GE

2017 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა განათლებაში

2017 წელი განათლების სფეროსათვის მრავალფეროვანი, მოულოდნელობებით აღსავსე, უხვი დაპირებებითა და ნაკლები ბოლომდე მიყვანილი საქმით, ხმაურიანი და ტრაგიკულიც კი აღმოჩნდა. პროცედურული ცვლილებებიდან დაწყებული მინისტრის შეცვლით დამთავრებული, გასულ ერთ წელში ყველაფერი მოესწრო. თუმცა, რამდენად აისახა ეს ყოველივე სფეროს განვითარებაზე, ცალკე საკითხია.

EDU.ARIS.GE შეეცადა თავი მოეყარა 10 ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენისათვის, რაც წლის განმავლობაში მოხდა. სათქმელი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა:

ცვლილებები კანონში და ეროვნულ სასწავლო გეგმაში

2016 წელი  განათლების მაშინდელმა მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ საკმაოდ ხმაურიანად დახურა, როდესაც თავისი ხუთწლიანი ხედვა წარმოადგინა. მართალია ხედვა უფრო რამდენიმეწინადადებიან სურვილებს მოიაზრებდა და ამის იქით საქმე არც წასულა, მაგრამ წარდგენის ფორმა ნამდვილად გრანდიოზული იყო.

წლის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ კი ცნობილი  იანვრის დასაწყისშივე გახდა –  „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებათა პაკეტი რამდენიმე სიახლეს გულისხმობდა: განათლების სამინისტროს კერძო სკოლების დაფინანსების უფლებაც მიენიჭა; საჯარო სკოლების კატეგორიზაცია და ბრენდირების განხორიცელება დაიგეგმა,  სკოლის დირექტორის თანამდებობაზე პირის დანიშვნის კუთხით შეზღუდვა დაწესდა; მოსწავლისა დამასწავლებლის დისციპლინური დევნის წესში ცვლილება შევიდა; პროფესორის/მთავარი მეცნიერის ვადით ან უვადოდ არჩევის გადაწყვეტის უფლება თავადუნივერსიტეტს მიეცა და ა.შ. საქართველოს პრეზიდენტმა კი ზოგიერთი მუხლი პაკეტში დისკრიმინაციულად შეაფასა. მისი თქმით,  პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებულად და გაუაზრებლად მიიღო.

ყურადღების ცენტრშია იყო მოქცეული ეროვნული სასწავლო გეგმაც, რომელშიც ცვლილებები ეტაპობრივად შედის. მოგეხსენებათ, პირველი ეროვნული სასწავლოგეგმის დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო. ამჟამად 2010 წელს გადამუშავებულია მოქმედი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი საბაზო საფეხურის (7-9კლასები) ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიაზე მუშაობს.

ერთ-ერთ მთავარ ცვლილებად იგი გაკვეთილების შემცირებას, ამავდროულად რამდენიმე ახალი საგნის დამატებასა და  სახელმძღვანელოების დახვეწას მოიაზრებს.

„2018-2019 სასწავლო წლიდან მოხდება დაწყებითი საფეხურის 1-6 კლასების დანერგვა, რომელიც დამტკიცებულია. 2019-2020 წლიდან შევა საბაზო საფეხური და შეიძლება საშუალოც შევიდეს მასთან ერთად, ვნახოთ როგორ მოვასწრებთ,“ – ამბობს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს ხელმძღვანელი მარიამ ჩიქობავა.

მე და საზოგადოება

საგან „მე და საზოგადოებას“ იმ დღიდან, რაც მისი დანერგვის შესახებ ინიციატივა გაჟღერდა, ხმაური და აჟიოტაჟი არ მოკლებია. მის წინააღმდეგ მშობლებისა და ასევე სასულიერო პირების ნაწილი წავიდა. გავრცელდა არაერთი მითიც იმის შესახებ, თუ რას მოიაზრებდა აღნიშნული საგანი და რას ასწავლიდნენ ამ დროს ბავშვებს. მავანნი ამტკიცებდნენ, რომ ამით სკოლებში „გარყვნილება“ შევიდოდა. სხვანი კი ირწმუნებოდნენ, რომ განათლების სამინისტროს ბავშვებში ანტირელიგიური განწყობების ჩანერგვა უნდოდა.

მიუხედავად ამისა, პროცესს მსვლელობა მიეცა და ახალი საგნის დასანერგად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კიდეც. კერძოდ, იანვარშივე „მე და საზოგადოებას“ სტანდარტი და პროგრამა ეროვნულ სასწავლო გეგმაში აისახა.

საგნის ჩაშვება 2017-2018 სასწავლო წლისათვის დაიგეგმა, თუმცა მოგვიანებით გადაიდო. მაშინდელმა მინისტრმა გადადების მიზეზად გრიფირებული სახელმძღვანელოების საჭიროება დაასახელა და განაცხადა, რომ „ხარისხიანი სახელმძღვანელოების“ მომზადება ვერ მოესწრება. თუმცა,  სახელმძღვანელოზე კონკურსი გამოცხადებულია. აღელვებულ საზოგადოებას კი სამინისტრო პასუხობდა რომ სახელმძღვანელოების ტექსტები  საჯარო იქნება.

შემოდგომაზე რამდენიმე საპილოტე სკოლაში პირველი გაკვეთილებიც ჩატარდა. ეჭვების გასაფანტად სამინისტრომ გაკვეთილებზე მშობლების დასწრებაც დაუშვა. რა დასკვნები გაკეთდა საცდელი გაკვეთილებიდან, სამინისტროს არ გაუხმაურებია, შესაბამისად, ზუსტი თარიღი იმისა, თუ როდიდან დაიწყება სკოლებში სკანდალურად აღქმული საგნის სწავლება, ისევ უცნობია.

ჯანსაღი ცხოვრება და ჯეჯელავას ვაშლები“

ინიციატივა, რომელიც მოგვიანებით ხმაურიანად იქცა, უკვე ყოფილმა მინისტრმა ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში წამოახენა და თქვა, რომ მისი ოცნებაა, ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლებით სავსე თასი იდგას. 103–ე სკოლის გახსნის ღონისძიებაზე მან პრემიერთან ერთად სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები დააკონკრეტა. მისი თქმით, გაათმაგებული ყურადღება მიექცევა სკოლებში სპორტული ცხოვრების განვითარებასა და ჯანსაღი საკვების მიწოდების იდეას. აქვე ის ყველასათვის მოსაწონი სპორტის სახეობების მოფიქრებაზეც საუბრობდა და ამაში დახმარებას სხვადასხვა ფედერაციას სთხოვდა.

მოგვიანებით კი, ეს ყველაფერი საკმაოდ კონკრეტულ შეთავაზებამდე- ვაშლებამდე დაიყვანა. სკოლებში სპორტული ცხოვრება არ გააქტიურებულა, თუმცა ბუფეტებში საკვების გაყიდვაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, სკოლის სასადილოებში აიკრძალა ტკბილეულის, გაზიანი სასმელების, ჩიფსების, ე.წ. სუხარიკების, ჟელიბონებისა და მსგავსი სასუსნავების გაყიდვა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან მალევე კი რამდენიმე სკოლაში განათლების მინისტრი ვაშლებით მივიდა და თავისი ხმაურიანი იდეა, რომელიც საზოგადოებაში სახუმარო თემადაც კი იქცა, სისრულეში ამ ფორმით მოიყვანა. სამინისტრომ 10 სკოლისთვის 78 000 ლარის ღირებულების 260 000 ცალი ვაშლი შეიძინა.

1000-ზე მეტ მოსწავლიან სკოლებში დარიგებაც დაიწყო. კადრებიც, სადაც გაღიმებული ბავშვები ვაშლებს კბეჩენ, ყველამ ვიხილეთ. იმ გახარებული ბავშვების კომენტარებიც მოვისმინეთ, რომელთაც მოახერხეს და 1-ზე მეტი ვაშლის შეჭმა შეძლეს. ინიციატივაც, რომლის განსახორციელებლადაც საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯა და რაც პრინციპში არაფერს წადგომია, მათ შორის არც ბავშვების ჯანმრთელობას, ვინაიდან ერთი ვაშლის ჭამით ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არ იცვლება, ამით ამოიწურა. 78 000–ლარიანი და როგორც გაირკვა ერთჯერადი პროექტი, დეკემბერში დასრულდა და ვაშლებიც წარსულს ჩაბარდა.

ჯეჯელავა VS ტუალეტები

2017 წელს სკოლის ტუალეტებთან ექსმინისტრ ჯეჯელავას ბრძოლის წლად შეიძლება გამოვაცხადოთ. სკოლის ტუალეტები უმწვავესი თემა რომაა, ამაზე მინისტრი 2016 წელსაც საუბრობდა. თემა 2017-შიც განავრცო და განაცხადა, რომ  დირექტორი, რომელიც ტუალეტების პრობლემას ვერ მოაგვარებდა, სამსახურიდან უნდა წასულიყო.

„ვაპირებ, რომ დავერიო ამ პრობლემას. გაწონასწორებული ადამიანი ვარ, შემამჩნევდით, მაგრამ ეგ არ შემიძლია. მგონია,  რომ ტუალეტის საკითხი ისეთია, რომელიცბავშვის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირია. ვერც ერთი დირექტორი, რომელიც ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, სამსახურში ვერ დარჩება. თუ შენ ტუალეტის პრობლემა მოგვარებული არ გაქვს, წამყვანი კი არ იქნები, დაიღუპები. როგორც კი მე ტუალეტებს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებში შევიტან, უცებ აღმოჩნდება, რომ ბევრ თვითმმართველობას ჰქონია ის ფული, რომელიც ტუალეტების მოწყობას ეყოფა“, – განაცხადა მან.

თემა მთელი წლის განმავლობაში არ კარგავდა აქტუალურობას, რადგან მინისტრის ამ განცხადებამ მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა კუთხიდან მშობლობის გააქტიურება გამოიწვია. ისინი საჯაროდ ავრცელებდნენ შვილების სკოლების მდგომარეობის ამსახველ მასალას, სადაც ნათლად ჩანდა ის საშინელი პირობები, რაც  სკოლების ტუალეტებშია. განსაკუთრებით რეგიონებში.

მოგვიანებით ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან არაფორმალურ გარემოში ისიც განაცხადა, რომ 5 სკოლის დირექტორი მოუწესრიგებელი ტუალეტების მიზეზით გაათავისუფლა. ცნობილი გახდა იმ დირექტორების ვინაობაც, ვინც „ტუალეტებს ემსხვერპლნენ“.

თუმცა, პრობლემა ამით არ მოგვარებულა. თემას აქტუალობა არ დაუკარგავს და მოუწესრიგებელი საპირფარეშოების ფოტოებიც პერიოდულად ისევ ვრცელდება სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ სასწავლო წლის დასაწყისში ტუალეტების პრობლემა აღმოფხვრილად გამოაცხადა, იმავე დღეს სხვადასხვა ფოტომასალით დადასტურდა, რომ ეს განცხადება მეტისმეტად ხმამაღალი იყო. შედეგად, სამინისტრო იძულებული გახდა განცხადება ჩაესწორებინა და განემარტა, რომ სამინისტრო სკოლების ტუალეტებს რეგულარულად შეამოწმებდა.

გამოცდები 2017 და 12 ათასზე მეტი ჩაჭრილი

წლის ყველაზე ცხელი – გამოცდების პერიოდი ტრადიციულად მაისში, საატესტატო გამოცდებით დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე სულ დარეგისტრირებული იყო 48 434 მოსწავლე, მონაწილეობა მიიღო – 47 063-მა მათგანმა, გამოცდა ჩააბარა 34 260-მა. შესაბამისად ჩაჭრილთა რაოდენობამ  12 803 შეადგინა. მათგან 2 953 აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც იყო დარეგისტრირებული. ანუ, მისაღებ გამოცდებს სწორედ ამდენი აპლიკანტი გამოეთიშა.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის კი რეგისტრაცია 41 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდებზე კი დაახლოებით 39 ათასი აბიტურიენტი გავიდა. ცხელი თვეების შემდეგ გაირკვა, რომ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა. 363 აბიტურიენტი კი უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბარიერი გადალახეს.

რაც შეეხება დაფინანსებას,  6 000-ზე მეტია ისეთ აპლიკანტი, ვინც სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვა.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის კი 3 700-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა. მათგან მხოლოდ 143-მა შეძლო გრანტის მოპოვება, ან გაუმჯობესება.

აბიტურიენტებისა და სტუდენტების მსგავსად გამოცდებზე გასვლა პედაგოგებსაც მოუწიათ. საგანში კომპეტენციის დადასტურების გარდა, 2012 წლის შემდეგ  პირველად მათ  პროფესიული უნარებიც ჩააბარეს. მისი აღდგენა განათლების მაშინდელი  მინისტრის გადაწყვეტილებით მოხდა და ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია ის ჩაბარებული ჰქონდეს. აღნიშნულ გამოცდაზე დაახლოებით 13 000 პედაგოგი იყო დარეგისტრირებული.

ხმაურიანი ინიციატივები გაურკვეველი ბედით

„სასკოლო ექსკურსია მხოლოდ სანთლის ანთებით და ბარკლის გაჯიჯგვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს“ – ყველასთვის კარგად ნაცნობი ეს განცხადება განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გასული წლის კიდევ ერთ სიახლეზე – გასვლით გაკვეთილებზე საუბრისას გააკეთა და აქვე  ექსკურსიების ჩვეული, სკოლებში არსებული ტრადიციაც დაიწუნა. მისი აზრით, ამჟამინდელი ექსკურსიები შინაარსობრიობას მოკლებულია და მხოლოდ ზედაპირულ აქტივობებს მოიცავს.

შედეგად, მან საზოგადოებას აცნობა, რომ განათლების სამინისტრო საექსკურსიო ობიექტების კატალოგის შექმნაზე მუშაობს, სადაც პირველ ეტაპზე 100 ორგანიზაციაიქნება განთავსებული. კატალოგის მიხედვით, სკოლებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ სხვადასხვა ორგანიზაციას  და იქ ექსკურსია-გაკვეთილი დაგეგმონ. მაწავლებლები კი ამაში დამატებით ანაზღაურებას მიიღებდნენ.

თუმცა, ეს საკითხი გაურკვეველი ვადით გადადებულების სიას უნდა მივათვალოთ, ვინაიდან ინიციატივის გაჟღერებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი განათლების სამინისტრო ამ თემაზე ისევ ვერ ამბობს იმაზე მეტს, რაც თავის დროზე ჯეჯელავამ თქვა. შესრულდება თუ არა იგი საერთოდ  ახალი მინისტრის პირობებში, უცნობია.

სამწუხაროდ, აღნიშნული ინიციატივა არაა ერთადერთი, რომლის ბედიც გაურკვეველია. ასევე არავინ იცის რა ბედი ეწევათ ვირტუალურ ლაბორატორიებს, რომელიც ჯეჯელავას კიდევ ერთი იდეა იყო. იგივე უნდა ითქვას სკოლებში დამწყები პედაგოგების შესვლის სქემაზეც, რომელზეც ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს. მისი თქმით, პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველთა რაოდენობა იზრდება. სწორედ ამიტომ, სკოლებში საათების გადანაწილების სისტემა მნიშვნელოვანია და იგეგმება,  ახალგაზრდა პედაგოგებს, რომლებსაც მაღალი ქულები ექნებათ, სამინისტრომ თავად მიაკუთნვოს საათები.

ასევე არ ვიცით რამდენად განხორციელდება საგნების თამაშებით შესწავლის ინიციატივა. მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო წლიდან I-VI კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საგნები თამაშებით უნდა შეისწავლონ.

ზოგადად, მოგეხსენებათ, განათლების უკვე ყოფილი მინისტრი იდეების ნაკლებობას არ განიცდიდა და თითქმის ყოველი საჯარო გამოჩენისას მინიმუმ ერთ ინიციატივას აჟღერებდა, რომლებიც, როგორც წესი, საკმაოდ ხმაურიანი ხდებოდა. თუმცა, ხშირად ინიციატივა ინიციატივადვე რჩებოდა და ძალიან ხშირად მოკლე განცხადების იქით საქმე აღარ მიდიოდა. მაგალითად, ასეთი იყო  იდეა იმის შესახებ, რომ თუკი 9 კლასის სკოლადამთავრებულები, პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლიან, მათ საშუალება ექნებათ სკოლის სრული ატესტატი აიღონ და სურვილის შემთხვევაში უკვე უმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარონ და ა.შ.

დიფერენცირებული სწავლება

გასულ წელს კვლავ აქტიურად განიხილებოდა სკოლებში დიფერენცირებული სწავლების დანერგვის ინიციატივა. ამ საკითხზე აზრი თავად განათლების სამინისტროშივე განსხვავებული განცხადებები კეთდებოდა. მოგეხსენებათ, დიფერენცირებული სწავლება გულისხმობს სკოლებში იმ მეთოდის დანერგვას, როდესაც გარკვეული კლასების მოსწავლეები, საკუთარი ინტერესების მიხედვით, იმ საგნებს უფრო გაძლიერებულად სწავლობენ, რომელსაც აირჩევენ.

ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2018 წლიდან საგნობრივი სასწავლოპროგრამების გადამუშავებაზე მუშაობა დაიწყება. ამის ფარგლებში კი, ყველაზე მთავარი ცვლილება დიფერენცირებული სწავლება იქნება.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ბევრად თავშეკავებული იყო განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, რომელმაც გვითხრა, რომ დიფერენცირებულ სწავლებაზე სკოლები სამომავლოდ აუცილებლად გადავლენ, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება ეს.

დიფერენცირებული სწავლების შესახებ სპეციელისტებსა და პედაგოგებს სკეპტიკური და კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ. ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ასეთი ფორმით სწავლების მცდელობა უკვე იყო, თუმცა არ გაამართლა.

მინისტრის გადაყენება

წლის ყველაზე ხმაურიან მოვლენად კი, რა თქმა უნდა, განათლების მინისტრის კიდევ ერთი ცვლილება იყო. ალექსანდრე ჯეჯელავამ პოსტი ზუსტად  ერთი წლის, ხუთი თვისა და ათი დღის შემდეგ დატოვა. თუმცა, ალბათ უფრო სწორი ფორმულირება იქნება თუ ვიტყვით, რომ დაატოვებინეს, რადგან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მას არ გაუკეთებია.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინისტრი და ვიცე–პრემიერი კაბინეტიდან პრემიერმა, სხვებთან ერთად, 2017 წლის 13 ნოემბერს დაითხოვა. ჯეჯელავა არ ყოფილა ერთადერთი, ვისაც ეს ბედი ერგო. ამ დღეს ჯამში 5 მინისტრი გათავისუფლდა და სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე დავიდა.

უცნობია, უძღოდა თუ არა პრემიერის ამ გადაწყვეტილებას კონსულტაციები „განწირულ“ მინისტრებთან. თუმცა იმ ეჭვს, რომ ჯეჯელავას პოსტი საკუთარი ინიციატივით არ დაუტოვებია, მისივე მოსაზრებები ამყარებს იმის თაობაზე, რომ განათლების მინისტრები სწრაფად არ უნდა იცვლებოდნენ. ამაზე ჯეჯელავა ჟურნალისტებთან საკმაოდ ხშირად საუბრობდა და ამბობდა, რომ სფეროს განვითარებისათვის სტაბილურობა აუცილებელია და რომ  სხვა შემთხვევაში მინისტრის მხრიდან ხედვის წარმოდგენა და გრძელვადიანი ნაბიჯების დაგეგმვა აზრს კარგავს.

მიუხედავად ამისა, მისი მინისტრობა წელიწადნახევარზე ნაკლებ პერიოდს მოიცავს, ვიცე-პრემიერობა კი კიდევ უფრო ნაკლებს. მის სამომავლო გეგმებზე რამდენიმე განსხვავებული ვერსია არსებობდა. თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არ გამორიცხა, რომ ჯეჯელავას დიპლომატიურ ასპარეზზე ესინჯა ძალები.

თავად ექსმინისტრმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრაც მოაწყო და განაცხადა, რომ აშშ – ში სწავლის გაგრძელებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა ჯეჯელავას საჯაროდ, ტელეკამერების წინ გამოჩენის უკანასკნელი შემთხვევა იყო. მას შემდეგ ყოფილი მინისტრი, რომელსაც ტელეკამერების სიძულვილს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, ეკრანებზე აღარ გამოჩენილა.

ახალი მინისტრი

პრემიერის აღნიშნული, ხმაურიანი ბრიფინგის შემდეგ განათლების სამინისტრო მიხეილ ჩხენკელს ჩაბარდა, რომელიც მანამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გახლდათ საკმაოდ შთამბეჭდავი საქმიანი წარსულით.

მის ამ უპირატესობას ყველა აღიარებს, შესაბამისად, მისი, როგორც განათლების ახალი მინისტრისადმი მოლოდინი დიდია. ერთი, რაც მას წინამორბედისაგან აშკარად განასხვავებს, მოკრძალებული, გათვლილი, ნაკლებად ემოციური, ნაკლებად სკანდალური და ხმაურიანი განცხადებებია.

არაერთი სპეციალისტი მიიჩნევს იმასაც, რომ თუკი ჩხენკელს არ ეყოფა გამბედაობა ხისტი, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაზე, თავს შეიკავებს და მოერიდება საზოგადოებრივი აზისა და ზოგჯერ მთავრობის აზრის წინააღმდეგ წასვლას, ვერ შეძლებს რაიმე ღირებულის გაკეთებას და შესაბამისად, დაემსგავსება წინამორბედ მინისტრებს, რომლებიც მხოლოდ წვრილმანი, ყოველდღიური თემებით იყვნენ დაკავებულები და შესაბამისად, მათი მინისტრობის პერიოდში განათლების სფეროს განვითარებას წინ არ წაუწევია.

„ ჩვენ გვინდა ისეთი მინისტრი, რომელსაც სიტყვა განათლების მნიშვნელობა ესმის და იცის, რომ განათლება ბავშვის სკოლაში მისვლიდან იწყება. თუ ესმის, რომ იმ ფინანსებით, რაც ახლაა, ვერავინ ვერაფერს იზამს და ბევრად მეტია საჭირო. თუ წარმატებები ექნება, პოპულარულიც გახდება, ეს პრობლემა არაა. მტკივნეული რეფორმები სხვა ქვეყნებში გატარებულა და ჩვენთანაც გატარდება.

„ვინც სკოლა იმდენად დააკნინა რომ სკოლის ნიშანს კი არა, სკოლის დამთავრებასაც არ აქვს აზრი, იმან მოსპო განათლების სისტემა. პირველ კურსზე თუ მოვა ადამიანი, რომელიც ძ-ს და ხ-ს ერთმანეთში ურევს, იმისაგან არასოდეს არაფერი დადგება თუნდაც ქართულში აკაკი შანიძე დავახვედროთ და მათემატიკაშიმუსხელიშვილი. სკოლის წლებს ვერავინ აანაზღაურებს. ჩემი სტუდენტების დაახლოებით 20-30 % უნივერსიტეტიდან დღესვეა გასარიცხი იმ საბუთით, რომვეღარსად ვერასოდეს ვერ მოხვდნენ. საინტერესოა როგორ გახდნენ ისინი სტუდენტები, რა სისტემაა ჩამოყალიბებული. თუ ეს მინისტრი ვერ მოერევა განათლებისიმ სისტემას, რომელიც სტუდენტად ხდის ყველას, ვისაც არ ეზარება, თუ ვერ შეცვლის მაია მიმინოშვილის აშენებულ კონგლომერატს, რომელიც თავის დროზე კარგიიყო, მაგრამ ბოლოს ამ შედეგამდე მიგვიყვანა, წარმატების არაფერი შანსი არ ექნება“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

აქვე, სფეროს სპეციალისტები და პროფესორ-მასწავლებლები  გამოთქვამენ იმედს, რომ განათლების მინისტრის პოსტზე ადამიანები მეტი ხნით გაჩერდებიან, რათა მათი ხედვის წარმოდგენასა და მისი შესრულების დაწყებას აზრი ჰქოდნეს. სხვაგვარად, მათი აზრით, სფერო, რომლის განვითარებაც გრძელვადიან პესპექტივაშია შესაძლებელი, წინ ვერასოდეს წაიწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს, ისტორიის განმავლობაში, 34-ე განათლების მინისტრი ჰყავს. ხოლო 2000 წლიდან მოყოლებული, მიხეილ ჩხენკელი მეთერთმეტეა, ვინც ეს პოსტი დაიკავა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში თითოეული მინისტრი ამ თანამდებობაზე საშუალოდ 1,7 წლის განმავლობაში იყო.

დეტალებში კიდევ უფრო მეტად თუ ჩავალთ, აღმოვაჩენთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩხენკელი უკვე განათლების მეოთხე მინისტრია გიორგი მარგველაშვილის, თამარ სანიკიძისა და ალექსანდრე ჯეჯელავას შემდეგ. „ოცნება“  5 წელია ხელისუფლებაშია. შესაბამისად, გამოდის, რომ „ოცნების“ მინისტრებს დაახლოებით 1,2 წელი ჰქონდათ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად.

წლის ტრაგიკული დასასრული

განათლების სფეროში წელი ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა – ერთ დღეში საქართველოში სამი მოსწავლე მოკლეს – 51-ე სკოლის მეთერთმეტე კლასელები – ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე და წყალტუბოს რაიონის, სოფელ ოფშკვითის მკვიდრი, 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი. მკვლელობის ბრალდებით ამ ეტაპზე სამი პირია დაკავებული. ორი თბილისის 1-ლი ექსპერიმენტული სკოლის მეთერთმეტეკლასელი და ერთიც სოფელ ოფშკვითის მკვიდრი, მოკლული თორნიკე ბაღაშვილის თანატოლი.

შემთხვევამ საზოგადოება შეძრა.  მავანნი ამ ყველაფერში სკოლის ბრალეულობას ხედავდნენ, მავანნი ოჯახის და ზოგიც მთელი ქვეყნისა და საზოგადოების.  შედეგად კი განათლების ახალმა მინისტრმა სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.

“ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა 4 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ამ ყველაფერს მოჰყვა კიდევ რამდენიმე სკოლაში მოზარდებს შორის ძალადობის გამოვლინების სხვადასხვა შემთხვევა. ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახებაც ხდებოდა საჭირო. ჩხუბების შედეგად მიღებული დაზიანებებით მოსწავლეები საავადმყოფოებში ხვდებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაში ელექტროშოკიც კი ფიგურირებდა.

შედეგად, ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება დაიწყეს. რამდენიმე მათგანში კი, მშობლებისავე თანხმობით, საპირფარეშოებში ვიდეოკამერებიც დაამონტაჟეს.

2018 წლის გეგმებში, რომელიც ახალი მინისტრისგან პარლამენტმა მოისმინა, ყველაზე ხმაურიანი 225 მასწავლებლისთვის სტატუსის შესაბამისი დანამატის გაზრდაა. ინიციატივები მიხეილ ჩხენკელის მიერ, წინადადებების ფორმატში, უმაღლესი განათლების მიმართულებითაც გაჟღერდა. განათლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა 2018 წლისთვის 1 მილიარდ 186 მილიონ ლარს შეადგენს.

2017 წლის მოვლენების ქრონოლოგია განათლებაში

რა წინასაახალწლო სურვილები აქვთ განათლებაზე პასუხისმგებელ პირებს

მოამზადა ნინო თაბუკაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური