GE

რამდენად მნიშვნელოვანია თამაში პანდემიის პირობებში? – კვლევის შედეგი და რეკომენდაციები მშობლებს

პანდემიამ ადამიანების ცხოვრების ყველა ასპექტი რადიკალურად შეცვალა. ახალ რეალობასთან შეგუება, როგორც უფროსებს, ისე პატარებსაც მოუწიათ. თუმცა ბავშვები კორონავირუსის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უფრო რთულად ეგუებიან. ასეთ დროს თამაშის თერაპიული და საგანმანათლებლო უპირატესობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. ბავშვებმა, ასეთ რთულ დროში ორიენტირება, სწორედ მისი საშულებით უნდა შეძლონ. პანდემიის პირობებში როლური თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის შინაგანი სამყაროს გამოსავლენად.

2020 წლის მარტამდე ცოტა ჩვენგანს ჰქონდა გაგებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა ,,თვითიზოლაცია”, ,,ლოქდაუნი” და ,,სოციალური დისტანცია”. გლობალური პანდემიის გამო, ისინი საყოველთაო გახდა. არ არის გასაკვირი, რომ YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბავშვთა მესამედი უფრო შფოთიანი და სტრესისადმი უფრო მოწყვლადი გახდა.

მშობელთა (5-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვების) ნახევარზე მეტის თქმით, მათი მთავარი მიზანი, შვილის მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაა, თუმცა გამოკითხულთა მეოთხედმა არ იცის რა მოიმოქმედოს ამის მისაღწევად. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ბავშვების მშობლებს დღის რუტინული განრიგის შექმნას, ასევე პატარების ინტერესებისა და ჰობის წახალისებას ურჩევს.

სპეციალისტების თქმით, თამაში ბავშვის კეთლდღეობისთვის აუცილებელია, მას სტრესულ პერიოდში პატარას დამშვიდება შეუძლია. ისინი ხაზს უსვამენ, რომ უფროსებმა მზარდი ყურადღება არა მხოლოდ ფორმალურ სწავლებაზე, არამედ თამაშის საგანმანათლებლო ღირებულებაზეც უნდა გაამახვილონ.

კლინიკური ფსიქოლოგის, ექიმ ჟენევიევა ფონ ლობის თქმით, თამაში არა მხოლოდ ყურადღების გადატანას, არამედ გამძლეობის ჩამოყალიბებასაც უზრუნველყოფს.

„თამაში ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის პატარებს ემოციების დამუშავების, მდგრადობისა და კონტროლის გრძნობის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს. თამაშისას ისეთ ბუნებრივ ემოციებს გამოხატავენ, როგორიცაა ბრაზი, სევდა სიხარული“, – თვლის ფსიქოლოგი.

სპეციალისტის თქმით, თამაშის დროს (განსაკუთებით როლური) ბავშვები იმას გადმოსცემენ, რაც მათ შინაგან სამყაროში ხდება. ამა თუ იმ როლის მორგებისას, ან თოჯინის გახმოვანებისას, ბავშვები იმ გრძნობებს გამოხატავენ, რომელთა ჩვენებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ეშინიათ.
ფონ ლობი თვლის, რომ ბავშვისთვის ურთიერთობისა და სხვებთან ურთიერთქმედების სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი არასტრუქტურირებული, თავისუფალი თამაშია.

„თამაშისას გუნდისადმი კუთვნილებისა და საზოგადოების წევრობის გრძნობა იბადება. ამ დროს ბავშები ურთიერთობას, მოლაპარაკებას, გაზიარებასა და თანამშრომლობას სწავლობენ. მომავალში ეს მათ გუნდურ მუშაობაში, თანამშრომლობასა და სხვისი აზრის პატივისცემაში დაეხმარება“, – ამბობს ის.

სპეციალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია როგორც შინ, ისე გარეთ თამაში. სუფთა ჰაერზე ყოფნის გარდა, ბავშვის წარმოსახვისა და ფანტაზიის განვითარებაა შესაძლებელი. ეზოში ნაპოვნი ბუნებრივი მასალისგან (ფოთლები, ტოტები, ქვები) ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

სპეციალისტები თვლიან, რომ თამაშს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს. პატარებს წამოდგომისა და სხეულის გადაადგილებისკენ თანდაყოლი სწრაფვა აქვთ. ამიტომ მათ მოძრაობა, სირბილი, ცეკვა და თამაში უყვართ. ამ ყველაფრისკენ მათ თავიანთი სხეული კუნთების, ბალანსისა და კოორდინაციის განსავითარებლად უბიძგებს.

კორონავირუსის გამო შექმნილი რთული მდგომარეობა შვილებთან ურთიერთობის დასამყარებლად საუკეთესო დროა. თითოეულმა ჩვენგანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ თამაში პატარებს თავიანთი სოციალური და ემოციონალური უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც რთულ სიტუაციებში სტრესის შემცირების მთავარ საშუალებას წარმოადგენს. ეს კი დღევანდელ რეალობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წყარო: theguardian

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური