რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ
2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გასვლის მსურველთა რეგისტრაცია 4 აპრილს დასრულდება.
მაგისტრობის მსურველების მიერ EDU.ARIS.GE-სთვის დასმულ კითხვებში ხშირად ვხვდებით ინტერესს სასწავლო გრანტის მოცულობის შესახებ და იმაზეც შეუძლია თუ არა პირს სწავლა დაუფინანსდეს, თუ ბაკალავრიატში უფასოდ სწავლობდა ან გრანტი ჰქონდა მოპოვებული.
საერთო სამაგისტრო გამოცდის შემთხვევაში მსურველი ან სრულად ფინანსდება 100% -იანი გრანტის მფლობელი ხდება ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფოსგან. დაფინანსების მიღების შესაძლებლობა კი სწავლების თითოეულ საფეხურზე ერთხელ გაქვთ და მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრიატში დაფინანსებით სწავლობდით, მაგისტრატურაც დაგიფინანსდებათ, თუ გრანს მოიპოვებთ.
მოგიყვებით კიდევ რა უნდა იცოდეს 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ საგამოცდო პროცესის, გრანტის მოპოვებისა თუ არსებული წესების შესახებ.
რამდენ გამოცდას აბარებთ მაგისტრატურაში სწავლსი გასაგრძელებლად
უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება საკმარისი არ არის და როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, სწავლის გაგრძელებისთვის აუცილებელია როგორც საერთო სამაგისტრო, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დანიშნული გამოცდა/გამოცდები (გამოცდა სპეციალობაში, გამოცდა უცხოურ ენაში და სხვა) ჩაბარება. ეს არ ეხება საღვთისმეტყველო, საშემსრულებლო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო სპეციალობებს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სსგ-ის (საერთო სამაგისტრო გამოცდა) შედეგების მიხედვით ხდება სახელმწიფო დაფინანსების – გრანტის განაწილება.
რა სახის იქნება ტესტი და გამოცდა
2024 წელს, ისევე როგორც წინა წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი ტიპის ტესტი. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის სტრუქტურა და შემადგენლობა ასეთია: საგამოცდო ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან – წაკითხულის გააზრება (3 ტექსტი; 21 ტესტური დავალება); ანალიტიკური წერა (2 დავალება: „მსჯელობის ანალიზი“ და „თემა მოცემულ საკითხზე“); ლოგიკური მსჯელობა (17 ტესტური დავალება); რაოდენობრივი მსჯელობა (19 ტესტური დავალება).
საერთო სამაგისტრო გამოცდა, ისევე როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდები ზაფხულში, ივლისის თქვეში ჩატარდება და ორ დღეს გასტანს, თუმცა კონკრეტულ გამოსაცდელს გამოცდაზე მისვლა ორივე დღეს მოუწევს. აი რატომ: პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში.
ტესტის ცალკეულ ნაწილში მოცემული დავალებების რაოდენობა და მათ შესასრულებლად გამოყოფილი დრო წარმოდგენილია ცხრილში:
რაც შეეხება საგამოცდო პროცესს, სსგ ჩატარდება ნახევრად ელექტრონული ფორმატით. სამაგისტრო გამოცდის მიმდინარეობისას კანდიდატი ადგილს იკავებს მისთვის განკუთვნილ კომპიუტერთან, რომელშიც ჩაწერილ სპეციალურ პროგრამაში განთავსებული იქნება ტესტური დავალებები. ტესტური დავალებების შინაარსის გაცნობა შესაძლებელი იქნება ეკრანზე, ხოლო პასუხები კანდიდატმა უნდა გასცეს პასუხების სპეციალურ ფურცელზე, რომელიც მას გამოცდის დაწყების წინ გადაეცემა.
რა მოწმდება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტით.
წაკითხულის გააზრებით მოიწმდება რამდენად შეუძლია კანდიდატს ტექსტის სტრუქტურაში გარკვევა და მთავარი აზრის გამოტანა, მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა, ძირითადის და მეორეხარისხოვნის, ფაქტისა და ვარაუდის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, ავტორის პოზიციის ამოცნობა ტექსტში წარმოდგენილი ამა თუ იმ მოვლენის თუ ფაქტის მიმართ.
ანალიტიკური წერით მოწმდება რამდენად შეუძლია კანდიდატს მოცემულ თემაზე თვალსაზრისის ცხადად, ნათლად ჩამოყალიბება, გარკვეული აზრის დასაბუთება შესაბამისი არგუმენტების მოხმობით, მოცემული მსჯელობის კრიტიკული ანალიზი; რამდენად იცავს ის თანამედროვე ქართული ენის მართლწერის ნორმებს.
ლოგიკური მსჯელობით მოწმდება რამდენად ახერხებს კანდიდატი ამა თუ იმ მიმართებათა სტრუქტურის ამოცნობას და ამ სტრუქტურის შესახებ მართებული დასკვნის გამოტანას, მოცემული მსჯელობის შეფასებას, ანალიზსა და კრიტიკას, არასრული ინფორმაციის საფუძველზე მთელი სურათის შექმნას და ლოგიკური დასკვნის გამოტანას.
რაოდენობრივი მსჯელობით მოწმდება რამდენად ფლობს კანდიდატი არითმეტიკის, ალგებრისა და გეომეტრიის ელემენტარულ ცნებებს, რამდენად შეუძლია რაოდენობრივი სახით მიწოდებული ინფორმაციის (ცხრილების, დიაგრამების და სხვ.) დამუშავება, ანალიზი და გამოყენება, მათემატიკურ გამონათქვამებს შორის ძირითადი მიმართებების დადგენა. რამდენად შესწევს უნარი, განსაზღვროს, საკმარისია თუ არა რაოდენობრივი სახით მიწოდებული ინფორმაცია მოცემული ამოცანის გადასაჭრელად.
როგორ არის გაწერილი ტესტის შეფასების სისტემა, მაგისმალური და მინიმალური ქულები და როგორ მოიპოვებს მომავალი მაგისტი სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ამის შესახებ მომდევნო ინფორმაციაში მოგიყვებით.
ასევე იხილეთ:
- 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გასულ აპლიკანტთა საყურადღებოდ – სად და როდის უნდა გააკეთოთ განაცხადი გრანტის მისაღებად by ARIS.GE-განათლება
- როგორ გავასაჩივროთ 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საგრანტო კონკურსის შედეგი – ინსტრუქცია by ARIS.GE-განათლება
- გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – გამოცდები 2024 by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე