GE

რა რეკომენდაციები შეიმუშავა სახელმწიფომ არასრულწლოვანთა ქალაქგარეთ გაყვანის შემთხვევაში გასათვალისწინებლად

ორიოდე დღის წინ სკოლიდან ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვებისა და მშობლების მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა, რა დროსაც ერთი არასრულწლოვანი და 3 ზრდასრული დაიღუპა, 21 კი დაშავდა. 9 ივნისს, შემთხვევის ადგილას ჩასულმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თქვა, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გასამკაცრებელია და ის აღნიშნულ საკითხზე შს მინისტრთან შეხვედრას იმავე დღეს გეგმავდა. ამის შემდეგ რეგულაციების გამკაცრებაზე დამატებითი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

უკვე მოქმედი სპეციალური რეკომენდაციები კი არსებობს და მისი შემუშავების მიზეზიც სწორედ ტრაგედია იყო. რეკომენდაციების მიღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2015 წლის მაისში, ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, რუსთავის ცეკვის ანსამბლის 3 არასრულწლოვანი წევრი დაიღუპა.

მაშ ასე, რა რეკომენდაციები არსებობს არასრულწლოვანთა ქალაქგარეთ გაყვანისას და რა უნდა გაითვალისწინონ ღონისძიების ორგანიზატორებმა? – EDU.ARIS.GE გთავაზობთ, იმ რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომელიც არასრულწლოვანთა 24 საათზე მეტი ხნით მესამე პირის მიერ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე გაყვანის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული და რომელიც სახელმწიფომ 2015 წელს შეიმუშავა:

ღონისძიების ხელმძღვანელმა უნდა გაითვალისწინოს:

ტრასპორტირება – განხორციელდეს იმ ოფიციალური გადამზიდავების (მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირის) მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექდათვალიერება, სატრანსპორტო საშუალება დაზღვეულია (აქვს მგზავრების დაზღვევა), ყავს კვალიფიციური (შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე) მძღოლი და გადამზიდავი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მგზავრობის უსაფრთხოებაზე და ტრანსპორტის გამართულობაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსპორტირება მათი საჭიროების გათვალისწინებით.

მეთვალყურეობა არასრულწლოვანზე:

ა) ტრანსპორტირების დროს, დროებითი განთავსების ადგილებში/ბანაკებში, ორგანიზებულ ჯგუფებში (სადაც  ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან/და ექთნის 24 საათიანი მომსახურება) იმ პირთა შორის რომლებიც იღებენ არასრულწლოვნებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობას უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს „პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი“.

ბ) ღონისძიების ხელმძღვანელმა/ორგანიზატორმა ან/და მეთვალყურეობის განმახორციელებელმა პირმა, შესაბამის უფლებამოსილ პირს (მაგ. სსიპ-ის ხელმძღვანელს, პროექტის კოორდინატორს/კურატორს), მოთხოვნისთანავე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა წარუდგინოს ამომწურავი ინფორმაცია მისი ნასამართლობის ისტორიის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გ) მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირს არ უნდა აღენიშნებოდეს ისეთი ნოზოლოგიები, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას არასრულწლოვნებს. ამასთან, ღონისძიების ორგანიზატორმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული მისადაგების და უნივერსალურობის პრინციპით და სიტუაციის შეფასება არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს.

არასრულწლოვანთა განთავსების ადგილი – უნდა აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებს, შენობაში განთავსების შემთხვევაში ნაგებობა აშენებული უნდა იყოს სამშენებლო სტანდარტების და შესაბამისი ნებართვების საფუძველზე და უნდა ჰქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა; არასრულწლოვანთა განთავსების ადგილას დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ტემპერატურული რეჟიმი.

ასევე, არასრულწლოვანთა განთავსების ადგილას დაცული უნდა იყოს ტოქსიკური და ფეთქებადი ნივთიერების მოხმარებისა და განთავსების წესები და გამიჯნული უნდა იყოს ინდივიდუალური და საზოგადო თავშეყრის ადგილები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთათვის ადაპტირებულ იქნეს განთავსების ადგილი მათი საჭიროების შესაბამისად.

არასრულწლოვანთა კვება – მალფუჭებადი პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით, კვების ობიექტზე დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ხოლო საკვები პროდუქტები უნდა იყოს უსაფრთხო და აკმაყოფილებდეს საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების ჰიგიენურ ნორმატივებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამოგზაურო დაზღვევა – ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამოგზაურო დაზღვევა უნდა ატარებდეს სავალდებულო ხასიათს.

არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა – ღონისძიების ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მშობლის/მშობლების (მეურვეების, არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლების) თანხმობა ან/და ხელშეკრულება (სასურველია ნოტარიულად დამოწმებული ფორმით), სადაც განისაზღვრება მხარეთა უფლებამოსილება.

ღონისძიების ხელმძღვანელი/ორგანიზატორი ვალდებულია:

ა) არასრულწლოვანს და მის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს ამომწურავი/სრულყოფილი ინფორმაცია ღონისძიების მიზნების, დაგეგმილი აქტივობების და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ;

ბ) სრულყოფილად ჰქონდეს არასრულწლოვანთა ანკეტური მონაცემები, მათ შორის სრულყოფილად შეაგროვოს ინფორმაცია არასრულწლოვანთა სპეციალური საჭიროებების შესახებ. პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების დაცვაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გააკონტროლოს დაქირავებული პერსონალის (ლიდერ-ინსტრუქტორების, მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის, გადამზიდავის) ცოდნა გადამყვანი ტრანსპორტისა და განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ.

ღონისძიების ხელმძღვანელის/ორგანიზატორის მიერ დაქირავებულ პერსონალთან (ლიდერ/ინსტრუქტორებთან), გადამზიდავთან, არასრულწოლვანთა განთავსებისა და კვების ობიექტთან ურთიერთობები და მხარეთა პასუხისმგებლობა დარეგულირებული უნდა იყოს ხელშეკრულებით.

მიზანშეწონილია ღონისძიების პერიოდის და ადგილმდებარეობის შეტყობინება მუნიციპალიტეტისათვის, პოლიციისათვის, სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და სასწრაფო დახმარების სამსახურისათვის.

რეკომენდაციები, რომელიც არასრულწლოვანთა 24 საათზე მეტი ხნით მესამე პირების მიერ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე გაყვანას, მათ შორის ქალაქგარეთ გაყვანას გულისხმობს, 2015 წელს კულტურისა და სპორტის განვითარების მინისტრის ინიციატივით შემუშავდა. არის თუ არა აღნიშნული რეკომენდაციები დაცული, ან რამდენად ითვალისწინებენ ღონისძიების ორგანიზატორები იმ მითითებებს, რომელიც 2015 წელს შემუშავდა, რთული სათქმელია.

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური