რამდენიმე მოსაზრება კრიტიკული აზროვნების შესახებ
დავით ბოლქვაძე, ბლოგერი თითქმის ორი ათეული წელია, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს. სწავლა-სწავლების ძველი მეთოდიკა, პრაქტიკულად, სრულიად შეიცვალა და ახალ, დასავლეთში აპრობირებულ პრინციპებზე გადასვლას ვცდილობთ. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ თეორიულ დონეზე ჩვენ უკვე შევიმუშავეთ „თამაშის ძირითადი წესები”, მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორი წარმატებით ინერგება თეორიული ცოდნა სასკოლო პრაქტიკაში – ჯერჯერობით სკოლებიდან სრულყოფილი მონაცემები არ მიგვიღია.
ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება, რომელზეც თეორიულ დონეზე არავინ კამათობს, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების აუცილებლობაა. ვერ ვიტყვით, როგორ ართმევენ თავს ჩვენი მასწავლებლები ამ რთულ ამოცანას, რადგან ფუნდამენტური კვლევა ამ კუთხით ჯერ არ ჩატარებულა. ეჭვგარეშეა, კრიტიკული აზროვნება დიდებული რამ არის. უცხოეთში ამ საკითხზე საგანმანათლებლო სფეროს უდიდესი ექსპერტები მუშაობენ, ტარდება მეცნიერული კვლევები, ხდება შედეგების ანალიზი. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში კი ის ახლაღა მკვიდრდება და უცნაური იქნებოდა იმის კრიტიკა, რის დადებითი თუ უარყოფითი შედეგებიც ჯერ არ ვიცით.
ამ სტატიით, მინდა, კრიტიკულ აზროვნებასთან უშუალოდ დაკავშირებული ერთი ასპექტის შესახებ გამოვთქვა მოსაზრება, ხოლო დასასრულ კრიტიკულ აზროვნებაზეც გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული აზრი. ვგულისხმობ ინფორმაციული ცოდნისა და კრიტიკული აზროვნების ურთიერთმიმართების საკითხს. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: ლაპარაკია მხოლოდ თეორიულ დონეზე წარმოშობილ ტენდენციებზე, რომლებიც გარკვეული ხნის შემდეგ პრაქტიკად უნდა იქცეს.
მოგეხსენებათ, წინათ ცოდნის მექანიკურ გადაცემაზე ამახვილებდნენ ყურადღებას (ამჟამად ეს მიდგომა სამართლიანად არის დაწუნებული) და მოსწავლეს წარმოიდგენდნენ ერთგვარ „ჭურჭლად”, რომელიც ინფორმაციით უნდა აგევსო. კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითობა სასწავლო პროცესში სრულიად უგულებელყოფილი იყო. ამჟამად კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავცვივდით და სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ მოსწავლეთა ინფორმირების აუცილებლობას (ყოველ შემთხვევაში, თეორიულ დონეზე მაინც). წინა პლანზე კრიტიკული აზროვნების განვითარებამ წამოიწია და ინფორმაციის დამახსოვრების მოთხოვნა ლამის ჩამორჩენილობად არის მიჩნეული. ჩემი აზრით, პრობლემა სწორედ აქ იჩენს თავს – შეძლებს კი მოსწავლე, მართლაც კრიტიკულად განიხილოს რაიმე საკითხი, თუ განსახილველი თემის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ ექნება? რამდენად ადეკვატური იქნება ამა თუ იმ მოვლენის მისეული ანალიზი, თუ ამ ტიპის სხვა მოვლენები არ შეისწავლა? კრიტიკული აზროვნების პროცესში ფაქტების ცოდნა ზოგჯერ უკანა პლანზე გადაიწევს და მასწავლებლები დაახლოებით ასეთი ამოცანის წინაშე დგებიან: მოსწავლეებისთვის მთავარია იმის სწავლა, „როგორ” უნდა იფიქრონ და არა იმისა, „რა” უნდა იფიქრონ. „რა”აქ ფაქტების ცოდნას გულისხმობს და უამისოდ „როგორ” პროცესი სრულფასოვნად ვერ წარიმართება.
მას, ვისაც ინფორმაციის დამახსოვრება საჭიროდ არ მიაჩნია, არგუმენტად ის მოჰყავს, რომ ფაქტების უმეტესობა მოძველებულია, შეხედულებები გამუდმებით იცვლება, საჭირო ინფორმაციის მოძიება ყოველთვის შეიძლება (უმთავრესად – ინტერნეტში) და ა.შ. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ არსებობს ისეთი ინფორმაცია (ფაქტები, შეხედულებები, ღირებულებები), რომლებიც არც მოძველებულია და არც ცვლილების პროცესშია – ისინი ძველი, საიმედო ჭეშმარიტებები გახლავთ და მოსწავლეს მათი ყურადღებით წაკითხვა, გააზრება და დამახსოვრება მოეთხოვება.
წარმოვიდგინოთ, რომ გვსურს, მოსწავლეებმა კრიტიკულად განიხილონ, გააანალიზონ და შეაფასონ რომელიმე ომი. ისინი მით უკეთესად გაართმევენ თავს ამ ამოცანას, რაც უფრო მეტი ეცოდინებათ განსახილველი მოვლენის შესახებ. მეტიც – თუ მოსწავლეებს სხვა ომების შესახებაც ექნებათ ინფორმაცია, მათი მოსაზრებები და შენიშვნები კიდევ უფრო გონებამახვილური და შინაარსიანი იქნება. რომელიმე ლექსის კრიტიკულად განხილვა გვინდა? – მით უფრო ღირებული იქნება მოსწავლის მოსაზრება, რაც უფრო მეტი იმავე ავტორის (და სხვებისაც) სხვა ლექსი ეცოდინება. ინფორმირებული მოსწავლე უკეთ სწვდება განსახილველი მოვლენის არსს, უეკთ ადარებს მას სხვა მოვლენებს და პოულობს მათ შორის მსგავსებასა თუ კონტრასტს.
ინფორმირებულობის აუცილებლობას თვალსაჩინოდ ასაბუთებს სხვადასხვა პროფესიის შესწავლის პროცესი. როგორ ეუფლებიან ისეთ ურთულეს პროფესიას, როგორიც თვითმფრინავის მართვაა? თუნდაც მასთან შედარებით მარტივი ბარმენის პროფესია ავიღოთ… რასაკვირველია, იმ უნარების ათვისებით, რომლებიც ამ კონკრეტულ პროფესიასთან არის დაკავშირებული. ხომ შეუძლებელია, ზემოთ დასახელებული ან ნებისმიერი სხვა პროფესიის შესწავლა მხოლოდ მასზე საუბრით ან რაიმე აბსტრაქტული, წარმოსახვითი რეალიების განხილვით მოხერხდეს.
სტატიის დასასრულს, ნება მიბოძეთ, კრიტიკულ აზროვნებას „კრიტიკული თვალით” შევხედო და ჩემი კიდევ რამდენიმე შეხედულება გაგიზიაროთ.
ზოგჯერ კრიტიკული აზროვნება ახირებას ემსგავსება, რომლის მიზანი ყველაფერში ეჭვის შეტანაა, იქცევა თავისებურ ჟინად, რომელიც მოწოდებულია დაანგრიოს ყველა არსებული მოსაზრება, „ამხილოს” უკვე ჩამოყალიბებული ყველა შეხედულების მცდარობა. მოკლედ, კრიტიკული აზროვნება ნგრევის თავისებურ სიმბოლოდ ყალიბდება. ჩვენ თვითონვე ხომ არ ვქმნით პერსპექტივაში იმის საფრთხეს, რომ როცა მოსწავლის კრიტიკული აზროვნება გასცდება საკლასო ოთახის ფარგლებს (და ასეც უნდა მოხდეს), ის ეჭვის თვალით შეხედავს პრაქტიკულად ყველაფერს – საყოველთაოდ მიღებულ სიბრძნეს, ტრადიციებს, მშობლებს, მათ თვალში უკვე ძველმოდურად ქცეულ უფროს თაობას?
თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, უფრო მეტად ხომ არ დაიმცრობა სასწავლო პროცესში ინფორმაციის მნიშვნელობა? ხომ არ აღმოჩნდებიან ჩვენი მოსწავლეები გამუდმებით რაღაცის უარყოფისა და იგნორირების მდგომარეობაში?
შესაძლოა, კრიტიკული აზროვნების წინააღმდეგიც კი ვეგონო ვინმეს. მერწმუნეთ, ასე არამც და არამც არ არის. პირიქით, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად მიმაჩნია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ნამდვილი კრიტიკული აზროვნება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც იგი ინფორმირებულობას ეფუძნება.
საიტისათვის: mastsavlebeli.ge
იხილეთ ორიგინალი