რამდენწუთიანი იქნება სექტემბრიდან გაკვეთილები? – მშობელთა პრეტენზია და განათლების სამინისტროს პასუხი
2020 წლიდან, პანდემიის გამო, სკოლებში აირია როგორც სასწავლო რეჟიმი, ისე გაკვეთილის დადგენილი ხანგრძლივობა. მანამდე თუ ყველგან 45 წუთიანი გაკვეთილები ტარდებოდა, ონლაინ რეჟიმში გადასვლის მიზეზით, სკოლების ნაწილმა 40 წუთამდე დაიყვანა გაკვეთილის ხანგრძლივობა, ნაწილმა – 35 და ნაწილმაც – 30 წუთამდე. რამდენწუთიანი გაკვეთილები ჩატარდება მომდევნო, 2022-2023 სასწავლო წლიდან? ამ კითხვით EDU.ARIS.GE-მ განათლების სამინისტროს მიმართა და ამ საკითხის გარშემო მშობლების აზრიც მოისმინა.
როგორც 25 ივლისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვითხრეს, სკოლას თავად ჰქონდა უფლება, მიეღო გადაწყვეტილება, რამდენწუთიან გაკვეთილს ჩაატარებდა და ეს ძირითადად იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ ჩატევდნენ სკოლები გაკვეთილების ცხრილს საათობრივ ბადეში.
„გადაწყვეტილებას სკოლა იღებდა. რამდენიმე ცვლა დაემატა ონლაინ სწავლების გამო და ამის მიხედვით წყდებოდა ეს საკითხი, სკოლა თვითონ არეგულირებდა, თუ როგორ ჩატეულიყო საგაკვეთილო ბადეში. პირველი ცვლა, მეორე ცვლა და შეჭრილი ცვლაც იყო. შეჭრილი ცვლები სადაც იყო, იქ შეამცირეს გაკვეთილის ხანგრძლივობა. სხვაგვარად ვეღარ ასწრებდა სკოლა ყველა კლასისთვის ჩაეტარებინა გაკვეთილი“, – გვითხრეს განათლების სამინისტროში.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, შემოკლებული გაკვეთილები, რიგ სკოლებში, მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლეები თითქმის სრულად დაუბრუნდნენ კლასში ჩვეული რეჟიმით სწავლებას. სკოლების ნაწილი კი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალკონტინგენტიანი იყო და ცვლაც ბევრი ჰქონდა, პანდემიის დროსაც ახერხებდა 45 წუთიანი გაკვეთილების ჩატარებას. როგორც ჩანს, ეს ამბავიც სკოლების დირექციების პასუხისმგებლობასა და მათი მხრიდან სასწავლო პროცესის სრულად წარმართვის სურვილზე იყო დამოკიდებული ან პირიქით – სულაც არ ადარდებდათ, როგორი ხარისხის გაკვეთილი ჩაუტარდებოდათ მათ მოსწავლეებს.
მოსწავლეების მშობლები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მაინც, აუცილებლად 45 წუთიანი გაკვეთილები უნდა ჩატარდეს. ისინი სკოლებს მოუწოდებენ, ნუ ირიდებენ პასუხისმგებლობას და პანდემიის მიზეზით, კიდევ უფრო ნუ აპატარავებენ გაკვეთილს.
თბილისის 136-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის (III და VIII კლასი) მშობელი, ნატო ცეცხლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სკოლაში, სადაც ბავშვები მხოლოდ ერთ ცვლაში სწავლობენ, პანდემიის დადგომისთანავე 30 წუთიანი გაკვეთილები დაიწყო და ასე გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც ბავშვები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.
„თქვენგან გავიგე, რომ ზოგ სკოლაში 40 და 45 წუთიანი გაკვეთილიც კი ტარდებოდა. 30-ში კი არა, 45 წუთში ვერაფერს ასწრებენ გაკვეთილზე. 30 ბავშვზე მეტი ზის კლასში და გამოდის, 1 წუთიც არ ეთმობა თითოეულს. ონლაინ სწავლებისას ხომ, მით უმეტეს. განათლების სისტემის პრობლემაა, გადატვირთული კლასები რომ გვყავს. ნიჭიერი ბავშვები ასე თუ ისე კიდევ ახერხებენ რაღაცას ამ პირობებში თავისი ნიჭისა და მონდომების წყალობით, მაგრამ სუსტი ბავშვები კიდევ უფრო იჩაგრებიან. მასწავლებელს დროის სიმცირის გამოც აღარ აქვს საშუალება, ის სუსტი ბავშვები ამოქაჩოს და ისინი ყოველ წელს უკან-უკან მიდიან. ჩვენს სკოლაში კი არიან კარგი პედაგოგები, მაგრამ 30 წუთში რის საშუალება ექნება მასწავლებელს? იმედია, მომავალი სასწავლო წლიდან ისევ 45 წუთიანი გაკვეთილები იქნება. ნუ ირიდებენ პასუხისმგებლობას და პანდემიის მიზეზით კიდევ უფრო ნუ აპატარავებენ გაკვეთილს, ნუ არიან გულგრილები“, – გვითხრა ნატო ცეცხლაძემ.
კიდევ ერთი, თბილისის 208-ე საჯარო სკოლის სამი მოსწავლის (IV, VIII და IX კლასი) მშობელი, ნანა გიგოლაშვილი ამბობს, რომ მათ სკოლაშიც 30 წუთიანი გაკვეთილები ტარდებოდა, რაც არაფრით არის საკმარისი გაკვეთილის ჩასატარებლად.
„30 წუთში მასწავლებელი ვერც მოსწავლეების ცოდნის შემოწმებას და ვერც ახალი პროგრამის კარგად ახსნას ასწრებს. აუცილებელია, გაკვეთილები ისევ 45 წუთიანი იყოს“, – ამბობს მოსწავლეების მშობელი.
მაკა ნოზაძე, რომლის ორი შვილის თბილისის 149-ე საჯარო სკოლაში (IX და X კლასი) სწავლობს, ამბობს, რომ არ იცოდა, სკოლის გადასაწყვეტი თუ იყო, რა ხანგრძლივობის გაკვეთილები ჩაუტარდებოდათ მათ შვილებს.
„ჩვენს სკოლაში 30 წუთიანი გაკვეთილები ტარდებოდა და მეგონა, ყველგან ასე იყო. 30 წუთი არაფრით არის საკმარისი. მით უმეტეს, რომ მასწავლებლებს უყვართ მხოლოდ „კარგი“ მოსწავლეების გამოკითხვა, სხვები საერთოდ ყურადღების მიღმა რჩებიან და აღარაფერს აკეთებენ. როგორც წესი, 2-3 ბავშვი ჰყავთ ამოჩემებული და მათ ეკითხებიან, მათთვის ხსნიან გაკვეთილს. ჩემი თხოვნა იქნება, ყველა ბავშვს სათანადო ყურადღება მიექცეს. 30 წუთში რა უნდა მოასწრონ? ვინც რამე იცის კი არა, ვინც არ იცის, ის უნდა აამუშაოს მასწავლებელმა და ამ დროში 30 და მეტ მოსწავლესთან ურთიერთობას როგორ მოასწრებს?!“, – ამბობს მშობელი.
ექნებათ თუ არა სკოლებს მომავალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ხანგრძლივობის შემცირების უფლება, ჯერ არავინ იცის, რადგან როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, ეს ისევ პანდემიის მიმდინარეობაზე და მთავრობის საკოორდინაციო სავჭოს მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.
„სექტემბრიდან რა და როგორ იქნება, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. სწავლის დაწყებამდე ყველა დეტალი გამოცხადდება. დარჩება დისტანციური სწავლება თუ არა, ჯერ არ ვიცით და, შესაბამისად, არ ვიცით, როგორ გადაწყდება ეს საკითხი“, – გვიპასუხეს განათლების სამინისტროში.
ასევე იხილეთ:
5 მილიონამდე ლარი 38 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის – ტენდერი გამოცხადდა
„სკოლის დირექტორების არჩევნები იგეგმება მომავალ წელს და სერტიფიცირება წელს არის“
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება