რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან?
საგამოცდო ციებ-ცხელება თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. გამოცდების მოახლოებასთან ერთად, აბიტურიენტები სულ უფრო მგრძნობიარენი ხდებიან ტესტირების პროცესთან დაკავშირებული დეტალების მიმართ.
ამჯერად Aris.ge-განათლება აბიტურიენტებს აწვდის ინფორმაციას, თუ რა წესები უნდა დაიცვან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რა შემთხვევაში ხდება აბიტურიენტის მოხსნა საგამოცდო პროცესიდან და როგორ უნდა იმუშაონ პასუხების ფურცელზე. დეტალებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე საუბრობს.
– ბატონო ივა, რა შემთხვევაში დატოვებს ახალგაზრდა საგამოცდო პროცესს და როგორია აკრძალული გადაცდომების ჩამონათვალი?
-აბიტურიენტი ტოვებს გამოცდას, თუკი იგი შეეცდება, გამოიყენოს ან გამოიყენებს დამხმარე მასალას – იგივე „შპარგალკას“. ასევე გამოცდიდან მოიხსნება, თუ იგი გამოცდაზე შეიტანს მობილურ ტელეფონს. ასევე, აბიტურიენტი ტოვებს გამოცდას თუკი ის უხეშობს მეთვალყურესთან, ხელს უშლის სხვა აბიტურიენტებს მშვიდად მუშაობაში და იწვევს ქაოსს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობისას.
–თუკი აბიტურიენტი შეეცდება, სხვისგან გადაწეროს პასუხები, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ასევე, სკოლებში საკონტროლო წერებისას ბავშვები ერთმანეთს გადაუჩურჩულებენ ხოლმე ამათუიმ პასუხს და არ არის გამორიცხული, ერთმანეთს ასე ეროვნულ გამოცდაზეც დაეხმარონ – ამ შემთხვევაში ისინი გამოცდას დატოვებენ?
-დიახ, არის ხოლმე ასეთი მცდელობები. როდესაც აბიტურიენტი ცდილობს პასუხები გვერდით ან წინ მჯდომისგან გადაიწეროს, ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში მეთვალყურე მას მისცემს გაფრთხილებას, თუმცა არ გაუშვებს გამოცდიდან. თუკი მსგავს ფაქტს აბიტურიენტი შენიშვნის მიცემის შემდეგ კიდევ გაიმეორებს, ის უკვე დატოვებს საგამოცდო პროცესს. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, გადაჩურჩულებისას და ამ ფორმით პასუხის კარნახისასაც იგივენაირად ხდება – პირველად მეთვალყურე აძლევს შენიშვნას, გამეორების შემთხვევაში კი ატოვებინებს საგამოცდო პროცესს. ამიტომ, ყველა აბიტურიენტმა უნდა დაიცვას წესები და თავიდან აირიდოს მსგავსი უსიამოვნებები.
–თუ აბიტურიენტი საგამოცდო ფურცელზე პასუხის გადატანისას შეცდომას დაუშვებს, აქვს თუ არა შეცვლის უფლება?
-დიახ, ასეთ შემთხვევაში შეუძლია მოითხოვოს პასუხების ფურცლის შეცვლა. თუკი დაეხევა, წყალი დაეღვრება ფურცელზე ან ნებისმიერი სხვა დაზიანება ექნება, ან თუკი არასწორად გადაიტანს პასუხს და შეეშლება, რამდენჯერაც დასჭირდება, შეუძლია, მეთვალყურეს სთხოვოს პასუხების ფურცლის შეცვლა. ამაში შეზღუდვები არ არის.
– რა შემთხვევაში არ იბარებს მეთვალყურე საგამოცდო ტესტების პასუხების ფურცელს?
– არავითარ შემთხვევაში პასუხების ფურცელზე არ უნდა იყოს ზედმეტი მინაწერები ან სიმბოლოები, გარდა პასუხების აღმნიშვნელი სიმბოლოებისა. არავითარი სხვა შინაარსის წარწერა – პასუხების ფურცელზე მხოლოდ უნდა იყოს ჯვრის ფორმის სიმბოლოები, რომლებიც დაისმევა ამათუიმ ტესტის შესაბამის უჯრაში. რაც შეეხება სახელის ან გვარის, ან სხვა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწერას, ასეთ შემთხვევაში ტესტების ფურცელს მეთვალყურე არ იბარებს.
– გასულ წელს და წინა წლებშიც იყო შემთხვევები, რომ აბიტურიენტმა პასუხების ფურცელზე ჯვრის ფორმის სიმბოლოების ნაცვლად ე.წ. „კრესწიკები“ ან ლათინური ასოები დასვა, ასეთი ფურცელი ჩააბარა და საგამოცდო სივრცის დატოვების შემდეგ გაახსენდა, რომ ასეთი შეცდომა დაუშვა. რა ხდება ამ დროს? ავტომატურად ეთიშება გამოცდას თუ აქვს გასწორების ან გასაჩივრების შანსი?
-კი, იყო ასეთი ფაქტები გასულ წელსაც და ადრეც. სასურველია არ მოხდეს მსგავსი შეცდომის დაშვება, თუმცა დაშვების შემთხვევაში აბიტურიენტს შეუძლია სპეციალურ სააპელაციო კომისიას მიმართოს. კომისია შეისწავლის საჩივარს და იმსჯელებს უნდა გასწორდეს თუ არა ნაშრომი. შარშან იყო მსგავსი შემთხვევა, და კომისიის გადაწყვეტილებით, სწორი პასუხები ჩაითვალა.
– როგორია სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებების სტატისტიკა, უფრო ხშირად აბიტურიენტის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს თუ პირიქით?
– ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უფრო ხშირად გადაწყვეტილებები აბიტურიენტების სასარგებლოდ მიიღება. როგორც წესი, საქმე გვაქვს ხოლმე ტექნიკური ხასიათის შეცდომებთან და სააპელაციო კომისია იღებს გადაწყვეტილებებს.
–რამდენი აბიტურიენტი მოიხსნა შარშანდელი გამოცდიდან?
– ზუსტი ციფრს ვერ დავსახელებ, თუმცა ბევრი შემთხვევა არ ყოფილა. ალბათ, ათზე უფრო ნაკლები ასეთი ფაქტი იყო გასულ წელს.
– თუკი აბიტურიენტი ვთქვათ, ერთი გამოცდიდან მოიხსნება, შემდეგ სხვა გამოცდების ჩაბარების უფლებაც ავტომატურად ერთმევა?
-არა. აქვს უფლება, რომ შემდეგ სხვა გამოცდები ჩააბაროს. თუმცა გააჩნია რომელი გამოცდიდან მოიხსნება. თუ მოიხსნა სავალდებულო საგნის გამოცდიდან, ეს ცუდია. თუკი 5 საგანი აქვს არჩეული და არასავალდებულო გამოცდიდან მოიხსნება, აქვს კიდევ შანსი უმაღლესში ჩაირიცხოს, თუმცა გრანტს ვერ მოიპოვებს.
როგორც Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა, ერთიანი ეროვნული გამოცდებს 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა გახსნის და ყველაზე ბოლოს, 22 ივლისს, ქიმიის გამოცდა ჩატარდება.
მაგისტრანტობის მსურველებისთვის გამოცდები 9 ივლისს დაიწყება, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი კი 20 ივლისს ჩატარდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015-ის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით სულ 19 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. საგამოცდო ცენტრები იქნება ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო.
ბოლო მონაცემებით, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 000-ზე მეტი აპლიკანტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი, 12 500-ზე მეტი მსურველი.
ივა მინდაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ საგამოცდო ცენტრთან ძალიან ადრე ნუ გამოცხადდებიან.
ახალი ქცევის წესები აბიტურიენტებისთვის – რა ცვლილება შევიდა გამოცდიდან მოხსნის წესში
რჩევები აბიტურიენტებს – რა ნივთების შეტანის უფლება აქვთ და რისი არა გამოცდაზე
გიორგი არის© ხურცია
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე