GE

რა სარგებლობა მოაქვს დიპლომს?

“ორი დიპლომი” გავრცელებული შეხედულებით კარგად გათხოვების ან ტაქსის მძღოლობის პერსპექტივა…
ერთი დიპლომი – ?

სწორედ ამ ?-ის გარკვევას შევეცადე. დავინტერესდი, ცოდნის გარდა, კიდევ რისი მოცემა შეუძლია უნივერსიტეტს და საბოლოო პასუხი იმ სავარაუდო პასუხების სიის მიღმა აღმოჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთიც, ჩემი გათვლებით, „მო(კლე)კვლევის“ შედეგად უნდა მიმეღო.

ამრიგად, დროებით დასაქმებულ (დაუსაქმებელ) სტუდენტებს (ნასტუდენტარებს) დავესხი თავს დიქტოფონითა და კითხვების კორიანტელით. ფრაზაში_ დროებით დასაქმებული/დაუსაქმებელი ანტონიმები ცვალებადია. ერთადერთი, რაც მასში მუდმივია, “დროებითაა” _ ხელშეკრულება, შტატი, ნდობა_მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში “დროებითი” ხარ, მაქსიმუმ_ხანგრძლივად “დროებითი”. დროებითობის პერსპექტივა სტუდენტური სინდრომიც შეიძლება იყოს.

23 წლის ფსიქოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მარიამი (პირობითად) იუსტიციის სასწავლო ცენტრში მუშაობს. პრინციპში, მუშაობს რა, სტაჟიორია. სამაგიეროდ, ფეისბუქით გაიგებ, რომ works at Training Center of Justice. ამის გამო, მეგობრებს მისი მონატრების განცდა თვის ბოლოს განსაკუთრებით უმძაფრდებათ. თუმცა, მარიამი სტაჟიორია… სამაგიეროდ, კარგი CV აქვს, რომელსაც შემდეგ სხვა სტაჟირების პროგრამაზე გააგზავნის. თვითონ არ წუწუნებს_ამბობს, რომ კარგი გამოცდილება მიიღო. თან მანამდე განათლების სამინისტროში მუშაობდა. ხო, კარგი, იქაც სტაჟიორი იყო, ერთი წელი. როცა “ხელფასიან სამუშაოზე” გადაიყვანეს, თავიდან 200 ლარი დაუნიშნეს, შემდეგ – 350. მერე, განყოფილება, რომელშიც ის მუშაობდა, დაიხურა.

“შემდეგ 9 თვე იყო უმუშევრობის პერიოდი საყვარელი “საკითხავი ლიტერატურა” კი_განცხადებების ჩამონათვალი.” – ამბობს მარიამი, რომელმაც შემდეგ მორცხვად აღიარა, რომ მისი მთავარი სისუსტე სამსახურის ძიების პროცესში ინგლისური ენის არცოდნა იყო. თუმცა, მარიამი ფიქრობს, რომ ფსიქოლოგის განათლების გარეშე ვერც ის ექნებოდა, რაც ახლა აქვს_სტაჟიორის თანამდებობა, თუმცა მაინც თანამდებობა, თან სამომავლო პერსპექტივებით…

გუგა 21 წლისაა, ჯერ კიდევ სტუდენტია – “ამერიკულ საერთაშორისო უნივერსიტეტში” სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების განხრით და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ გამოვიყენე “საერთაშორისო” (რაც, ასევე გავრცელებული შეხედულებით, აუცილებლად საზღვრების გადაკვეთასთანაა დაკავშირებული), იგი ვანის რაიონში მუშაობს, საქართველოს კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რაიონულ განყოფილებაში ახალგაზრდულ საქმეთა ხელმძღვანელად. ისეთი რთული სამუშაო არ აქვს, როგორიც მისი დასახელებაა. ბევრს არაფერს აკეთებს, თუმცა, შესაბამისად, ბევრს არც არაფერს უხდიან. სწავლის ფულის გადახდას რომ უხსენებ, ღიმილით გპასუხობს, ჩემი ერთი წლის ხელფასით ერთი თვის სწავლის საფასურს ვერ გადავიხდიო. გუგა ამ სამსახურში კარიერული წინსვლის პერსპექტივას ვერ ხედავს, მითუმეტეს, რომ მისი საქმიანობა საერთოდ არანაირ კავშირში არაა მის პროფესიასთან და ფიქრობს, სხვაგან გადასვლაზე დაიწყოს ზრუნვა.

ანი გულეიშვილიც სტუდენტია, მეოთხეკურსელი. ის ამბობს, რომ აქამდე სამსახურის მოძებნა არც უცდია, რადგან პირველხარისხოვნად სწავლა და კარგი აკადემიური მოსწრების ქონა მიაჩნდა:

“არ მიცდია, სამსახური მეშოვნა, იმიტომ, რომ მინდოდა, მაღალ ქულებზე დამემთავრებინა უნივერსიტეტი და შემდეგ მეპოვნა სამსახური, რათა მეტი ცოდნა დამეგროვებინა ამ ოთხი წლის განმავლობაში და კონკურენტუნარიანი CV-ც მქონოდა. მეოთხე კურსზე ვიაქტიურე და კარგად სწავლაც გამომადგა_ უნივერსიტეტიდან სამი ყველაზე მაღალი მოსწრების სტუდენტი შეარჩიეს და ასე მოხვდი “ნატახტარის” მარკეტინგის დეპარტამენტში, სტაჟიორად”.

ანი ამბობს, რომ კადრების საკმარისზე მეტი რაოდენობის და იმის გამოც, რომ სტაჟირების დაწყებამდე არანაირი მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა, ხელფასიან სამუშაოზე მისი გადაყვანის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს ადგილი მასაც, ისევე, როგორც მარიამს, CV-ს “გასამდიდრებლად” და სხვა, უკეთესი ადგილის საპოვნელად სჭირდება. ამის მიუხედავად, ანი იმედგაცრუებული არაა. მარიამისგან განსხვავებით, ის არ ფიქრობს, რომ უნივერსიტეტი კურსდამთავრებულების დასაქმებას ხელს უნდა უწყობდეს:

“არ ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტს უნდა ევალებოდეს ჩვენი სამსახურით უზრუნველყოფა. ჩვენ თავად უნდა შევქმნათ საკუთარი თავისგან დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი ადამიანები”,_ამბობს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

იმის გამო, რომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ოფიციალური მონაცემების ჩვენებაზე უარი მითხრეს, წარსულისა და აწმყოს შედარების ერთადერთ გზად ისევ ნაცნობ-მეგობრების წრე მესახებოდა და საკუთარი ძმის მეხსიერებას შევუტიე.

მიშა 28 წლისაა, “საზოგადოებრივ მაუწყებელში” მუშაობს. მან თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (მაშინ ასე ერქვა) 2006 წელს დაამთავრა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, კეთილმა ფერიამ, კონკრეტულად კი_კათედრის გამგემ მზე-ში მეგობარ პროდუსერთან უშუამდგომლა, საიდანაც ორ კვირაში გამოაგდეს.

ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ უკვე დეკანმა გაუწია რეკომენდაცია მას და კიდევ ორ სტუდენტს იმედის ტელევიზიაში.

იმედიდან მალევე მომიხდა წამოსვლა შემცირებების გამო.- იხსენებს მიშა. ახალი სამსახურის პოვნაში მიხეილს ისევ სოციალური კაპიტალი დაეხმარა. “მალე გავიგე, პირველ არხზე ახალი პროექტი კეთდებოდა, დილის გადაცემა, პროდუსერი მაკა ფანქველაშვილი იყო. მისი ნომერი გავიგე და დავურეკე. ვიცოდი, ახალი გუნდისთვის ხალხს ეძებდნენ. მოდი, ვნახოთო და გასაუბრების შედეგად ამიყვანა კიდეც. ცოტა ხანი სტაჟიორი ვიყავი და შემდეგ შტატშიც ჩამსვეს, მოამბის სპორტულ რედაქციაში. მას შემდეგ ამ არხზე ვარ და არსად ვაპირებ წასვლას, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ნებით.”

ჰო, მართლა, მიშას დიპლომი ჯერ კიდევ უნივერსიტეტშია_არც კი გამოუტანია.

P.S. დიპლომი – ძვირფასი ნივთია. მისი დანიშნულება – კითხვის ნიშანი.
P.P.S. თუ “დროებითობა” მომბეზრდება, მეორე დიპლომზე ვიზრუნებ და ჰა-ჰა გავთხოვდე, არამგონია, მანქანის მართვის სწავლა შევძლო.

წყარო: studyends.wordpress.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური