როგორი უნდა იყოს განათლების სამინისტროს ხედვით პასუხისმგებლიანი და ეთიკური მასწავლებელი – მოთხოვნები გაიწერა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით, დეტალურად გაიწერა რას მოიაზრებს მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა ახალი სტანდარტის შესაბამისად.
რას მიიჩნევს განათლების სამინისტრო მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობების ნაწილად:
- მასწავლებელი ზრუნავს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, აფასებს საკუთარ პრაქტიკას, განსაზღვრავს პროფესიულ საჭიროებებს და გეგმავს მათი განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობას.
– მასწავლებელი საკუთარი საქმიანობის მუდმივი და მრავალმხრივი რეფლექსიისა და დარგში მიმდინარე სიახლეების ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს პროფესიული განვითარების საჭიროებებს.
– მასწავლებელი თვითშეფასების შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმას და ახორციელებს შესაბამის აქტივობებს.
- მასწავლებელი სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს მტკიცებულებებსა და მრავალფეროვანი მონაცემების სისტემურ ანალიზზე დაყრდნობით. მიზანმიმართულად აგროვებს, აანალიზებს და იყენებს მოსწავლეთა სწავლისა და განვითარების შესახებ მონაცემებს, კრიტიკულად აფასებს საკუთარ პროფესიულ პრაქტიკასა და მიღებულ შედეგებს; მტკიცებულებების საფუძველზე გეგმავს და ახორციელებს შესაბამის ცვლილებებს სასწავლო პროცესის ხარისხისა და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის.
– მასწავლებელი სწავლების დაგეგმვისა და ორგანიზებისას ეფუძნება მოსწავლეთა შეფასების შედეგებს, დაკვირვებისა და უკუკავშირის მონაცემებს და იღებს გააზრებულ და მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის.
– მასწავლებელი რეგულარულად აანალიზებს განხორციელებული სასწავლო პროცესის შედეგებს, აფასებს საკუთარი პრაქტიკის ეფექტიანობას და, მიღებული მონაცემების საფუძველზე, სრულყოფს სწავლების მეთოდებს, სტრატეგიებსა და რესურსებს.
– მასწავლებელი გადაწყვეტილებების მიღებისას ეყრდნობა სანდო კვლევებს, პროფესიულ რეკომენდაციებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკებს.
- მასწავლებელი ეფექტიანად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, ამყარებს პროფესიულ და კონსტრუქციულ კომუნიკაციას და აქტიურად მონაწილეობს თანამშრომლობითი სასწავლო და პროფესიული გარემოს განვითარებაში.
– მასწავლებელი მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, კოლეგებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციისას იყენებს პატივისცემაზე, თანასწორობასა და არადისკრიმინაციულ მიდგომაზე დაფუძნებულ ენასა და პრაქტიკას.
– მასწავლებელი მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ და თანამშრომლობს მათთან მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
– მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ და მიზნობრივ ჩართულობას.
– მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთგანვითარების მიზნით.
– მასწავლებელი სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობებში (მაგ., კრიტიკული მეგობარი, პროფესიული სასწავლო ჯგუფები, ქოუჩინგი, მენტორინგი და სხვ.) აქტიური მონაწილეობით ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობითი და რეფლექსიური კულტურის განვითარებასა და პროფესიული საზოგადოებების გაძლიერებას.
- მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობს სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობაში, თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან და ხელს უწყობს პოზიტიური, ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის განვითარებას.
– მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობს სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობაში და ეფექტიანად თანამშრომლობს სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის, მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, თითოეული მოსწავლის, სკოლისა და თემის განვითარების მხარდასაჭერად.
– მასწავლებელი ქმნის შესაძლებლობებს, რომ მოსწავლეები ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღონ ისეთ აქტივობებში, რომლებიც აძლიერებს სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას.
რას მიიჩნევს განათლების სამინისტრო მასწავლებლის პროფესიული ეთიკის ნაწილად:
- მასწავლებელი პროფესიულ საქმიანობას წარმართავს ეთიკის, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით.
– მასწავლებელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას იღებს კეთილსინდისიერ, სამართლიან და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს და ხელს უწყობს თანასწორობის დამკვიდრებას.
– მასწავლებელი პროფესიულ საქმიანობაში იცავს ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს.
– მასწავლებელი იცავს მოსწავლის პერსონალურ მონაცემებს.
– მასწავლებელი პედაგოგიური საქმიანობის პროცესში ეთიკურად, პასუხისმგებლიანად და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით იყენებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს.
– მასწავლებელი სასწავლო პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეებში ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გააზრებასა და პრაქტიკაში დამკვიდრებას.
ასევე იხილეთ:
დამტკიცდა მასწავლებლის განახლებული პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი (2026)
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება