GE

რა შეცვალეს სკოლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა პანდემიის ფონზე (Reuters-ის ფოტოები)

მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო ადამიანები ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ყოველდღიურად თითოეულ ჩვენგანს უჩვეულო წესების გათვალისწინება და თავდაცვისთვის საჭირო რიგი მანიპულაციის გატარება უწევს. პანდემიის გამო, განსაკუთრებულად განათლების სფერო დაზარალდა. რამდენიმეთვიანი იზოლაციისა და ონლაინ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებებს ეტაპობრივად დაუბრუნდნენ. ქვეყებმა, სადაც კორონავირუსის ახალი დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ იკლო, სკოლების გახსნა გადაწყვიტეს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მათ სხვადასხვა ხერხს მიმართეს. Reuters-ის ფოტოგრაფებმა იმ ახალი რეალობის ჩვენება სცადეს, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიოს მოსწავლეები აღმოჩნდნენ.

ტაილანდში, პათუმ ტანის პროვინციაში, მოსწავლეებს ნიღბებისა და ფარების გარდა, თავდაცვის კიდევ ერთი უჩვეულო საშუალება აქვთ. ბავშვების ერთმანეთისგან დაშორებისა და იზოლაციის მიზნით აქ ძველი საარჩევნო ურნები გამოიყენეს. კარანტინის შემსუბუქებისა და სასწავლო დაწესებულებების გახსნის შემდეგ, ბანკოკში კი მოსწავლეები ლანჩს სპეციალური გამჭვირვალე ფარის მიღმა მიირთმევენ.

ინგლისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს შორის სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციამ ჰულა ჰუპების გამოყენება გადაწყვიტა.

სამხრეთ კორეაში თითოეული მოსწავლის მერხი გამჭვირვალე ფარით არის იზოლირებული. გარდა ამისა, ბავშვებს სკოლის ბუფეტში მოსახვედრად, სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვით, რიგში დგომა უწევთ.

სკოლის ბუფეტში მოხვედრის წესი:

საფრანგეთის სხვადასხვა სკოლამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განსხვავებული ზომები მიიღო. ნანტიში სკოლების გახსნის შემდეგ, მოსწავლეებს შორის სოციალური დისტანციის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეზოში თამაშიც დროსაც კი.

ასევე აღსანიშავია, რომ მოსწავლეებს საკუთარი სათავსოების გამოყენება ეკრძალებათ. თაროებზე განთავსებული წიგნები და სათამაშოები, რომელთა გამოყენებაც მოსწავლეებს არ შეუძლიათ, ამკრძალავი ლენტით არის შემოსაზღვრული. გარდა ამისა, სკოლაში შესვლამდე ბავშვები რიგში, სპეციალურ ნიშნულებზე დგანან. ერთ-ერთ სკოლაში, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ბავშვებს დისტანციის დაცვის წესები ასწავლეს. ამავე მიზნით სკოლის დერეფნებსა და კიბეზე განთავსებული ნიშნულები მოსწავლეებს მოძრაობის სწორ მიმართულებას აჩვენებს. ერთ-ერთი სკოლის საპირფარეშოში ბავშვებს დახვდათ აბრა წარწერით ,,დაიცავით დისტანცია“.

სასწავლო პროცესის განახლებისას მკაცრი ზომები ბელგიამაც მიიღო. სკოლების გახსნის შემდეგ, სასწავლო დაწესებულების ეზოში ერთმანეთთან კონტაქტისას, მოსწავლეებმა პირბადეები უნდა გამოიყენონ და სოციალური დისტანცია დაიცვან. კლასში პირბადე უკლებლივ ყველას უნდა ეკეთოს. სკოლაში შესვლამდე მასწავლებლები ბავშვებს სიცხეს უზომავენ.

პორტუგალიაში სკოლაში შესვლამდე მოსწავლეებს პირბადეების გაკეთება და ხელები სპეციალური ხსნარით დამუშავება უწევთ.

კანადაში, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სოციალური დისტანცია ზედმიწევნით დაიცვან, სკოლის ეზოში სპეციალური მწვანე ნიშნულებია დატანილი.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური