GE

რამდენი ვაკანტური ადგილი შეივსო სკოლებში პენსიონერი პედაგოგების წასვლის შემდეგ და რომელი საგნის მასწავლებლების დეფიციტა სისტემაში

საჯარო სკოლებიდან საპენსიო ასაკის 6000-მდე პედაგოგის გასვლის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ ეტაპზე 2600-მდე ვაკანსია გაჩნდა, რაც უკვე შევსებულია. ამჟამად კიდევ გამოცხადებულია კონკურსი 1500-მდე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, რომლიც 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროფესიიდან 6000 მასწავლებლის გასვლა არ ნიშნავს, რომ სკოლებს იგივე რაოდენობით კადრები სჭირდებათ. ვაკანსიის გაჩენის შემდეგ, პირველ რიგში საათებით სკოლაში მომუშავე პედაგოგები კმაყოფილდებიან, ახალი კადრის შეყვანა მხოლოდ ამის შემდეგ ხდება.

„ამ პროცესს ვუწევთ ძალიან მჭიდრო მონიტორინგს და მხარდაჭერას, ჩვენი ჯგუფები ორი თვეა რეგიონებში იმყოფებიან რომ დაეხმარონ სკოლებს და რესურსცენტრებს საათების ოპტიმალურად გადანაწილებაში და ა.შ. პროფესიიდან გასული მასწავლებლის გამოთავისუფლებულ საათებს, პირველ რიგში, ივსებენ იმავე სკოლის მასწავლებლები, რომლებიც შესაძლოა, არასრულ განაკვეთზე მუშაობდნენ, 15 საათი არის განაკვეთი, რაზეც ისინი სტატუსის სრულ დანამატს იღებენ. სკოლებს პირველ რიგში უნდა შეევსოთ საათები არსებული კონტიგენტისთვის და შემდეგ გამოეცხადებინათ ვაკანსიები. ამ ვაკანსიების გამოცხადების პირველი ეტაპი დამთავრდა და 2600 ვაკანსია შეივსო თბილისსა და რეგიონებში. შევსება მოხდა როგორც გარედან შემოსული კადრებით, ასევე შიგნით, ან სხვადასხვა სკოლებში გადანაწილებით, თუმცა 1500 ვაკანსიაა გამოცხადებული ისევ და 15 სექტემბრამდე დასრულდება პროცესი“, – ამბობს ირინა აბულაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ზოგადი მონაცემებით პედაგოგების დეფიციტი ფიზიკის, მუსიკის, ხელოვნების და სპორტის მიმართულებით იკვეთება. „ეს არის ისტორიულად შექმნილი დეფიციტი, რომელიც არსებობს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში და ამ დარგების მიმართულებით ჩვენ სპეციალურ პროგრამებს ავამუშავებთ“, – განმარტავს ის.

რაც შეეხება პედაგოგობის მსურველებს, ირინა აბულაძე აცხადებს, რომ ერთწლიანი 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამის პარალელურად, ოქტომბერში დისტანციური პროგრამა ამოქმედდება.

„არსებობს მინისტრის ბრძანება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესის შესახებ, სადაც ჩამოყალიბებულია  კონკრეტული მოთხოვნები, ცხადია დიპლომი აუცილებელია იმ მიმართულებაში, თუმცა შეძლება არაპედაგოგიური. მაგალითად, შეიძლება ვიყო ფიზიკის ბაკალავრი, შევიდე სკოლაში და პარალელურად გავიარო ე.წ. ერთწლიანი 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა. წელს ჩვენ  ვმუშაობთ და ოქტომბრიდან ამუშავდება, მასწავლებლის მომზადების პროგრამა დისტანციურ რეჟიმში, ანუ ელექტრონული ფორმით, რომ შეძლონ პროგრამის დისტანციურად გავლა. სკოლაში შესულ ახალგაზრდა კადრებს აუცილებლად ეყოლებათ მენტორები, რომლებიც მათ ადგილზე დაეხმარებიან.  საიტზე pedagogi.ge ქვეყნდება სკოლებში არსებული ყველა ვაკანსია. ამავე საიტზე, პირს რომელსაც სურს მასწავლებლობა, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია, სკოლებს შეუძლიათ ღიად ნახონ ასეთი კანდიდატები და პირდაპირ შეეხმიანონ და დაიბარონ გასაუბრებაზე. თუ ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადებული არ არის, მსურველს მაინც შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია, ატვირთოს დიპლომი და სხვა საჭირო დოკუმენტები და ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში სკოლა დაუკავშირდება“,- ამბობს მინისტრის მოადგილე.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური