რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა საგამოცდო ბარათის შესახებ და როდის შეძლებთ მის ამობეჭდვას
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება. უკვე ცნობილია გამოცდების განრიგიც, თუმცა აბიტურიენტებს ჯერ არ აქვთ ინფორმაცია პირადი საგამოცდო განრიგის თაობაზე, რომელიც ახლო მომავალში პირად სარეგისტრაციო გვერდზე გამოუჩნდებათ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 12 ივნისს განუცხადეს, სავარაუდოდ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 20 ივნისის შემდეგ მიეცემათ.
რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ:
აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან ამობეჭდავენ (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობს შედეგებს).
ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
- აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
- საგამოცდო ცენტრის მისამართი;
- თითოეული გამოცდის თარიღი;
- გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;
- საგამოცდო სექტორისა და სამუშაო მაგიდის ნომრები;
- საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ატესტატის წარმოდგენის შესახებ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია საგამოცდო ბარათის შესახებ! – საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი უნდა იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.
“საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. შედეგების გასაგებად შეინახეთ ან დაიმახსოვრეთ თქვენი საიდენტიფიკაციო კოდი”, – განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
საგამოცდო ბარათის ნიმუში:
აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, ზაფხულის გამოცდებზე საგამოცდო ცენტრები 80 000 – მდე გამოსაცდელს მოემსახურება. მათ შორისაა 47 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტი, 3 000-ზე მეტი სტუდენტი, 10 000-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი, ასევე, 18 900-ზე მეტი მსურველი, რომელიც წელს მასწავლებლის გამოცდაზე გასვლას გეგმავს.
მთელი საქართველოს მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 80 000-მდე გამოსაცდელის განაწილების პროცესი საგამოცდო ცენტრების მიხედვით. ასევე მიმდინარეობს საგამოცდო ცენტრებად განსაზღვრულ შენობებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გამოცდებისათვის საჭირო მასალების მომზადება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024