GE

რას შეცვლის სასკოლო ასაკის 5-დან 6 წლამდე გაზრდა?

სასკოლო ასაკი 5-ის ნაცვლად, ისევ 6 წლით განისაზღვრება. შესაბამისი რეკომენდაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე შეიმუშავეს. რეკომენდაციის თანახმად, 2014-2015 სასწავლო წელი გარდამავალი პერიოდი იქნება და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეული იქნებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ყოველი შემდგომი სასწავლო წლისთვის კი, სასკოლო ასაკის ბავშვებად მიჩნეული იქნებიან ისინი, ვისაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდება.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება პოზიტიურ შედეგს მოიტანს, ვინაიდან, 5 წლის ბავშვს ფსიქოსოციალური და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე სასკოლო მზაობა არ აქვს. ამას გარდა, როგორც სამუშაო შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, ამისთვის მზად არ არის სკოლებიც, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

Aris.ge – განათლება, უპირველესად, საზოგადოების, მშობლების აზრით დაინტერესდა – რა ასაკში უნდა შევიდეს ბავშვი სკოლაში?

ნანული ნაფეთტვარიძეს სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილება არ ახარებს:

“ჩემი გოგონა 5 წლის დეკემბერში შესრულდა. რას მიბრძანებთ, 6 წლის და 11 თვის უნდა შევიყვანო სკოლაში? სავალდებულო არ ყოფილა ხუთწლიანების მიყვანა, სურვილის მიხედვით იყო. არჩევის უფლება მოგვეცით. გოგონა ტანით დიდია, დეიდა ხომ არ უნდა დაუძახონ ბავშვებმა? ვიზუალური მხარეც უნდა იყოს გათვალისწინებული”,-აცხადებს მშობელი.

თეა მახარობლიშვილი პირიქით, ცვლილების მომხრეა:

“ჩემი შვილის კლასელი, რომელიც 5 წლის არის, ხან ფეხზე იხდის გაკვეთილზე და ხან ჭამას იწყებს. საწყალი პატარები, როგორ ეძინებოდათ სულ გაკვეთილზე. 12 წლიან სწავლებას, ისევ 11–ით თუ შეცვლიან, კარგს იზამენ. ასე რომ, ძალიან კარგი და დროული გადაწყვეტილებაა”,-აღნიშნავს ქალბატონი.

შორენა ბურდილაძეს თავისი შენიშვნა აქვს:

“სასკოლო ასაკად 6 წლის განსაზღვრა სწორი ნაბიჯია, მაგრამ – “ყოველი შემდგომი სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ასაკის ბავშვებად მიჩნეული იქნებიან ისინი, ვისაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებაო”; თუ სწავლა იწყება, მაგალითად1 სექტემბერს და ბავშვი 6 წლის ხდება 5 ან 15 სექტემბერს, ამ შემთხვევაში ფსიქიკურ ტრავმას ხომ არ ვაყენებთ პატარებს? ხომ არ დაგვეკანონებინა ისევ 31 დეკემბერი?”

თაკო მელიქიშვილი ამ კუთხით პედაგოგების გაზრდილ ვალდებულებებზე საუბრობს და ინიციატივის მომხრეა:

“უბედურება ის არის, რომ მშობლის გადასაწყვეტი იყო 5 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა. ახლა მასწავლებლებს ჰკითხეთ, რა დღეში იყვნენ. ლამის ძიძებად იქცნენ – ჯდომა უჭირთ, ტუალეტში დამოუკიდებლად ვერ დადიან, ზოგს შია, ზოგს სწყურია და ზოგი მთელი დღე ტირის – დედა უნდა. მშობლებო, დაინდეთ თქვენი შვილები, სად გეჩქარებათ. ამიტომაც არის, ამდენი ნერვოზიანი ბავშვი. ზოგიერთი გამართულად ვერ მეტყველებს და აბა ეს მშობელს უთხარი…”

ლალი სახოკია: “მასწავლებელი ყვებოდა, რომ ბავშვი თურმე ჩაწევდა თავს მერხში, ამოწევდა, ჩაწევდა-ამოსწევდა. მივიდა და ნახა, რომ “სოსკა”(სატყუარა) ჰქონია წამოღებული. 5 წლის ბავშვი ნამდვილად ცოდოა, მაგრამ ზოგი ფიზიკურად უფრო ძლიერია. მთლიანობაში, მართებული გადაწყვეტილებაა”.

ნუკრი ზვიადაძე: “15 სექტემბერს სწავლა იწყება, ჩემი შვილი ერთ თვეში ხდება 6 წლის და ერთი წელი ტყუილად უნდა მოიცადოს? თან ბიჭია, ცოტა დაფიქრდით მაინც. რამდენიმე დღე ნამდვილად არ წყვეტს ასაკს და ბავშვი მთელ წელიწადს კარგავს. მთელი ცივილური ევროპა, პირიქით, უფრო დაბლა წევს სასკოლო ასაკს და ესენი ქვის ხანაში ჩარჩნენ. გაიგეთ, ჯერ სხვაგან როგორაა და ცოტა ტვინი დაატანეთ, რა კანონებს იღებთ”.

მერაბ ბაშარული: “ბავშვი სკოლაში 6 წლის უნდა შევიდეს. 10 წელი საკმარისი იქნება, თუ გონივრული პროგრამა იქნება და წიგნებზე იმუშავებენ არა ბიზნესმენები, არამედ პროფესიონალი, სკოლაში ნამუშევარი პედაგოგები, რომლებიც აზრზე არიან, რა სჭირდებათ ბავშვებს განათლებისთვის”.

გიორგი ბახტაძე: “მეც მაგ საფიქრალში ვარ, წავიყვანო თუ არა, დეკემბერში ხდება 6 წლის. გონებრივად ძალიან ძლიერია ნებისმიერ საგანში და სწავლა არ გაუჭირდება,
მაგრამ ძალიან ბავშურია, კლასიდან რომ გამოვა, შესვენებაზე შეიძლება, სკოლაში დაიკარგოს, დისციპლინასთან გვაქვს პრობლემები”.

გიორგი შარიქაძე: “გასაგებია, რომ ქვეყანა ამ ახალი კანონით არ დაიქცევა, მაგრამ “დაბოლებას” მაინც ვერ ვიტან. როცა სჭირდებათ, კველვებსა და მეცნიერულ დასკვნებს ფარად იყენებენ; 5 წლიანზე რომ გადავიდნენ, მაშინაც მეცნიერულ კვლევებზე ჰქონდათ აქცენტი, ახლა ახალი “შედეგებით” ექვსწლიანი ყოფილა თურმე საჭირო; გვითხრან მაინც, ვინ ჩაატარა ეს “კვლევები” და ეს “მეცნიერებიც” დაგვანახონ… გავიცნობთ მაინც ამ “გენიოსებს”…

განათლების სამინისტროს რეკომენდაციასა და მოსალოდნელ შედეგებზე Aris.ge – განათლება ა/ო “საქართველოს განათლების ლიგის” თავმჯდომარე მანანა ნიკოლაიშვილის ესაუბრა:

“გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან მის მიღებაში მეც ვმონაწილეობდი. მარტო საქართველოში ხდება, რომ პირველ კლასში 5 წლის, ოთხისა და ექვსი–შვიდი–რვა თვის პატარები არიან ჩარიცხულნი. საზღვარგარეთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს რომ იღებენ, ამას მოსამზადებელი კლასები ჰქვია. მათ იღებენ არა სასკოლო მკაცრ რეჟიმში, არემედ ჩვეულებრივი, საბავშვო ბაღის პირობებში; აქვს მოსასვენებელი, სათამაშო ოთახები, საღამომდე თუ აჩერებ, ოთხჯერადი კვება, შუადღემდე – სამჯერადი. იმ პროგრამას ასწავლიან, რომელიც საბავშვო ბაღის უფროს ჯგუფებშია.

როგორ შეიძლება, ბავშვი ამ ასაკში სკოლაში მიიყვანო? ამით პატარების ფსიქიკა საფრთხის წინაშე დააყენეს და დააავადმყოფეს. ამის კვლევები არსებობს. მე ეს ვნახე სამინისტროში შეხვედრაზე, საკმაოდ მაღალი დონის ფსიქოლოგების კვლევების შესახებ მოვისმინეთ. არა მარტო ფსიქოლოგების, არმედ საერთაშორისო ექსპერტების, იუნისეფის და სხვა ორგანიზაციების ეგიდით არის ეს ჩატარებული. სხვადასხვა წიკებით, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით, ენაბლუობითა და სხვა, მძიმე ავადმყოფობებით დავადდნენ პატარები. ასევე, 5 წლის და უფრო პატარა ბავშვის სკოლიდან უკან გაყვანის ძალიან მაღალი პროცენტია.

სასკოლო ასაკის მომატებით კი განათლების ხარისხი აიწევს, სკოლიდან განთესილი მოსწავლეების რიცხვი შემცირდება, ბავშვების ჯანმრთელობა უფრო სტაბილური გახდება”,-აცხადებს Aris.ge-განათლებასთან მანანა ნიკოლაიშვილი.

გელა არის© მამულაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური