მთავრობამ მანდატურის ინსტიტუტის შესახებ მომზადებული ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების პროექტი, რომელიც განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა და ის უახლოეს მომავალში განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს.
სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების დამონტაჟება.
ასევე, იცვლება მოთხოვნები მანდატურის კანდიდატის მიმართ, კერძოდ, კანდიდატს სრულ ზოგად განათლებასთან ერთად, უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება და უნდა იყოს, სულ მცირე, 21 წლის ასაკის.
მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება.
ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს.
„პირადი გასინჯვა“ იცვლება „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით“, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს.
სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტყროში აცხადებენ, განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული განრიგით, საჯარო სკოლებში ვიდეოკამერების განთავსება ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- როგორ და რა პრინციპით შემოწმდება აჭარაში განათლების სამინისტროზე დაქვემდებარებული უწყებები – მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მასწავლებლად – რა გამოსავალი განიხილება აჭარაში პედაგოგთა დეფიციტის შესავსებად by ARIS.GE-განათლება
- რა მოთხოვნებს ასრულებენ პროფესიული კოლეჯები ფორმალურად და რა იცვლება პროფესიულ განათლებაში 2024 წლიდან – დეტალები by პროფესიული განათლების ამბები