რას ურჩევს კოლეგებს მასწავლებელი, რომელმაც გარე დაკვირვება ონლაინ რეჟიმში გაიარა – „პრობლემა ისევ ციფრული უთანასწორობა იყო“
მასწავლებლებისთვის, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო აქტივობა – გარე დაკვირვება გაზაფხულზე უნდა გაევლოთ, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ გამოცხადდა რეგისტრაცია. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა გარე დაკვირვების შეფასების რუბრიკა დისტანციური გაკვეთილისთვის და პედაგოგებს ეძლევათ საშუალება, გარე დაკვირვება შემოდგომის სემესტრში გაიარონ, იმის მიუხედავად სწავლების პირისპირ თუ ონლაინ რეჟიმში იქნებიან.
ბევრი სკოლა საქართველოში დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, ამიტომ პედაგოგებს გარე დაკვირვების გავლამ ონლაინ მოუწია. გარე დაკვირვების პროცესი მაღალმთიან აჭარაში პირველმა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ღურტის საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებელმა მზია კახაძემ გაიარა. იგი EDU.ARIS.GE-ს თხოვნით თავის გამოცდილებას მასწავლებლებს უზიარებს.
-ქალბატონო მზია, თქვენ წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო აქტივობა – გარე დაკვირვება გაზაფხულის სემესტრში უნდა გაგევლოთ. ეს პროცესი პანდემიის გამო როგორც თქვენთვის, ასევე ბევრი პედაგოგისთვის შეფერხდა. ახლახან გარე დაკვირვება პირისპირ ფორმატის ნაცვლად ონლაინ რეჟიმში გაიარეთ. გთხოვთ, მოგვიყვეთ როგორი იყო როგორც გაზაფხულის სემესტრში გარე დაკვირვების მზადების პერიოდი და როგორი იყო ახლა, როცა სრულიად განსხვავებულ ფორმატში მოგიხდათ გაკვეთილის ჩატარება?
-დიახ, სამწუხაროდ, მე და ბევრ მასწავლებელს გარე დაკვირვება გაზაფხულზე უნდა გაგვევლო, მაგრამ პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო, გადავადდა ეს პროცესი. მართალია, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არათუ შეიცვალა, გაუარესდა კიდეც, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა ონლაინ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა. მადლობა ჩვენს ცენტრს, რომ ეპიდსიტუაციაზე დამოკიდებული სასწავლო პროცესი ვეღარ იქცა გარე დაკვირვების გადადების მიზეზად.
გასულ წელს ჩემი ღელვის მიზეზი მოძველებული ტექნიკა იყო, თუმცა დირექტორის და კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელი სასწავლო წლის დასაწყისშივე აღნიშნული პრობლემის მოგვარება. შევიძინეთ რამდენიმე ახალი პერსონალური კომპიუტერი, ფაქტობრივად, სანერვიულო აღარაფერი მქონდა, ვმუშაობდი მოსწავლეებთან ჩვეული რიტმით და ველოდებოდი თარიღის მოსვლას, თუმცა ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, პროცესი გადავადდა ცენტრის მიერ.
წელს იმედი მქონდა, რომ სწავლა პირისპირ რეჟიმში წარიმართებოდა, თუმცა სასწავლო პროცესი აჭარაში 15 სექტემბრიდანვე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა. თავისთავად ჩემთვის უკვე გასაგები იყო, რომ გარე დაკვირვებაც ონლაინ რეჟიმში უნდა გამევლო და დავიწყე თავიდან მზადება. რა თქმა უნდა, პრობლემა ისევ ციფრული უთანასწორობა იყო. ჩვენთან მხოლოდ მობილური ინტერნეტია და ზოგჯერ იმასაც უჭირს. შევაკეთე მე-5 კლასელების უკვე წყობიდან გამოსული „ბუკები“, ჩასაფრებული ვიყავი, რომელი მობილური ოპერატორი რა ტიპის აქციას გამოაცხადებდა და ვთავაზობდი მშობლებს აქციის ფარგლებში ინტერნეტპაკეტების შეძენას, რომ მათთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინტერნეტი და სასწავლო პროცესიც ნაკლები შეფერხებებით წარმართულიყო.
-მოგვიყევით, როგორ ჩაიარა თქვენმა გარე დაკვირვების გაკვეთილმა . . .
-რადგან დისტანციურ რეჟიმში სწავლების დროს საგაკვეთილო ცხრილი, საათების რაოდენობა და გაკვეთილების ხანგრძლივობა შეიცვალა, გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირების დროს შენიშვნის გრაფაში უნდა მიგვეთითებინა ჩვენი ონლაინ გაკვეთილების ცხრილი და სასწავლო პლატფორმა, რომელსაც ვიყენებდით. ისტ-ი კვირაში ორი საათია და ამ ეტაპზე კვირაში ერთი საათის ჩატარება მიწევს, მივუთითე ის დღე, რომელ დღესაც ვატარებ გაკვეთილს.
ორშაბათ დღეს უნდა დამკვირვებოდნენ გაკვეთილზე. პარასკევ საღამოს დაურეკეს ჩემი სკოლის დირექტორს და გააფრთხილეს, რომ ორშაბათს დილის 11 საათზე დამაკვირდებოდნენ.
მშობლებს შაბათ დღეს დავუკავშირდი და ვთხოვე, რომ ორშაბათს მქონდა გარე დაკვირვება და ყველაფერი ჰქონოდათ წესრიგში: დაემუხტათ ბუკები და ტელეფონები, გადაემოწმებინათ ულიმიტო ინტერნეტპაკეტებს ვადა ხომ არ ეწურებოდათ.
ბავშვების მობილიზება პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან საფუძველი წინასწარ მქონდა შექმნილი. Teams-ის პლატფორმას კარგად იცნობენ და ისტ-ის გაკვეთილიც სხვა საგნებთან შედარებით უფრო მეტად უყვართ ბავშვებს. წინასწარ ავუხსენი, რომ სტუმარი გვეყოლებოდა, რომელსაც აინტრესებდა, მზია მასწავლებელი როგორ ასწავლის ბავშვებს, რომ ასეთი ყოჩაღები არიან. ეს ძალიან მოეწონათ და მთელი პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, გაკვეთილმა კარგად ჩაიარა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. გამოვიყენეთ სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტები, ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ვურთავ ეკრანის გაზიარების ფუნქციას მუშაობის პროცესში და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების ფაზა არის ჩემთვის გამჭვირვალე.
-რით განსხვავდება გარე დაკვირვების ონლაინ გაკვეთილის გეგმები პირისპირ ფორმატში ჩასატარებელი გაკვეთილების გეგმებისგან?
-გაკვეთილის დაგეგმვა ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იქნება – უნდა დაიგეგმოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან მიმართებაში, განსხვავებული არის განხორციელების ფორმატი – ერთი რეალურ საკლასო სივრცეზე, ხოლო მეორე ვირტუალურ საკლასო სივრცეზე მორგებული.
განსხვავებაა გაკვეთილის შეფასების რუბრიკებშიც – დისტანციური დაკვირვების შემთხვევაში, გაკვეთილი ფასდება ონლაინ გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკით. პირისპირ გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკას დაემატა (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID – 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები.
-რა რჩევებს მისცემდით სხვა პედაგოგებს, რომლებსაც ახლა უწევთ გარე დაკვირვების გავლა დისტანციურ რეჟიმში?
-როდესაც დირექტორს ურეკავენ წინა დღეს, მას უგზავნიან გარე დამკვირვებლის user-ს და თავად უნდა დაამატოს მასწავლებელმა დამკვირვებელი კლასში. მე მოსწავლის სტატუსით დავამატე. წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე ვუთხარი, რომ თუ მისთვის არაკომფორტულია მოსწავლის სტატუსი, მივანიჭებდი მასწავლებლის სტატუსს, თუმცა უარი მითხრა, რომ საკმარისი იყო მისთვის მოსწავლის სტატუსი.
წინასწარ ვიცოდით ყველა მასწავლებელმა, ონლაინ გარე დაკვირვების შემთხვევაში რომ გაკვეთილის დაწყებამდე 30 წუთით ადრე უნდა შედგეს წინა საგაკვეთილო შეხვედრა დამკვირვებელსა და მასწავლებელს შორის. მე წინასწარ შევქმენი Teams-ში ახალი გუნდი, რომელსაც დავარქვი „წინა საგაკვეთილო გასაუბრება“, დავამატე დამკვირვებელი, ჩავნიშნე კალენდარში შეხვედრა, გუნდის ფაილებში ავტვირთე ყველა ის მასალა, რომელიც სავარაუდოდ შეიძლებოდა მოეთხოვა გარე დამკვირვებელს. მაგალითად: თემატურ-კალენდარული გეგმა, რესურსები, რომელსაც ვიყენებ გაკვეთილზე და ა.შ. ზარიც ზუსტად დანიშნულ დროზე მე განვახორციელე.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმები უნდა ატვირთოს e-school-ის ბაზაში 5 სამუშაო დღით ადრე. გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარების დღეს ბაზაში ირთვება დაკვირვების თარიღი, დაკვირვების დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში უნდა აიტვირთოს გაკვეთილის რეფლექსია.
რეფლექსიის ატვირთვის ველი გაკვეთილის ჩატარებიდან ორი სამუშაოდ დღის განმავლობაში აქტიურია ყველასთან, ატვირთვის ვადის გასვლის შემდეგ ველი იხურება და რეფლექსიის ატვირთვა შეუძლებელი ხდება.
-გაკვეთილის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით როგორი რეკომენდაციაა კლასების მიხედვით და თქვენ რამდენწუთიანი გაკვეთილი ჩაატარეთ?
-დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმას ადგენს სკოლა, სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (საგნობრივი კათედრები, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო) ჩართულობით, მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:
ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი;
ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი;
გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი.
მე გარე დაკვირვების გაკვეთილი ჩავატარე მე-5 კლასში და გაკვეთილიც ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით 30 წუთზე გავთვალე. მასწავლებლების უკმაყოფილებას ონლაინ გაკვეთილის ხანგრძლივობა იწვევს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული რამდენად შეუძლია, თუნდაც შემცირებულ დროში გავიდეს შედეგზე.
-რას გვეტყვით აქტივობებთან დაკავშირებით? როგორც ცნობილია, სამფაზიანი გაკვეთილები უნდა ჩატარდეს დისტანციურ ფორმატშიც. აქტივობები არ უნდა განმეორდეს. თქვენ თუ გამოიყენეთ ჯგუფური მუშაობა და არის თუ არა კლასის ორგანიზების ამ ფორმის გამოყენება აუცილებელი ონლაინ გაკვეთილზე გარე დაკვირვების დროს?
-არსად არ შემხვედრია, რომ ონლაინ გაკვეთილზე, გარე დაკვირვების დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჯგუფური მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ Teams-ის პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა და ჩვეულებრივ გაკვეთილებზე ვქმნი არხებს და მოსწავლეებს ვამუშავებ ჯგუფებში, რადგან ამ ფონზე, როდესაც მოსწავლეები სახლებში იმყოფებიან, დიდია მათი ასოციალიზაციის რისკი, ამიტომაც ვცდილობ ხელი შევუწყო ჯგუფური მუშაობის და კოლაბორაციული სწავლების ელემენტების შემოტანას. გარე დაკვირვების გაკვეთილზე კლასის ორგანიზების ეს ფორმა არ გამომიყენებია, რადგან ეს მაინც სიახლეა ჩვენი მოსწავლეებისთვის და არ მინდოდა ისეთი აქტივობების გამოყენება, რაც მათ დაბნეულობას გამოიწვევდა.
-რას ეტყოდით იმ მასწავლებლებს, რომლებიც ახლა ელოდებიან გარე დაკვირვებას?
-მთავარია არ ინერვიულონ, რადგან ემოციები აფუჭებს ყველაფერს. ინტერნეტის ხარვეზი არ იმოქმედებს მათ შეფასებაზე, მთავარია უყურადღებოდ არ დატოვონ ინტერნეტის ხარვეზის გამო კლასიდან გავარდნილი და უკან დაბრუნებული მოსწავლე, მიაწოდონ ხარვეზის გამო გამოტოვებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ მისცენ დიფერენცირებული დავალებები, ინსტრუქციები იყოს მოსწავლეებისთვის გასაგები, საკლასო სამუშაო და საშინაო დავალება იყოს ონლაინ სწავლების რელევანტური. გამოიყენეთ დროული და ინდივიდუალური განმავითარებელი შეფასება, დასახული მიზნის ადეკვატური სტრატეგიები და შეეცადეთ სასწავლო მასალა და ინსტრუქციები იყოს ვიზუალურად ინტერაქციული – სასურველია მულტიმედია რესურსების გამოყენება დავალებების გასამრავალფეროვნებლად.
ესაუბრა ცისანა შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება