GE

განათლების სამინისტროს ბიუჯეტს ახალგაზრდობის სფეროს ხელშეწყობისთვის 4,2 მილიონი ლარი დაემატა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი კიდევ გაიზარდა. კერძოდ, სამინისტროს 4.2 მილიონი ლარი ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსებისთვის დაემატა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი, სამთავრობო უწყებებში განხორციელებული ოპტიმიზაციის განხორციელების შემდეგ, განახლებული ბიუჯეტით კვლავ გაიზარდა და 1. 186 მილიარდი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მომავალი წლის განახლებული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ბიუჯეტის გაზრდა პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით სტრუქტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია, რომლის ფარგლებშიც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაემატა სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკასთან დაკავშირებული პროგრამები.

როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, საერთო თანხიდან, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად მიმართული იქნება 678 მილიონი ლარი. მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები დაფინანსდება 599 მილიონი ლარით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა კი 11.9 მილიონი ლარით. პროექტით უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისთვის 12.8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დღესვე მამუკა ბახტაძემ დეტალურად ისაუბრა, განათლების რომელ მიმართულებას რა ოდენობის თანხა მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან:

  • მოსწავლეების სახელმძღვანელობით უზრუნველყოფა – 23 მილიონი ლარი;
  • საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 20 მილიონი ლარი;
  • პროფესიული განათლების დაფინასება – 40.8 მილიონი ლარი.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად -133.8 მილიონი ლარია გამოყოფილი;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევებისთვის – 65.6 მილიონი ლარი;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსფრასტრუქტურის განვითარებისთვის- 97.2 მილიონი ლარი;
  • ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება 4.2 მილიონი ლარი;
  • დონორებით დაფინანსებული პრეოქტის ფარგლებში 131,7 მილიონი, სადაც გათვალისწინებულია ორგანიზაციის „ათასწლეულის გამოწვევა საქართვველოში“ გრანტიც.

ფინანსთა მინისტრი განათლების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ – რიცხვები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური