GE

ეს სტუდენტები გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ, რათა სასწავლო გრანტი მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ – პროცედურა ცნობილია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში, რომლის თანახმადაც გადაწყდა, რომ 2025 წლის 17 დეკემბრამდე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტი უფლებამოსილია, 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, გრანტის მოპოვებისათვის ან გაზრდისათვის.

როგორც განათლების მინისტრის მიერ 25 მაისს ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, დებულების 55-ე პუნქტის თანახმად, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში ტესტირების გზით.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ზოგადი უნარების გამოცდის ტესტი შედგება სამი ნაწილისგან:

ა) წაკითხულის გააზრება;

ბ) ლოგიკური მსჯელობა;

გ) რაოდენობრივი მსჯელობა.

როგორი იქნება პროცედურა

– განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ცენტრი განსაზღვრავს ამ მუხლის 55-ე პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის მაქსიმალურ ქულასა და საგამოცდო დროს.

– სტუდენტი გამოცდას აბარებს ქართულ ენაზე.

– ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება დებულებით დადგენილი წესით.

– სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტს/გრანტის გაზრდილ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელიც ზოგადი უნარების გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს.

– ამ მუხლის 59-ე პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე.

– გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მოიპოვებს ადრე მოპოვებული გრანტის ნაწილობრივ ოდენობაზე მეტი ოდენობის გრანტს, შეევსება მოპოვებული გრანტის შესაბამისად გრანტის ოდენობა. სტუდენტი კარგავს ადრე მოპოვებული გრანტის ოდენობის მიღების უფლებას.

– სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ სტუდენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი.

– ცენტრი (NAEC) შეიმუშავებს და ამტკიცებს საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ სტუდენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად.

– დოკუმენტის შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში მოთხოვნილი ფორმით ცენტრს აწვდის: ა) სტუდენტების თაობაზე შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა/აქვს თუ არა სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე; ა.ბ) მიღებული/გაუმჯობესებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის პროცენტული ოდენობა; ა.გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე აქვს პირს სტუდენტის სტატუსი; ბ) საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის თაობაზე ინფორმაციას; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის ოდენობის თაობაზე ინფორმაციას.

– დოკუმენტი ცენტრის მიერ შემუშავდება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებულია ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით.

– ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის 63-ე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარის მიწოდებას: ა) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის.

67. აბსოლუტური ქულით რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება ცენტრის (NAEC) ოფიციალურ ვებგვერდზე“.

ამავე თემაზე:

2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა

„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები

უნივერსიტეტებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს სასწავლო გრანტის გაუმჯობესება-მოპოვება ისევ შეეძლებათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური