GE

რამდენი კერძო საბავშო ბაღი ჩაერთვება პირველ ეტაპზე სესხის პროცენტის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში

კერძო საბავშვო ბაღები საბანკო სესხის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ. შედეგად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მიერ საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული სესხების გადასახადის 80%-ს, 6 თვის მანძილზე, სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრეს.

“ეს ღონისძიება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, ის ასევე შეეხება სპორტის ინდუსტრიას, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ბიზნესებია, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ”,- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით კი, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის მეორე ეტაპზე რესტორნების გარდა, სხვა ბიზნეს სუბიექტები და მათ შორის კერძო საბავშვო ბაღებიც ჩაერთვებიან. მისივე განმარტებით, შერჩევის მეორე ეტაპი 8 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება.

„საბავშვო ბაღები ჯერ-ჯერობით ვიცით, რომ ვერ განაახლებენ სააღმზრდელო პროცესს, მომავალში დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება მათი საქმიანობის განახლება. ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდვითარება, აქ მცირეწლოვან ბავშვებზე გვაქვს საუბარი. ვითვალისწინებთ მოთხოვნას და მათზეც ვავრცელებთ სესხის სუბსიდირების პროგრამას, ეს არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, კერძო საბავშო ბაღები, მათ შორის, ინკლუზიური განათლების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. აქაც ჩვენ 80%- ით დავუსუბსიდირებთ 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტს. ჩვენი მოლოდინია, რომ საბავშვო ბაღების შემთხვევაში სულ მცირე 50-მდე ჩაერთვება, ეს წინასწარი ვარაუდია, შეიძლება რიცხვი უფრო მეტი იყოს. აქ დაფინანსება შეეხება როგორც ბანკიდან აღებულ სესხებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებულ სესხებს, ასევე ლიზინგის პროცენტს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეღავათებით სარგებლობის მოთხოვნით, საქართველოს კერძო ბაგა ბაღების ასოციაციამ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური წერილით 2020 წლის 16 დეკემბერს მიმართა, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ სესხების დაფინანსების ნაწილში დახმარება იყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური