საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.0%-ით (177.3 ლარით) გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ 15 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საშუალო თვიური ანაზღაურების ზრდა დაფიქსირდა განათლების სექტორშიც. უფრო კონკრეტულად კი, 2025 წლის II კვარტალში განათლებაში საშუალო თვიური ხელფასი 1 367, ხოლო 2026 წლის II კვარტალში 1 468 ლარი იყო.
ამ პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქსტატის მონაცემები, სადაც განათლება შესაბამის დიაგრამაზე „P“ ნიშნით არის გამოსახული, ცხადყოფს, რომ განათლება ხელფასის ოდენობის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის სახეებს შორის ერთ-ერთი ბოლო დარგია.
ამავე ანგარიშის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 400.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.4%-ით); - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 074.1 ლარი (გაიზარდა 9.2%-ით);
- მშენებლობა – 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10.3%-ით).
2026 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927.0 ლარი, ხოლო კაცების – 2 856.4 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა-მთიანეთი, ბოლო ადგილს კი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი იკავებს.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქსტატის ანგარიში
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება
