რა უჯდებათ აბიტურიენტებს რეპეტიტორებთან სიარული?
რატომ ემზადები რეპეტიტორთან? – ამ კითხვაზე თითქმის ყველა აბიტურიენტი გიპასუხებთ, რომ სკოლაში არ არის სწავლა და იქ მიღებული ცოდნით ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებს და უნივერსიტეტში ვერ მოხვდება.
სკოლაში სწავლების დონე ცალკე პრობლემაა, თუმცა რეპეტიტორებთან სიარულს დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი მხარეც ახლავს თან. ერთ-ერთია ის მძიმე ფინანასური ტვირთი, რომლის აღება საკუთარ თავზე უწევს აბიტურიენტის ოჯახს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლე 4 საგანში მაინც ემზადება. ესაა ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ზოგადი უნარები. მეოთხე გამოცდის არჩევა მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების და ხელოვნების საგნებიდან უწევს.
ერთი საგნის ფასი 80 ლარიდან იწყება (ეს ფასი იშვიათია, თუ საქმე აბიტურიენტის მომზადება ეხება) და 150 ლარამდეც ადის. გამოდის, რომ ერთ საგანში ერთი წლის მანძილზე მომზადება, უხეში გათვლებით, მშობელს 900-დან 1500 ლარამდე უჯდება. ამ ციფრს თუ 4-ზე გავამრავლებთ (სწორედ ამ რაოდენობის გამოცდას აბარებს აბიტურიენტი უნივერსიტეტში მოსახვერად) , საკმაოდ დიდ თანხას მივიღებთ, რომელიც ყოველწლიურად ოჯახების ბიუჯეტიდან გაედინება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი აბიტურიენტი მომზადებას 2 წლით, ან უფრო ადრე იწყებს, განსაკუთრებით უცხო ენაში და მშობლების მიერ შვილების სწავლაში გადახდილი ფულის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აუცილებელია მოსწავლემ საატესატო გამოცდებიც ჩააბაროს. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირებით (cat ), რომლის სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან. გამოსაშვებ გამოცდებში ყოველწლიურად 45 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ზოგიერთი მოსწავლე გამოსაშვები გამოცდებისთვისაც ემზადება და ეს კიდევ დამატებითი ტვირთია მათი ოჯახებისთვის.
„ახლა ისეთი დროა, თუ არ მოამზადე ბავშვი კერძო მასწავლებელთან, საკუთარი ძალებით, მარტო სკოლის ცოდნით ვერ ჩააბარებს გამოცდებს. თან ყველა ემზადება და მასწავლებელიც აღარ იწვალებს თავს გაკვეთილის ახსნით. ძვირი მიჯდება ნამდვილად ჩემი შვილის კერძო გაკვეთილები, თან ჩვენ დოლარებში ვუხდით რეპეტიტორებს ფულს და ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა რამდენი გვექნება გადასახდი 4 საგანში? მაგრამ რა ვქნა, როცა საქმე ჩემი შვილი სწავლას ეხება?”, – ამბობს დიანა მაისურაძე, რომლის შვილიც ახლა გადის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
როგორც თბილისის 76-ე საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი ლამარა მეტრეველი აღნიშნავს, საატესტატო გამოცდები ისეთი სირთულის არაა, მოსწავლემ სკოლაში ნასწავლით რომ ვერ დაძლიოს:
„მიკვირს, როდესაც ვიგებ, რომ ჩემი მოსწავლეები საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებიან. პროგრამას მე ისედაც გავდივარ მათთან კლასში, რითაც თავისუფლად შეუძლიათ ჩაბარება. რატომ ყრიან ამხელა ფინანსურ რესურსს იმაში, რასაც კლასში ისედაც ვაწოდებ? ალბათ, უფრო მოდის გამო დადიან მოსამზადებლად. თორემ აბიტურის საათებსაც ვატარებ სკოლაში, სადაც ერთიან ეროვნულ გამოცდების ტესტების ნიმუშებზე ვავარჯიშებ“- ამბობს ფიზიკის პედაგოგი.
საატესტატო გამოცდებისთვის მომზადებას თავის დროზე თავი დაანება თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა ქეთი სხილაძემ, როდესაც მიხვდა, რომ თავს ისედაც გაართმევდა.
„სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის ბიოლოგიის და ქიმიის საგნებში ვემზადებოდი ერთი თვე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ თანხას ტყულიად ვხარჯავდი და ისედაც ჩავაბარებდი. სკოლის გამოცდებისთვის არ მოვმზადებულვარ არსად“, – გვითხრა ქეთიმ.
რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რეპეტიტორებთან დადიოდა, თუმცა როგორც ქეთი სხილაძე ამბობს, ზესტაფონში, სადაც ის ემზადებოდა, თბილისთან შედარებით საკმაოდ დაბალი ფასებია, რაც სწავლების ხარისხზე არ აისახება:
„2012 წელს დავამთავრე სკოლა. ძალიან მინდოდა თსუ-ში უფასოზე მოვხვედრილიყავი და ამისთვის მჭირდებოდა მაღალი ქულები. სკოლაში, ფაქტობრივად, არ გვასწავლიდნენ არაფერს. რეპეტიტორებთან დავდიოდი იმ საგნებზე, რომლის ჩაბარებასაც ვაპირებდი. ლიტერატურაში ვემზადებოდი 1 წელი, უცხო ენაში – 2, ზოგად უნარებში – 1 და გეოგრაფიაშიც 1 წლის მანძილზე. ქართულში თვეში ვიხდიდით 50 ლარს, მაქსიმალური ჩვენს რეგიონში შეიძლებოდა ყოფილიყო 70 ლარი. ჯგუფში ოღონდ თხუთმეტნი ვიყავით. რაც შეეხება დანარჩენ საგნებს, გეოგრაფიაზე – 12, გერმანულზე კი 8 ბავშვი ვემზადებოდით. ოღონდ გერმანულზე ძალიან დიდხანს გვიტარდებოდა გაკვეთილები, 3 საათი კვირაში 4-ჯერ. მე როდესაც ვემზადებოდი, გეოგრაფიაში ვიხდიდი 40 ლარს, უნარებშიც 40 ლარს, უცხო ენაში 50-ს.
დანარჩენ საგნებში დავდიოდი კვირაში 3-ჯერ, 2-2 საათი. ჯგუფთან ერთად. ზესტაფონში მასწავლებელი ვერ ვიპოვე, რომელიც ინდივიდუალურად მამეცადინებდა, რადგან რესურსი ძირითადად შეზღუდულია, დიდ ჯგუფებიანი მასწავლებლები გვყავს. რეპეტიტორთან მომზადება იმიტომ ვარჩიე, რომ მასთან მეტი ყურადღება ეთმობა თითოეულ ბავშვს. მასწავლებლები იმ ადამიანების რჩევით მოვიძიე, ვისაც ვენდობოდი. ვკითხულობდი ასევე მის მოსწავლეებს რა შედეგები ჰქონდათ გამოცდებზე“, – გვიყვება ქეთი. ის თავისი რეპეტიტორების ძალიან მადლობელია, რადგან სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა და უფასოზეც სწავლობს.
დედაქალაქის ფასებთან შედარებით რეგიონებში რეპეტიტორთან მომზადების საფასური რომ დაბალია, ამას ჩვენი შემდგომი რესპონდენტის, მარიამ ყავრელიშვილის საუბარიც ადასტურებს. იგი აბიტურიენტია და ახალქალაქში 4 საგანში ემზადება:
„დამატებით მეცადინეობაზე სიარული იმიტომ გადავწყვიტე, რომ სკოლაში იმას ვერ ვსწავლობ, რაც ეროვნული გამოცდებისთვის მჭირდება. არ გვასწავლიან, როგორ უნდა დაიწეროს ესე, არ გვავარჯიშებენ უნარების ტესტებზე. ორი წელია ვემზადები ზოგად უნარებში და თვეში ვიხდი 70 ლარს. ერთი წელია ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვემზადები 50 ლარად. ისტორიაში 60-ს და ინგლისურში 90-ს ვიხდი. უნარებში, ინგლისურსა და ისტორიაში ორს, ხოლო ქართულში ოთხ მოსწავლეს ერთად გვიტარდება რეპეტიტორთან გაკვეთილები. სკოლაში მიღებული ცოდნით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ, მაგრამ მოგეხსენებათ, კლასში მოსწავლეების რაოდენობა ბევრია, ამიტომ არ ხდება გაკვეთილის დაწვრილებით განხილვა. რეპეტიტორთან კი მეტი დრო მრჩება ახალი მასალის უკეთ შესასწავლად და განვლილი მასალის გასამეორებლად“, – გვეუბნება მარიამი.
რეპეტიტორის ინსტიტუტს განათლების სისტემის ნაკლად მიიჩნევს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი და განათლების სპეციალისტი, თამარ მოსიაშვილი. მისი თქმით, მითები იქმნება, თითქოს სკოლა ვერ უზრუნველყოფს გამოცდებისთვის ბავშვების მომზადებას. რეპტეტიროებთან დადიან და ამის გამო ჩვენი ოჯახები და ბავშვები ზარალდებიან.
„არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, რადგან სკოლაში შეუძლებელია სრულფასოვანი განათლების მიღება. მიზეზებად ასახელებენ კლასში მოსწავლეთა რაოდენობას, მასწავლებლის კვალიფიკაციას, გადატვირთულ პროგრამებს და ა.შ. ჩემი აზრით არასწორია ასე ცალსახად დავინახოთ სარეპეტიტორო სკოლის არსებობისა და მისი უპრეცენდენტო გავრცელების მასშტაბები.
პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ სარეპეტიტორო სკოლა არის ჩვენი სისტემის სენი, ამ სენით ყველაზე მეტად მოსწავლე იჩაგრება, რადგან თუ მის ოჯახს ფული არ აქვს, ვერ ახერხებს ცოდნის გახსენებას. არადა გახსენება მას სჭირდება. ჩვენ ყოველთვიურად ვიხდით ათეულობით ლარს, რომ ვასულდგმულოთ სარეპეტიტორო სკოლა, რადგან ბავშვს ბევრი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. რატომაა ასე ძლიერი სარეპეტიტორო სკოლა? რატომ ხუჭავს თვალს ყველა დროის ხელისუფალი ამ სკოლაზე? ყველა დროის ხელისუფალი ცდილობდა, მასწავლებლებს ჰქონოდათ დამატებითი შემოსავლის მოპოვების შესაძლებლობა. რატომ? ყველა დროის ყველა მთავრობა მათ მცირე ხელფასს უხდის. არადა ყველა დროის მთავრობას მათი გულისმოგება და კეთილდღეობა სურს, რადგან არ უნდა პრობლემები“, – აცხადებს Aris.ge-განათლებასთან თამარ მოსიაშვილი.
განათლების სპეციალისტი გამოსავალს საგამოცდო სისტემის გადახედვასა და მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდაში ხედავს.
„გამოსავალი ერთია: საგამოცდო სისტემის გადახედვა, გამოცდების შემცირება და საზოგადოების სტრესისგან გათავისუფლება, ასევე სკოლების დაფინასნების გაზრდა, კერძოდ, კვალიფიციური მასწავლებლისთვის შესაბამისი ხელფასის დანიშვნა“, – აღნიშნავს მოსიაშვილი.
“რაში გვჭირდება 12 ცენტრალიზებული გამოცდა?!- საზოგადოება ამ კითხვას მალე დასვამს”
თამარ სანიკიძე: „საატესტატო და ეროვნული გამოცდების ოპტიმიზაცია 2017 წლისთვის უკვე გაკეთებადი იქნება“
2015 წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს უფრო მეტი სააზროვნო დავალება ექნებათ
ცისანა არის© შერგილაშვილი
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი