GE

რა უნდა ისწავლებოდეს სკოლაში – რას ამბობს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე პედაგოგებზე, დედაენასა და მშობლებზე

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში სკოლის, აღზრდის, პედაგოგების, მშობლების, დედაენისა და სწავლების საკითხებს შეეხო. მისი აზრით, გასაკეთებელი კვლავ ბევრია და სამინისტროს ახალ ხელმძღვანრლობას „აუცილებელ თემებზე“ მიუთითა.

„განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ, გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგათ თავისი ცხოვრების გზაზე. მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას.

სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის; ასევე, სასიხარულოა დაწყებით კლასებში “დედა ენის” დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია; ჩვენ მხოლოდ აუცილებელ თემებზე შევჩერდებით და ვიმედოვნებთ, ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მას.

პირველ რიგში, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას; სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის გასაცნობად… უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის; ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია. სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას, უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები… უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათ ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულით გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და, საერთოდ, სიკეთის ქმნისა. ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა; შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

როგორც აღვნიშნეთ, დღეს ხშირ შემთხვევაში დედ-მამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას; სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა; მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის“, – ვკითხულობთ ილია მეორეს 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური