GE

რა წინასაახალწლო სურვილები აქვთ განათლებაზე პასუხისმგებელ პირებს

2017 წელი განათლების წელი იყო – ამის გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუსტად გასული წლის 20 დეკემბერს მიიღო. 2018 წელი კი ქვეყნის პირველი პირის მიერ თავისუფლების წლად გამოცხადდა. ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა კი განაცხადა, რომ სურს 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის და დიალოგის წლად გამოაცხადოს.

ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ახალი წელი, ახალ სურვილებთან და ამ სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. EDU.ARIS.GE -ი სწორედ იმ ადამიანების საახალწლო სურვილებით დაინტერესდა, რომლებსაც უპირველეს ყოვლისა ხელეწიფებათ განათლების სისტემის მართვა, მასში ცვლილებების შეტანა და ამ ყველაფრის კონტროლი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, ჩვენს კითხვას –რას სთხოვდა ის წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუას, ასე უპასუხა.

„გარანტირებულად მინდა ვიცოდე, რომ განათლების სისტემამ ახალი სიცოცხლე დაიწყო – ახალი სიცოცხლე ახალი წლიდან, ისეთი, როგორსაც ვგეგმავთ, ვფიქრობთ და რაც ყველა ადამიანს უნდა საქართველოში,“ –  ეს ლია გიგაურის სურვილია.

მინისტრის მოადგილის სურვილების ხორცშესხმა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, 2018 წელს, პირველი რიგის ამოცანად ინკლუზიური განათლების გაძლიერებას ასახელებს.

„განათლების მინიმართულებით არაერთი სურვილია და იმედია, რომ ჩვენი შესაძლებლობები დაემთხვევა სურვილებს. იმედი მაქვს, ინკლუზიის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს შევძლებთ და რეალურ ნაბიჯებს გადავდგამთ. მინდა, რომ თითოეული ბავშვი იყოს გარანტირებული განათლების უფლებით და არც ერთი ბავშვი არ დაგვრჩეს განათლების სისტემის მიღმა. ეს იქნება ჩემი  პირველი სურვილი. გახსოვთ, გასულ წელს ჩემი სურვილი იყო საატესტატო გამოცდების სისტემის რევიზია და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ამ კუთხით რეალური ცვლილება შევიტანოთ. ასევე, მომავალ წელს კულტურული მემკვიდრეობისა და ზოგადად კულტურის შესახებ კოდექსი რომელსაც ველოდებით, იქნება მიღებული.

ვისურვებდი, რომ უფრო მეტი რესურსი გაჩნდეს როგორც განათლების, ასევე მეცნიერების, კულტურის მიმართულებით როგორც ფინანსური, ასევე საკადრო და ტექნიკური. რესურსების გარეშე რთულია ყველა იმ სურვილის განხორციელება, რომელიც ამ სისტემებს სჭირდება. ჩვენ არ დავზოგავთ თავს როგორც სახელმწიფო რესურსებით, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მობილიზაციით, უკეთესი გარემო შევქმნათ სკოლაშიც, კოლეჯშიც, ბაღსა და უნივერსიტეტშიც. და უფრო მეტი დაფასება შევძლოთ ჩვენი კულტურის სფეროს  მოღვაწეების.

ასევე,  მაქვს იმედი, რომ საგამოცდო სისტემებში ჩვენ რეალურ ცვლილებებს შევიტანთ. უფრო მეტი ახალგაზრდა კადრის შეყვანა განათლების სისტემაში, თუნდაც მოხალისეობრივ საწყისებზე.  ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია, მაგრამ ახალი ენერგიის შეყვანა არ ნიშნავს სხვა პედაგოგების ხარჯზე ამის გაკეთებას,“ – გვითხრა მარიამ ჯაშმა.

კიდევ ერთი რგოლი განათლების სისტემაში და განათლების ხარისხზე პასუხისმგებელი ორგანო „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრია“, რომელსაც განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობს.

მისი სურვილი თოვლის ბაბუასთან  კი ასეთია: „მინდა ყველა ბავშვს აუსრულდეს ის სურვილი, რაც მათ თოვლის ბაბუასთან აქვთ. მინდა ყველა ბავშვის საახალწლო სურვილი იყოს ასრულებული. ერთადერთი ამას ვთხოვდი“.

განათლების მიღება კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან იწყება. 1 თვეა რაც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კახაბერ გვანცელაძე ხელმძღვანელობს.

„ჩემი წინასაახალწლო სურვილია ბავშვების უსაფრთხოება, ბავშვების კმაყოფილება და ბავშვების უკეთესი მომავალი,“ – ამბობს ის EDU.ARIS.GE-სთან.

წლის მთავარი, „ჯადოსნური ჯოხი“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელთაა. მიხეილ ჩხენკელი ამ პოსტზე 13 ნოემბერს დაინიშნა და წინამორბედისგან განსხვავებით თვეზე მეტია მედიასთან ღიად ურთიერთობასა და კითხვებზე პირდაპირ პასუხს პირდაპირი მნიშვნელობით გაურბის. გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც EDU.ARIS.GE -ია. შესაბამისად, მიუხედავად პრემიერ–მინისტრის მიერ ღიად გაცხადებული დიალოგის სურვილისა, ჩვენ მიხეილ ჩხენკელისგან ვერ მოვისმინეთ, თუ რა სურვილი აქვს განათლების სფეროში თითქმის 20–წლიანი სტაჟის მქონე, მაგრამ ორი თვის დანიშნულ მინისტრს 2018 წელს. არც ის ვიცით, როგორი უნდა იყოს მისი შეფასებით განათლების ქართული სისტემა და როგორ წარმოუდგენია ახალგაზრდების ცხოვრება მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტროს ახალგაზრდული მიმართულება გაუერთიანდება.

განათლების რომელ მიმართულებას რა ოდენობის თანხა მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წელს:

  • მოსწავლეების სახელმძღვანელობით უზრუნველყოფა – 23 მილიონი ლარი;
  • საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 20 მილიონი ლარი;
  • პროფესიული განათლების დაფინასება – 40.8 მილიონი ლარი.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად -133.8 მილიონი ლარია გამოყოფილი;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევებისთვის – 65.6 მილიონი ლარი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსფრასტრუქტურის განვითარებისთვის- 97.2 მილიონი ლარი;
  • ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება 4.2 მილიონი ლარი;
  • დონორებით დაფინანსებული პრეოქტის ფარგლებში 131,7 მილიონი, სადაც გათვალისწინებულია ორგანიზაციის „ათასწლეულის გამოწვევა საქართვველოში“ გრანტიც.

2017 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა განათლებაში

ფინანსთა მინისტრი განათლების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ – რიცხვები

განათლების სამინისტროს ბიუჯეტს ახალგაზრდობის სფეროს ხელშეწყობისთვის 4,2 მილიონი ლარი დაემატა

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური