GE

რას ასწავლის საგანი „მოქალაქეობა“ და როგორია პროცესი – ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში

ახალი 2019-2020 სასწავლო წლიდან მე-7 კლასში ახალი საგანი მოქალაქეობა შევიდა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე განისაზღვრა საგნის სწავლა-სწავლების მიზნები, სწავლის პრინციპი და შემაჯამებელი შეფასების ფორმაც.

საგანი VII – X კლასებში ისწავლება და შესაბამისი ცვლილებები უკვე აისახა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც.

„მოქალაქეობა“

შესავალი

საბაზო საფეხურის „მოქალაქეობის“ სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

ა)  საგნის სწავლა-სწავლების მიზნები;

ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი;

გ) მეთოდიკური ორიენტირები;

დ) შეფასება.

საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში მოსწავლე გაეცნობა საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს; შეისწავლის ლოკალურ, სახელმწიფოებრივ და გლობალურ დონეზე მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს.

საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება სამოქალაქო აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.

ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები

მოქალაქეობის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს, მოსწავლეს:

  • დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აღქმაში;
  • ჩამოუყალიბოს საკუთარი ქვეყნის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება;
  • ასწავლოს სამოქალაქო მონაწილეობის ფორმები; გააცნობიერებინოს, რომ მას შეუძლია და მართებს საკუთარ ქვეყანაში (თემში/მუნიციპალიტეტში/სახელმწიფოში) პოზიტიური ცვლილებების განხორციელება;
  • გამოუმუშავოს მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევები (თანამშრომლობის, კონფლიქტის მართვის, სამეწარმეო და ფინანსური) და ღირებულებები/დამოკიდებულებები (ადამიანის უფლებების, განსხვავებული აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა);
  • დაეხმაროს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპების გათავისებაში;
  • ჩამოუყალიბოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კულტურა.

ამ მიზნებზე მუშაობით „მოქალაქეობა“ თავის წვლილს შეიტანს ეროვნული სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.

ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი

სტანდარტის შედეგები საგნის ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს საგან „მოქალაქეობის“ ფარგლებში საბაზო საფეხურის ბოლოს.

შედეგები ჯგუფდება სამ მიმართულებად:

  • პიროვნული განვითარება და სოციალიზაცია – გულისხმობს მოსწავლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, სოციალური ნორმების, ქცევის მოდელებისა და ღირებულებების გათავისებას;
  • ინიციატივა და მეწარმეობა – გულისხმობს ინოვაციურ და კრიტიკულ აზროვნებას; იდეების საქმედ ქცევასა და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებას;
  • სამოქალაქო მონაწილეობა და უსაფრთხოება – გულისხმობს საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვას; საზოგადოებისთვის სასარგებლო სამოქალაქო და სოციალური აქტივობების არაძალადობრივი მეთოდებით, კანონის დაცვით განხორციელებას.

სტანდარტის შინაარსი განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი აღიწერება  სავალდებულო ცნებებისა და თემების სახით.

ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს შინაარსიან კონტექსტებში. ეს კონტექსტები სავალდებულო თემების სახითაა წარმოდგენილი.

თითოეულ თემას ახლავს შეფასების ინდიკატორები. შეფასების ინდიკატორები განსაზღვრავს, თუ რა უნდა შეფასდეს კონკრეტული თემის ფარგლებში (თითოეულ ინდიკატორს ახლავს შესაბამისი შედეგის ინდექსის ნომერი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი შედეგიდან/შედეგებიდან გამომდინარეობს იგი).

სტანდარტის შედეგების ინდექსების განმარტება

სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ ინდექსი აქვს დართული, რომელიც მიუთითებს საგანს, სწავლების ეტაპსა და სტანდარტის შედეგის ნომერს; მაგ. მოქ.საბ.1.

„მოქ“ მიუთითებს საგანს „მოქალაქეობა“;

„საბ“  საფეხურს (საბაზო საფეხური), რომლის ბოლოსაც არის მისაღწევი შედეგი;

1შედეგის რიგს (1 = პირველი შედეგი).

იხილეთ სრული დოკუმენტი დანართი 1

იხილეთ საგაკვეთილო თემები დანართი 2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური