რამდენმა მასწავლებელმა გაიარა გარე დაკვირვება და რა უჭირთ პედაგოგებს ყველაზე მეტად
სანამ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი გამოქვეყნდება, განათლების სამინისტრომ პედაგოგებს მისცა საშუალება, დაასრულონ კრედიტ-ქულების დაგროვების პროცესი და აიმაღლონ სტატუსი მასწავლებლის ჯერჯერობით მოქმედი სქემის მიხედვით.
პედაგოგები დარეგისტრირდნენ გარე დაკვირვებაზე, რომელიც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად ძველი სქემის მიხედვით სავალდებულო აქტივობაა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცნობით, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან 6 თებერვლამდე გარე დაკვირვება გაიარა 1 019-მა მასწავლებელმა, ხოლო გარე დაკვირვებაზე სულ დარეგისტრირებულია 4 156 მასწავლებელი.
როგორც განათლების სამინისტროდან EDU.ARIS.GE -სთვის გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პასუხად მოგვივიდა, სასწავლო წლის დასრულებამდე გარე დაკვირვების გავლის შესაძლებლობა მიეცემა გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებულ ყველა მასწავლებელს.
EDU.ARIS.GE-მ სამინისტროს სთხოვა დაესახელებინა, რა დეტალები გამოიკვეთა გარე დაკვირვების დროს, ყველაზე მეტად რა უჭირთ მასწავლებლებს გარე დაკვირვების გავლისას, რაზეც უწყებაში ასე გვიპასუხეს:
„ფიქსირდება შემთხვევები, როცა მასწავლებლები განსაზღვრულ ვადაში ვერ ტვირთავენ გაკვეთილის გეგმებს, ამის მიზეზი უმთავრესად არის ის, რომ ვერ ახერხებენ დროის სწორად მენეჯმენტს.
აუცილებელია, გაკვეთილის გეგმები ატვირთონ 5 სამუშაო დღით ადრე და შეავსონ ყველა კომპონენტი, რომელიც გაკვეთილის გეგმის ფორმით არის გათვალისწინებული.
ასევე გაითვალისწინონ ისიც, რომ გაკვეთილის გეგმა აუცილებლად უნდა იყოს pdf ფორმატში. გარდა ამისა, აუცილებელია გაკვეთილის ჩატარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ატვირთონ ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE -სთვის გამოგზავნილ პასუხში.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება