„…რა სითამამეა, 0 კრედიტი მიიღე გარე დაკვირვებაში და ააფრიალე საქვეყნოდ“
პედაგოგები კარიერული წინსვლის დროს მიღწეულ შედეგებს ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში და მილოცვებსაც იღებენ. ინგლისური ენის პედაგოგი ლელა ტარიელაძე კი, ალბათ, ერთადერთი გამონაკლისია, რომელმაც გარე დაკვირვების შედეგად მიღებული 0 კრედიტი საჯაროდ გამოაქვეყნა და ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზებზეც საჯაროდ ისაუბრა.
„მეგობრებო არ მითხრათ ახლა, რა სითამამეა 0 კრედიტი მიიღე გარე დაკვირვებაში და ააფრიალე საქვეყნოდო, ასე 4-კრედიტიანები არ ტრაბახობენო. მოკლედ, რისი თქმა მინდა, მაშინ როცა ძალიან ბევრი საუკეთესო კლასები მყავს სკოლაში, მე გამოწვევად ჩავთვალე და ავირჩიე გარე დაკვირვებისთვის ყველაზე პრობლემური კლასი, რადგან ამ კლასში არიან საუკეთესო მოსწავლეებიც და ასევე ისეთებიც, სხვადასხვა საჭიროებასაც რომ ითხოვენ. მე ასე ვფიქრობ, თუ მასწავლებელი ხარ ყველა კლასში უნდა შეგეძლოს კარგი გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ, ალბათ, არ გამომივიდა, რადგან ფაქტი სახეზეა 0 კრედიტის სახით. არ გამხარებია, გულიც მეტკინა, თუმცა არ ვაპირებ არავის გალანძღვას, არც ცუდის თქმას და არც დამალვას. ეს გამოსწორდება, ამით არ სრულდება არაფერი. მე უფრო მოტივირებული გავხვდი. უფრო მეტს და მეტს მოვთხოვ საკუთარ თავს“, – დაწერა პედაგოგმა.
EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა უფრო ახლოს გაეცნო საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები მასწავლებელი და გაეგო რა სირთულეები აქვთ პედაგოგებს პანდემიის პირობებში კარიერული წინსვლის პროცესში.
ლელა ტარიელაძე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მუშაობს და ამავე სოფელში ცხოვრობს. გარე დაკვირვების გაკვეთილი მან საკლასო ოთახში პირისპირ დასწრების რეჟიმში ჩაატარა და როგორც ამბობს, სხვადასხვა მიზეზის გამო, დროის სწორად გათვლა ვერ შეძლო.
„სანამ გარე დაკვირვებაზე გავიდოდი ჩატარებული უნდა მქონოდა ოთხი ინოვაციური გაკვეთილი, ყველა ჩავატარე და კარგად გამომივიდა. სხვადასხვა აქტივობებით 20 კრედიტი მაქვს მოპოვებული და წამყვანის სტატუსის მისაღებად მჭირდებოდა მხოლოდ 4 კრედიტი, რომელიც გარე დაკვირვებიდან უნდა მიმეღო. არ ვიცი, შეიძლება მოხდეს ზოგჯერ ისე, რომ არ გამოგივიდეს კარგი გაკვეთილი. არ მინდა რომ ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სანამ ეს გაკვეთილი დაგვეწყებოდა, მართლა ძალიან ვღელავდი, დამკვირვებელს ცოტა შეაგვიანდა. ძალიან შორს ვცხოვრობთ, აზერბაიჯანის საზღვართან ვართ, სანამ თბილისიდან აქ ჩამოვიდოდა, მესმის, ცუდი გზა იყო და ვერ განსაზღვრავდა დროს. ანუ უკვე გაკვეთილზე შესვლის დრო იყო რომ მოვიდა, არ მქონია წინა საგაკვეთილო შეხვედრა ნორმალურად და შესაძლოა ამანაც იმოქმედა ჩემზე. არც ტელეფონზე დამიხედავს საათზე, მაგრამ ვიცი, რომ დაახლოებით 5 წუთი დაგვაგვიანდა გაკვეთილზე შესვლა. ზარი დაირეკა და არ მქონდა ბავშვებისთვის საშინაო დავალება ჩანიშნული და არ მქონდა გაკეთებული შეფასება. ყოველი აქტივობის შემდეგ, ბავშვებს ვუკეთებდი კომენტარს, განმავითარებელ შეფასებას, მაგრამ ზარი რომ დაირეკა მე ვიცოდი, ტრენინგი მაქვს გავლილი, რომ მერე არც ერთი წუთი აღარ მეკუთვნოდა. კი მოვახერხე დავალება ჩამენიშნა და თვითშეფასების კითხვარებიც დავურიგე ბავშვებს, მაგრამ თავადაც მივხვდი, რომ ეს გაკვეთილი არ შემიფასდებოდა. არ ჩავწერე რეფლექსიაში ის, რომ დამკვირვებელს დააგვიანდა და არ შევედით გაკვეთილზე თავის დროზე, ვიფიქრე, რადგან თავად დააგვიანდა გაითვალისწინებდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო“, – ამბობს ლელა ტარიელაძე.
ინგლისური ენის პედაგოგი აპირებს გარე დაკვირვების გაკვეთილის დასკვნა გამოითხოვოს და შესწავლის შემდეგ, შესაძლოა გაასაჩივროს.
სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლა 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე პირისპირ სწავლების რეჟიმში მუშაობდა ამ პერიდოში ჩატარდა გარე დაკვირვების გაკვეთილიც. დაახლოებით 12 დღეა, რაც ეპიდსიტუაციის გართულების გამო, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. პედაგოგი ამბობს, რომ გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ონლაინ სწავლებას დადებითი მხარეები აქვს.
„ბავშვების უმეტესობა გაკვეთილებს ესწრება, მაგრამ არის ერთეული შემთხვევები, როცა ინტერნეტი არ აქვთ და ვერ გვიერთდებიან. გააჩნია კლასს, მოსწავლეს და მშობელს. მქონია შემთხვევა, მაგალითად მოსწავლე რომელიც დასწრებული რეჟიმის დროს ზარმაცობდა, ონლაინ სწავლებისას უფრო გააქტიურდა. ვფიქრობ, ამის მიზეზი მშობლის უფრო მეტი ყურადღებაა, შეიძლება ინგლისური არც იცოდეს და ვერ დაეხმაროს, მაგრამ ბავშვი რეჟიმში ყავს, ქუჩაში ვეღარ გადის სათამაშოდ, იცის რომ მასწავლებელმა უნდა დაურეკოს. ონლაინ რეჟიმში უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო მშობელმა და რცხვენია, რომ ბავშვმა გაკვეთილი არ იცოდეს. სკოლაში როცა უშვებს ბავშვს, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს, იმიტომ, რომ ვერ ხედავს იქ რა ხდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. შეიძლება ბავშვმა უთხრას, რომ მე ვიცოდი გაკვეთილი და მოატყუოს, სახლში ვეღარ გამოდის ასეთი ტყუილი. საკმაოდ ნორმალურად მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესი. იანვრიდან ალბათ, დავბრუნდებით სკოლაში“, – გვეუბნება ლელა ტარიელაძე.
საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები მასწავლებელი ამბობს, რომ რეგიონში მომუშავე პედაგოგებისთვის, დედაქალაქთან ტერიტორიულ სიშორის გამო, პროფესიული განვითარების მხრივ გარკვეული ბარიერები არსებობს, თუმცა ამ მხრივ დადებითი შედეგები პანდემიამ და ონლაინ ტრენინგების დანერგვამ მოიტანა.
„ჩემი სოფელი დედოფლისწყაროდან, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 65 კილომეტრითაა დაშორებული, აზერბაიჯანის საზღვართან ვცხოვრობთ. სიმართლე გითხრათ, ძნელია პროფესიული განვითარებისთვის იზრუნო, მინდა ხოლმე დავესწრო ტრენინგებს, მოვისმინო სიახლეები, მაგალითად არ მაქვს გავლილი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებით სწავლება, რაღაც ელემენტები, რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ ძირეულად არ გამივლია და დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი. მთელი დღე უნდა, რომ ჯერ თბილისში ჩავიდე და იქედან კიდევ უკან რომ დავბრუნდე, მხოლოდ ორი დღე მიაქვს გზას, ამ კუთხით ძალიან რთულია წინსვლა გქონდეს. ჩემთვის ძალიან მისაღებია ონლაინ ტრენინგების სისტემა, ორ ტრენინგზე უკვე დარეგისტრირებული ვარ და ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია, ვარ სახლში და აქედან ვისმენ საჭირო მასალას. პირდაპირი რეჟიმი უფრო უკეთესია, მაგრამ ჩემს პირობებში, ეს გამართლებაა“, – აცხადებს ლელა ტარიელაძე.
პედაგოგების ნაწილი და განათლების სფეროში ჩართული პირები ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების სქემა ბევრ ბარიერს მოიცავს, რაც სისტემაში ახალი კადრების შემოდინებას აფერხებს. ინგლისური ენის პედაგოგი კი ფიქრობს, რომ მსგავსი ბარიერების არსებობა აუცილებელია.
„გულახდილად გეტყვით, ნამდვილად არის საჭირო, რომ მასწავლებელმა ამდენი ეტაპი გაიაროს. ჩვენ როდესაც საკლასო ოთახში შევდივართ, ბავშვების შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. ხშირად მინახავს ისეთი მასწავლებელი, რომელმაც ელემენტარულად მოსწავლესთან მიდგომა არ იცის, არ იცის ნიშნის დაწერის წესი. ეს სიახლეები, რაც ჩვენს განათლების სისტემაში დამკვიდრდა, ან ახლა ინერგება, ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს და ნამდვილად საჭიროა. მე ვერ გავიარე გარე დაკვირვება, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ არაა საჭირო“, – ამბობს მასწავლებელი.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება