში სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოკვეთილად არ არიან ორიენტირებულნი მომავალი დიპლომატების აღზრდაზე. პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით კადრების მომზადება ხდება ზოგადი პროფილითა და საერთო მიდგომების გათვალისწინებით, რაც შემდგომში ითხოვს დამატებითი ძალისხმევის გაწევას ახალგაზრდა დიპლომატთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ამაღლების თვალსაზრისით (დამატებითი ტრენინგები, საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრება და ა.შ.).

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ცენტრალურ უწყებას, სადაც კონცენტრირებულია შესაბამისი პროფესიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ანალიტიკური რესურსები, მის სისტემაში უმაღლესი სასწავლებლის არსებობა, უზრუნველყოფს მაქსიმალურ შესაბამისობას რეალურ დიპლომატიურ პრაქტიკასთან და გამოწვევასთან. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროფესიონალი დიპლომატების აღზრდას, პრაქტიკული უნარჩვევებისა და პრაგმატულ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბებას.

საგანმანათლებლო პროგრამები

დიპლომატიის აკადემია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობებში სამაგისტრო პროგრამებს.

აკადემიაში მოწვეული იქნება მათ შორის, მოქმედი და გამოცდილი დიპლომატები. სტუდენტებს მეტი წვდომა ექნებათ პრაქტიკული დიპლომატიის საკითხებთან. ასევე, სასწავლო პროგრამები მორგებული იქნება დიპლომატიური საქმიანობის პროცესში არსებულ აქტუალურ მოთხოვნებზე და გამოწვევებზე. სამინისტროს (საგარეო), ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებს, მიეცემა მეტი შესაძლებლობა აკადემიის კურსდამთავრებულთაგან შეარჩიოს დიპლომატიური საქმიანობის სპეციფიკის მცოდნე პირები, ამასთანავე, ქვეყნის დიპლომატიური სამსახური უზრუნველყოფილი იქნება სათანადო კადრების უწყვეტი მიწოდებით.

სტუდენტების მიღება და სწავლის საფასური

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დიპლომატიის აკადემიაში სტუდენტთა მიღება დაგეგმილია 2027 სასწავლო წლიდან. აკადემიაში მიღებული იქნება 70 სტუდენტი საბაკალავრო, ხოლო 50 სტუდენტი სამაგისტრო პროგრამებზე.

შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, აკადემიაში მიღებული სტუდენტები არ გადაიხდიან სწავლის საფასურს და უზრუნველყოფილნი იქნებიან სწავლისთვის საჭირო ინვენტარით და მასალით.

დასაქმებულთა ოდენობა და სახელფასო ფონდი

საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შეიქმნება სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც დაკომპლექტდება – 46 ერთეულით (მათ შორის, 30 – საშტატო, 16 – შტატგარეშე, როგორც აკადემიური ისე ადმინისტრაციული პერსონალი). წინასწარი გათვლებით, შესაბამისი სახელფასო ფონდი ყოველწლიურად შეადგენს დარიცხული 1 093 350 ლარს. თანამშრომლებს მოუწევთ სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო გადასახადების, კერძოდ საშემოსავლო გადასახადის − ხელფასის 20%-ს გადახდა. შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება 46 ერთეულისთვის განსაზღვრული სახელფასო თანხიდან, რაც წლიურად შეადგენს 214 296 ლარს.

ხარჯები დიპლომატიის აკადემიის ავტორიზაცია-აკრედიტაციისთვის და სხვა

დიპლომატიის აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მიღების მიზნით, მოპოვებული იქნება ავტორიზაცია და აკრედიტაცია. შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიღებს შემოსავალს ავტორიზაციისთვის 48 000 ლარს და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარს.

კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე შესაქმნელია სასწავლო პროცესისთვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის სემინარებისა და ლექციებისთვის საჭირო აუდიტორიები, სიმულაციური ლაბები, ბიბლიოთეკა, IT ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით შეადგენს – 2 993675 ლარს (მათ შორის, ავტორიზაციისთვის 48 000 ლარი და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარი), ხოლო 2027, 2028 და 2029 წლებში განისაზღვრება ყოველწლიურად – 2 851 350 ლარით.

ზემოაღნიშნული ხარჯი მოიცავს ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დიპლომატიის აკადემიაში დასაქმებული პირებისათვის საჭირო სახელფასო ფონდს. კერძოდ, 46 საშტატო ერთეულის შესაბამისი სახელფასო ფონდი წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 1 093 350 ოდენობით ლარს.

ადამიანური რესურსის ზრდასთან ერთად გაიზრდება დამსაქმებლის საპენსიო შენატანებიც, რომლებიც ჩაირიცხება საპენსიო ფონდში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს წლიურად 21 867 ლარს (მთლიანი სახელფასო ფონდის 2 პროცენტს). აღნიშნული ხარჯი გადახდილი იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირს – დიპლომატიის აკადემიის მიერ.

ამასთან, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. კანონმდებლობის შესაბამისად, აკადემიის სახელფასო ფონდის 2% -წლიურად 21 867 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი იქნება საპენსიო ფონდში. ზემოაღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სამინისტროს ასიგნებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიპლომატიის აკადემიის შემოსავლების ფარგლებში. ამასთან, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, აკადემიაში დასაქმებული 46 თანამშრომლის საპენსიო შენატანის სახით, გაიზრდება წლიურად 43 734 ლარით.

ყველა სხვა დეტალი კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ იხილეთ განმარტებით ბარათებში:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ – განმარტებითი ბარათი

კანონის პროექტი – უმაღლესი განათლების შესახებ

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ – განმარტებითი ბარათი

კანონის პროექტი – უმაღლესი განათლების შესახებ

ამავე თემაზე:

გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?

საქართველოში დიპლომატიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქმნება – მთავრობის გადაწყვეტილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური