„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
როგორც EDU.ARIS.GE 11 მაისს უკვე წერდა, უმაღლესი განათლების რეფორმის დაწყების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტთა საგრანტო სისტემა გაუქმდა, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ. საუბარია როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებზე.
ნიშნავს თუ არა საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება, რომ სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბრუნდება, ეს ჯერ ამ სიტყვებით არ გაჟღერებულა, თუმცა თუკი საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განსახილველად წარდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის განმარტებით ბარათს დავეყრდნობით:
“აუცილებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რადგან დროულად მოხდეს სტუდენტთა დაფინანსების პროცესის სამართლებრივი მოწესრიგება მომავალი სასწავლო წლისთვის. ამასთან, სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად/გასაუმჯობესებლად უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე და ამისათვის უნდა განისაზღვროს რეგისტრაციის ვადები”.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 11 მაისის გადაწყვეტილებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილება და რეგისტრაციის გამოცხადებაც სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი. კანონპროექტში ნახსენები ელექტრონული პორტალი კი, უნდა ჩავთვალოთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაბამისი სარეგისტრაციო ველია, რეგისტრაციის გამომცხადებელი კი თავად NAEC-ი.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილების დეტალებს, ფინანსურ უზრუნველყოფასა და სხვა რიგ საკითხებს, EDU.ARIS.GE გიზიარებთ, თუ როგორ განმარტავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მომზადებულ ცვლილებებს და როგორ ასაბუთებს მისი დაჩქარებულად განხილვის აუცილებლობას მომზადებულ კანონპროექტში:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების (№1198-IVმს-XIმპ) შედეგად, რომელიც ამოქმედდა 2025 წლის 17 დეკემბრიდან, საგრანტო დაფინანსების სისტემა ჩანაცვლდა საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრულად სახელმწიფო დაფინანსების მოდელით. ამავე კანონის მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული იმ პირების სწავლის დაფინანსება, რომლებმაც ის მოიპოვეს/რომლებიც მას მოიპოვებენ 2026 წლამდე, სახელმწიფოს მიერ გაგრძელდეს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით, რომლითაც/რომლებითაც ეს დაფინანსება აღნიშნულ პირებს მოპოვებული ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების საფუძველზე.
გასათვალისწინებელია, რომ კანონის ზემოხსენებული ჩანაწერი ითვალისწინებს მხოლოდ იმ დაფინანსების შენარჩუნებას, რომელიც სტუდენტს უკვე მოპოვებული ჰქონდა. ეს გამორიცხავს იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც შესაბამისი კანონის ამოქმედებამდე ჩაირიცხნენ უნივერსიტეტში (მაგალითად, ნაწილობრივი გრანტით ან გრანტის გარეშე) და ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მეშვეობით, შეძლებდნენ დაფინანსების მოპოვებას ან გაზრდას.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ყოველწლიურად ახორციელებდა სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტებით დაფინანსების სოციალურ პროგრამებს, რომელიც პირველკურსელ სტუდენტებთან ერთად, ითვალისწინებდა წინა წლების ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტებით დაფინანსებას. შესაბამისად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების (№1198-IVმს-XIმპ) ამოქმედებამდე, კანონით განსაზღვრული იყო სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და სასწავლო სამაგისტრო გრანტებით დაფინანსების საკითხი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებისა და უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ზედმიწევნით დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია, სოციალური პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას აგრძელებენ შესაბამისი წლის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჰქონდეთ სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების შესაძლებლობა.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ყოველწლიურად ახორციელებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებას, რომელიც პირველკურსელ სტუდენტებთან ერთად, ითვალისწინებდა წინა წლის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტებით დაფინანსებასაც. შესაბამისად, მიზანშეწონილია ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ სტუდენტებსაც, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას აგრძელებენ 2025 წლის ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჰქონდეთ სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტების მიღების შესაძლებლობა.
წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმ სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებას, რომლებმაც სწავლა დაიწყეს კანონის ამოქმედებამდე არსებული რეგულაციების პირობებში და ჰქონდათ მოლოდინი რომ მომდევნო წლებში შეძლებდნენ დაფინანსების გაუმჯობესებას და ამასთან, უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას.
მეტი დეტალისთვის იხილეთ მთავრობის განმარტებითი ბარათი
-
როდის მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლები ფინანსურ დახმარებას? – საკითხი პარლამენტში განმარტეს
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს ნაბიჯები ვერ აგვარებს დაწყებითი საფეხურის მთავარ, საათობრივი დატვირთვის პრობლემას“ – პედაგოგის პასუხი განათლების სამინისტროს შერბილებულ პოლიტიკაზე
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოში დიპლომატიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქმნება – მთავრობის გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება