GE

რამდენი იქნება უნივერსიტეტების შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება? – ინტერვიუ თამარ სანიკიძესთან

საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, დღის სინათლე კი მთავრობის მიერ დამტკიცებულმა მოდელმა მხოლოდ 2026 წელს იხილა. საქართველოს მთავრობამ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის დეტალების გასაჯაროება უმაღლესი განათლების რეფორმას დაუკავშირა. სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად უნდა ამოქმედდეს.

რაზე იმუშავეს წლების განმავლობაში და რა მივიღეთ საბოლოოდ, გააუმჯობესებს თუ არა დაფინანსების ახალი მოდელი ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხს, როცა საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება დიდად გაზრდილი არ არის, ამ და დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე EDU.ARIS.GE-ს კითხვებს პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ უპასუხა.

– საქართველოს მთავრობამ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის ნაწილი წარმოადგინა, ეს იმ მოდელთაგან ერთ-ერთია, რომელიც თქვენი ორგანიზაციის მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით წლების განმავლობაში შემუშავდა?

– დიახ, დაფინანსების წესი, რომელიც დამტკიცდა მთავრობის მიერ, ეფუძნება იმ მოდელს, რომელიც 2022 წლიდან აქტიურად მუშავდებოდა. ეს მოდელი განისაზღვრა ანალიტიკური სამუშაოების კვალდაკვალ და პასუხობს არსებული სისტემის გამოწვევებს, რომლიც სხვდასხვა შეფასებით გამოიკვეთა, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის შეფასებით. ასევე, ითვალისწინებს მნიშვნელოვან ექსპერტულ მოსაზრებებს, საერთაშორისო ანგარიშებში მოცემულ რეკომენდაციებს და კონკრეტული ქვეყნების გამოცდილებას. თუმცა, როგორც აღნიშნეთ, ეს არის მოდიფიცირებული ვერსია, რადგან თავდაპირველი მიდგომა არ ითვალისწინებდა სახელმწიფოს მიერ ყველა სტუდენტის სრულ დაფინანსებას. თავდაპირველი ვერსია მეტად იყო ორიენტირებული შესაბამისი მეთოდოლოგიით ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე პრიორიტეტული დისციპლინების გამოკვეთაზე და უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე, ასეთი პრიორიტეტების მეტი წილით დაფინანსებაზე. მოკლედ, რომ ვთქვა, ეს არის ძირითად განსხვავება. სხვა დანარჩენი მახასიათებლები, როგორიც არის უნივერსიტეტების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა (საგარანტიო დაფინანსება), სტუდენტის დამსახურებაზე/აკადემიურ მოსწრებაზე ორიენტირება, დისციპლინების შესაბამისი განსხვავებული ღირებულებების გათვალისწინება, განფასების მეთოდოლოგია კოეფიციენტების გამოყენებით და დისბალანსის ლიმიტის დაწესება – ეს შენარჩუნებულია მოდიფიცირებული ვერსიის ფარგლებში. ეს ყველაფერი ახსნილია მთავრობის დადგენილების განმარტებით ბარათში.

ამის გარდა იყო კიდევ ცვლილებების პაკეტი მომზადებული, რომელიც კანონის ცვლილებას მოითხოვდა და მხოლოდ მთავრობის დადგენილებით ვერ დარეგულირდებოდა. ეს შეეხებოდა სტუდენტის სტატუსთან, პროგრამების ხანგრძლივობასთან, აკადემიური პერსონალის აფილირებასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებს. სამინისტრო უმაღლესი განათლების ახალი კანონზე მუშაობს და ვიმედოვნებ, მომზადებული საკითხები გახდება ახალი კანონის ნაწილი. ეს უფრო განამტკიცებს დაფინანსების სისტემას და კანონით დაადგენს დაფინანსების დივერსიფიცირებულ გზებს და სხვა ისეთ საკითხებს, რომლებიც ხარისხის ამაღლებასთან იქნება დაკავშირებული. რომ შევაჯამო, არსებული მოდელი უფრო ჰგავს იმ გარდამავალი პერიოდისათვის აუცილებელ წესს, რომელიც სამომავლოდ შეიძლება კარგ, მდგრად სისტემად ჩამოყალიბდეს.

– როგორ ფიქრობთ, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელით განსაზღვრული პროგრამების ახალი ღირებულებები ის მატებაა, რომელსაც უნივერსიტეტები ელოდნენ და ეს ხარისხის მინიმალური გაუმჯობესებისთვის საკმარისია?

– პროგრამის ახალი ღირებულებები, რომელიც დადგენილებით განისაზღვრა, არის გარდამავალი ეტაპისთვის განკუთვნილი, ამის შესახებ სამინისტრომაც ისაუბრა. პროგრამების ღირებულებები, რომელის გამოთვლაც უნივერსიტეტებიდან გამოთხოვილი ფინანსური ინფორმაციისა და აკრედიტებული პროგრამების ანალიზის შედეგად დამუშავდა, სრულად არ არის ამ ეტაპზე გაზიარებული. შერჩეული მეთოდოლოგიით გამოთვლილი პროგრამების ღირებულებები საკმარისი იქნებოდა პროგრამების მიმდინარე პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების დასაფარად. თუმცა, ამ ეტაპზე, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ღირებულებები არის შემცირებული.

ამიტომ, ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამების ამ ეტაპზე დამტკიცებული ღირებულებები, რომელიც გაიზარდა და გახდა დიფერენცირებული, ზოგიერთი დისციპლინისთვის, მაგალითად მედიცინისა და ინჟინერიისთვის, არ იქნება საკმარისი. ამიტომ, გარდამავალი ეტაპისათვის მნიშვნელოვანი იქნება დაფინანსების სხვა მექანიზმების დროულად ამოქმედება. მხედველობაში მაქვს შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების ინსტრუმენტის ამოქმედება და კონკურენტული ინოვაციების ფონდის ფუნქციონირების გაგრძელება. ერთობლიობაში, ყველა მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საჭიროებების დაკმაყოფილებას, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დღეს აქვთ.

– ხომ ვერ გვეტყვით, სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, რომელიც ჯერ საჯაროდ აღწერილი არ არის, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, გეგმით, სავალდებულო დაფინანსებაზე მეტი თუ ნაკლები იქნება?

– შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების ბიუჯეტად, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, სამინისტროს შევთავაზეთ საბაზო დაფინანსების წლიური ოდენობის 15%-ით განსაზღვრა. ვთქვათ, 2026-2027 აკადემიური წლის სტუდენტების ნაკადისთვის საბაზო დაფინანსებად განისაზღვრა 60 მლ ლარი, 2027 წლის ბიუჯეტში უნდა მოხდეს დამატებით 9 მილიონი ლარის გათვალისწინება. და ასე ყოველ წელს. დაახლოებით ასეთია ფორმულა.

– როგორც იცით, სტუდენტებს 2027 წლის პირველ იანვრამდე პირველი სემესტრის სწავლის საფასური ძველი წესით, მატების გარეშეა განსაზღვრული. თქვენი აზრით, ეს მთავრობის მიერ სახსრების მოძიებასთან არის დაკავშირებული თუ უნივერსიტეტების მიერ გეგმის წარდგენის პროცესი გაიწელა?

– ვერ გეტყვით დაზუსტებით. პირველი სემესტრი ძველი ღირებულებით, თუმცა ახალი განაწილების წესით გაიცემა. ასეა დადგენილებით განსაზღვრული. აკადემიური წელი სექტემბერში იწყება, საბიუჯეტო იანვარში. სავარაუდოდ, ძირითადი ბიუჯეტი (გაზრდილი), უფრო რეალისტურია, რომ 2027 წლისთვის დაიგეგმოს.

– ფიქრობთ, რომ სწავლის დაფინანსების ახალი მოდელის ფარგლებში, სახელმწიფოსთვის საჭირო სპეციალობებზე მეტ დაინტერესებულ სტუდენტს მივიღებთ? თუ უფასოდ დიპლომის მიღების შესაძლებლობა ისევ პრიორიტეტული იქნება სტუდენტებისთვის სპეციალობის არჩევის დროს?

– ამ შემთხვევაში დაფინანსების მოდელი არ არის პრიორიტეტული დარგების წამხალისებელი, რადგან ყველა მიმართულება და ყველა სტუდენტი ფინანსდება. ეს ყველაფერი აქტუალური იქნებოდა საწყისი მოდელის ფარგლებში. ახალი, მოდიფიცირებული მიდგომით ყველა სტუდენტი, რომელიც დადგენილი წესით ჩაირიცხება საჯარო უნივერსიტეტში, იღებს დაფინანსებას სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პროგრამაზე ჩაირიცხება. აქ ძირითადი მოტივატორი არის სტუდენტის ინტერესი კონკრეტული დისციპლინისადმი და არა დაფინანსების არსებობა.

– ხომ არ იცით, რითია გამოწველი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების (ინტერნაციონალიზაციის) ასეთი მკვეთრი, ერთსაფეხურიანი, 5%-მდე შემცირება? თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მაგალითად, ათეულ მილიონ ლარს ვეღარ მიიღებს უცხოელებისგან.

– დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა, ზოგადად, რეგულირებად პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრაში, სახელმწიფოს მონაწილეობის საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ მედიცინაზე. დაახლოებით 10 სხვადასხვა ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების შეფასებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული მათგანის რეგულაცია ითვალისწინებს ადგილების განსაზღვრაში ორი ძირითადი სახელმწიფო უწყების, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მონაწილეობას.

ასევე, არიან ქვეყნები, რომლებიც არეგულირებენ უცხოელი სტუდენტებისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას. ისევ რეგულირებად პროფესიებზე, კონკრეტულად კი მედიცინაზე ვსაუბრობ. თუმცა, რაიმე კონკრეტული, დასაშვები პროცენტის ან უნიკალური ფორმულის შესახებ არ ვიცი, არ მსმენია. შეფასებითია უფრო მათი გადაწყვეტილებები და გამომდინარეობს ქვეყნის საჭიროებებიდან. სამედიცინო განათლების კომერციალიზაციაზე და მასთან დაკავშირებულ რისკებზე მსოფლიოში არის დისკუსია. ბევრი ქვეყანა ცდილობს ამის დარეგულირებას.

– მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო, როგორც საქართველოს მთავრობის ნებისა და პოლიტიკის შემსრულებელი, სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე მისაღებ დაფინანსების კრიტერიუმებს უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშავებს და შემდგომ შესრულებას შეაფასებს. თქვენი აზრით, ასეთი სქემა ეფექტურად იმუშავებს?

– შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება (PBF) წარმოადგენს საერთაშორისოდ აპრობირებულ მოდელს, რომლითაც სახელწმიფო ინდივიდუალური მოლაპარაკებების გზით, ახდენს კონკრეტული უნივერსიტეტის დაფინანსებას. ამ მოდელით, სახელმწიფო ხელს უწყობს დაწესებულებებს, რომ გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა და, მთლიანობაში, სისტემის ეფექტურობა. წარმატებული PBF მოდელები, რომლებიც დაფუძნებულია შეფასების ეფექტურ მექანიზმებზე, უზრუნველყოფს უნივერსიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას. რაც შეეხება შესრულების ინდიკატორებს, ეს უკვე განსაზღვრულია უმაღლესი განათლების მიზნების შესაბამისად.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა უცხოელ და ადგილობრივ კოლეგებთან ერთად. უფრო კონკრეტულად, კვლევის შედეგად, რომელიც საერთაშორისო კომპანიამ განახორციელა, ჩამოყალიბდა შესრულების ინდიკატორების კატალოგი, რომელიც მარტივად რომ ვთქვა დახარისხებულია და შეესაბამება ხუთ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას. ესენია, განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა, კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების (RDI) ხარისხისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება, ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა, რეგიონული განვითარების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. რათქმაუნდა, სამომავლოდ, კატალოგი შეიძლება განვითარდეს და დაემატოს ახალი ინდიკატორები, რაც ნორმალური იქნება უნივერსიტეტის საჭიროებების გათვალისწინებით. მაგალითად, შესაძლოა შემოქმედებით და საშემსრულებლო უმაღლეს სასწავლებლებს დასჭირდეთ დარგისთვის დამახასიათებელი მეტად სპეციფიკური საქმიანობის განხორციელება და ამისთვის საჭირო გახდეს ახალი, განსხვავებული შესრულების ინდიკატორების დაწესება. მოკლედ, დაფინანსების ეს მექანიზმი, ისევე, როგორც სხვა, არის განვითარებადი.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად დაფინანსების მიღებისა და შესრულების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ეფექტური. ეს მართლაც არის უმნიშვნელოვანესი.

დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავების ფარგლებში, ერთ-ერთ ინოვაციურ გადაწყვეტას წარმოადგენს, სწორედ, დაფინანსების მართვის დინამიური პროცესების განხორციელების შესაძლებლობა ბლოკჩეინზე დაფუძნებული დაფინანსების მართვის მექანიზმის გამოყენებით. ამდენად, ახალ ელექტრონული მართვის სისტემაში შესაძლებელი იქნება, როგორც PBF ხელშეკრულების ელექტრონულად შექმნა – ინდიკატორების არჩევა, წონის მინიჭება, ანაზღაურების გრაფიკის შედგენა და ა.შ., ასევე, უშუალოდ მისი შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი.

უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ახალი ელექტრონული სისტემით სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსებისათვის ბიზნეს პროცესების განხორციელება, დაფინანსებასთან დაკავშირებული მოქმედებების მონიტორინგი რეალურ დროში, სხვადასხვა ეტაპზე მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობა, ანალიტიკა – ე.წ. „გრაფიკული დაფის“ (Graphic dashboard) სახით და ინფორმაციაზე მუდმივი ხელმისაწვდომობა ყველა მონაწილე მხარისათვის, შესაბამისი როლების მიხედვით.

– დაფინანსების მართვის ელექტრონული სისტემა ახსენეთ, რა ეტაპზეა ახლა და ისიც 2027 წლის იანვრიდან ჩაეშვება? როგორ გამოიყენებენ უნივერსიტეტები და მთავარი, მონიტორინგიც ამ სისტემით მოხდება თუ შიდა აუდიტის, ან სხვა სახის შემოწმება იქნება სამინისტროს მხრიდან?

– ელექტრონული სისტემით უნდა განხორციელდეს 2026-ს წელს ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების მართვა. შესაბამისად, 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრიდან საბაზო დაფინანსების ადმინისტრირებისა და სტუდენტთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი ახალი სისტემით განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისტემის ტესტირების დასკვნითი ეტაპი და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის გადაცემის პროცედურები.

სისტემა ემსახურება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის მართვას და აქვს ორი ძირითადი მოდული – „საბაზო დაფინანსების“ (Core Funding) მოდული და შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების“ (Performance-based Funding _ PBF) მოდული.

საბაზო დაფინანსების მოდულში შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკური ინფორმაცია სწავლის დაფინანსების, პროგრამებზე სტუდენტთა მობილობის, ჩარიცხვისა და სწავლის დასრულების შესახებ და სხვა. ამ და სხვა მონაცემების დამუშავება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ჭრილში.

ბაზა ძირითადად ავტომატიზებულია და მაქსიმალურად დაცულია ადამიანური შეცდომებისაგან, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს დაფინანსების მიღებისა და მართვის პროცესს, როგორც სამინისტროსთვის, ისე, უნივერსიტეტებისათვის. სამინისტროს და უნივერსიტეტებს აქვთ თავისი პორტალები სადაც პროცესების გაკონტროლება შეეძლებათ მიმდინარე რეჟიმში.

მოკლედ, რომ ვთქვა, უმაღლესი განათლების დაფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელდება, როგორც უმაღლესი განათლების დაფინანსების მართვა, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიღწეული შედეგების მონიტორინგი და მრავალ ჭრილში ინფორმაციის სტატისტიკური და ანალიტიკური დამუშავება. სამინისტროს მხრიდან, სისტემის მომხმარებლები, ვფიქრობ, იქნებიან უმაღლესი განათლების მართვაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტი და ასევე, ეკონომიკური დეპარტამენტი. თავად სისტემის გამართლებაზე იზრუნებს ემისი. სისტემას სხვა ბევრი ფუნქციაც აქვს, რომელიც იძლევა საშუალებას ქვეყნის მასშტაბით დავინახოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაზე გაწეული დანახარჯები. სისტემის გამოყენების ინსტრუქციების სრული პაკეტიც შემუშავებულია, რაც ხელმისაწვდომი იქნება სისტემის ადმინისტრირებაში ჩართული მხარეებისათვის.

– და ბოლოს, ქალბატონო თამარ, როგორ ხედავთ პროცესს თქვენ, 10-წლიან პერსპექტივაში დაფინანსების ეს მოდელი რას შეცვლის უმაღლეს განათლებაში? რა დროში უნდა ველოდოთ შრომის ბაზრის სწორად უზრუნველყოფას გამოშვებული სტუდენტების ხარჯზე?

– მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. დაფინანსების სისტემა, რომლიც ობიექტურად, ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებდა, მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალ მოდელს აქვს ბევრი უპირატესობა და შესაბამისობაშია სხვა ევროპულ ქვეყნებში არსებულ აპრობირებულ და წარმატებულ მოდელებთან. როდესაც ამას ვამბობ, მხედველობაში მაქვს, ახალი მოდელის რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. მაგალითად ის, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სწავლის საფასურის განსხვავებულ ოდენობებს (პროგრამების ღირებულებას) სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების მიხედვით; ასევე, განსაზღვრავს დივერსიფიცირებული დაფინანსების სისტემას, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტების დაფინანსებას სტუდენტთა რაოდენობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით – აკადემიური პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების დასაფარად; განსაზღვრავს საბაზო, სტაბილური დაფინანსების მექანიზმს; სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე ორიენტირებულ დაფინანსებას გაზომვადი შედეგებით, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს შორის ანგარიშ ვალდებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას და აკადემიური/სამეცნიერო მიღწევების შესახებ ეროვნულ დონეზე სანდო ინფორმაციის შეგროვებას; სწავლა-სწავლების პროცესში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებას.

მე ვფიქრობ, რომ ასეთ სისტემაში, სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია სამომავლოდ, მეტი დაფინანსების ჩადება, რომლის მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგისა და ეფექტურობის გაზომვის შესაძლებლობა ექნება. ასევე მარტივად იქნება შესაძლებელი პროგრამების ღირებულებების გადაანგარიშება საჭიროების შემთხვევაში. გამოთვლის მეთოდოლოგია იყენებს კოეფიციენტებს და არ იქნება საჭირო პროგრამების თავიდან განფასება. ერთი სიტყვით სისტემის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა სავსებით შესაძლებელია. საფუძველი კარგია, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ამავე თემაზე:

როგორ დაფინანსდებიან სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026–2027 სასწავლო წლიდან – მთავრობამ ახალი მოდელი და ბიუჯეტი დაამტკიცა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური