GE

როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა

ავტორი: მზია იაკობაძე, სიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი, სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს პროექტის –„ჩემი სათქმელი განათლებაზე“ ფარგლებში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელიც, ერთი შეხედვით, მასწავლებელთა მხარდაჭერისკენ მიმართულ პოზიტიურ ნაბიჯად ჟღერს. სიღრმისეულად შესწავლისას კი ცხადი ხდება, რომ ის უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს იძლევა.

რა იცვლება რეალურად?

2026-2027 სასწავლო წლიდან VII-XII კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის მასწავლებლებს, რომელთაც შესაბამისი კომპეტენცია, შესაბამის საფეხურზე დადასტურებული აქვთ, უფლება მიეცემათ (ეს აქამდეც ჰქონდათ, თუმცა ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად შეეზღუდათ და სარგებლობდნენ ორწლიანი გარდამავალი დებულებით განსაზღვრული უფლებით) ეს საგნები ასწავლონ V-VI კლასებშიც და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. ანალოგიური შესაძლებლობა ეძლევათ ისტორიის, გეოგრაფიის ან სამოქალაქო განათლების პედაგოგებსაც – მათ მიეცემათ უფლება, ასწავლონ საგნები „ჩვენი საქართველო” (V-VI) და „მე და საზოგადოება” (III-IV). ბოლოს, „მე და საზოგადოების” სწავლების შესაძლებლობა დაემატებათ I-IV კლასების კომბინირებულად მასწავლებლებსაც.

პოზიტიური ასპექტი და მისი ფარული ხარვეზი

ერთი შეხედვით, სამინისტრო იცავს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ინტერესებს: საათებს თავდაპირველად უნაწილებს იმ პედაგოგებს, რომლებსაც უკვე აქვთ I-VI კლასებში სწავლების უფლება. ეს, ფორმალურად, სწორი მიდგომაა.

რეალურად კი ვითარება უფრო რთულია. სისტემა VII-XII კლასების მასწავლებლებს V-VI კლასებში შესვლის უფლებას აძლევს, მაგრამ აქვე მკაცრად დათქმულია, რომ გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს საათები პირველ რიგში დაწყებითი საფეხურის უფლების მქონე მასწავლებლებს გადაუნაწილდებათ. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი კლასების პედაგოგებისთვის ეს „დამატებითი შანსი“ ხშირად მხოლოდ თეორიული შეიძლება აღმოჩნდეს.

როცა წესები შუა თამაშში იცვლება

ცვლილება გამოცხადდა იმ მომენტში, როცა მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დასრულებული იყო. შედეგად, იმ პირებს, რომლებმაც რეგისტრაცია ძველი წესებით გაიარეს, მოულოდნელად, სულ რამდენიმე დღეში – 11 მაისის 18:00 საათამდე, უწევთ გადაწყვიტონ, საჭიროა თუ არა გამოცდის ჩაბარება, დაწერონ განცხადება და დაიბრუნონ თანხა.

შუა პროცესში თამაშის წესების შეცვლა არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარვეზზე მიუთითებს, არამედ მასწავლებლებში დამატებით ბიუროკრატიულ დისკომფორტსა და სტრესს ბადებს. ვინ უტოვებს მასწავლებელს მშვიდად მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას, თუ ყოველი წლის ბოლოს ახალ-ახალი გადაწყვეტილებები ფაქტობრივად ცხოვრების სტრატეგიის გადახედვას აიძულებს?

„მე და საზოგადოება“ – კომპენსაცია ერთი მხარისთვის და შესაძლებლობის დაკარგვა მეორესთვის

ცვლილების ერთ-ერთი არსებითი დეტალი ისაა, რომ დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის „მე და საზოგადოების“ სწავლების ანაზღაურებად მიღება ფაქტობრივად კომპენსაციის ფუნქციას ასრულებს – ცნობილია, რომ ახალი სახელფასო პოლიტიკის შედეგად ხელფასი დააკლდათ და მხოლოდ 200-ლარიანი დანამატით შემოიფარგლა მათი სახელფასო მატება.

თუმცა, აქვე ჩნდება უკმაყოფილება საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მხრიდან: მათ აღარ აქვთ საათების შევსების შესაძლებლობა მომიჯნავე საგნებით დამატებითი გამოცდების ჩაბარების გარეშე, რაც ხელფასის შემცირებას იწვევს. ამავე დროს, არ არსებობს მკაფიო განმარტება – ვის მიენიჭება პრიორიტეტი „მე და საზოგადოების” საათების განაწილებისას? დაწყებითი კლასების მასწავლებელს თუ ისტორიის, გეოგრაფიის ან სამოქალაქო განათლების პედაგოგს?

ეს გაურკვევლობა საფუძველს უმყარებს მომავალ კონფლიქტებს სკოლის შიგნით – განსაკუთრებით პატარა, სოფლის სკოლებში, სადაც ერთი და იგივე საათზე ფაქტობრივად ორი ან სამი მასწავლებელი იქნება დამოკიდებული. გადაწყვეტილების გამჭვირვალე კრიტერიუმის გარეშე, ეს საკითხი დირექტორის სუბიექტურ გადაწყვეტილებად გადაიქცევა, რაც კიდევ ერთ რისკს ქმნის ისედაც დაძაბული პროფესიული გარემოსთვის.

გამოცდების ლაბირინთი

ყველაზე მტკივნეული საკითხი ის გახლავთ, რომ მასწავლებლებმა ბოლო წუთამდე არ იცოდნენ, საფეხურებზე გამოცდის გადაბარება იყო თუ არა აუცილებელი და სავალდებულო. სამინისტრო მკაფიო პასუხებს ვერ იძლეოდა.

ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ მასწავლებელმა კომპეტენცია უნდა დაადასტუროს. ეს, ცალკე აღებული, ლოგიკური მოთხოვნაა. მაგრამ პრობლემა არის გამოცდების სიხშირე და თანმიმდევრობის ნაკლებობა. როცა ბუნებისმეტყველების მასწავლებლები საათების სიმცირეზე საუბრობდნენ, სამინისტრო პასუხობდა – გაქვთ შევსების შესაძლებლობა საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნებითო. ახლა კი ეს შესაძლებლობა ფაქტობრივად ეზღუდებათ, თუ რამდენიმე დამატებით გამოცდას არ ჩააბარებენ. ამდენი გამოცდა კი დამატებით სტრესთან არის დაკავშირებული, როცა მასწავლებელი უწყვეტი გამოცდების მცდელობაში ცხოვრობს, განვითარებისთვის, მოსწავლეებისთვის და მეთოდიკის გაუმჯობესებისთვის ენერგია ფაქტობრივად აღარ რჩება.

ფიზიკის მასწავლებლები – მწვავე დეფიციტი

ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა ფიზიკის მასწავლებლების მწვავე დეფიციტი, რომელიც ქართულ სკოლებში წლიდან წლამდე იზრდება. დღეს მრავალ სოფლის და ხშირად ქალაქის სკოლაშიც ფიზიკის გაკვეთილებს ატარებს სხვა საგნის მასწავლებელი – ჩვეულებრივ, მათემატიკოსი ან ბუნებისმეტყველების სპეციალისტი, რომელიც არ არის სათანადოდ მომზადებული.

ფიზიკოსების დეფიციტს რამდენიმე სისტემური მიზეზი აქვს. პირველი – საგანი რთულია, კომპეტენციის გამოცდის ჩაბარება მოითხოვს მაღალ აკადემიურ მომზადებას, ხოლო ანაზღაურება ამ შრომის შესაბამისი არ არის. მეორე – ფიზიკის სპეციალისტებს, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლების მსგავსად, ბაზარზე არსებობს ბევრად მომგებიანი ალტერნატივა: ტექნიკური სფერო, ინჟინერია. მესამე – სოფლის სკოლებში ფიზიკაზე ისეთივე მცირე საათობრივი დატვირთვაა, როგორც კომპიუტერულზე, რაც ხელფასს ღირსეული ცხოვრების ზღვარს ქვემოთ ტოვებს.

შედეგი ის არის, რომ მთელი თაობა იზრდება ფიზიკის სრულფასოვანი სწავლების გარეშე. ბავშვი, რომელსაც ფიზიკა არასოდეს უსწავლია ფიზიკოსისგან, ვერც უმაღლესში ვერ აირჩევს საინჟინრო პროფესიას, ვერც ტექნიკური მიმართულებით განვითარდება. ეს არის უხილავი, თაობათშორისი ზიანი, რომელიც დღეს არავის ეტყობა, მაგრამ 10-15 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე პირდაპირ აისახება.

ახალი ცვლილება ამ კრიზისს არანაირად არ ამსუბუქებს, პირიქით, დარჩენილ ფიზიკოსებსაც კიდევ უფრო უბიძგებს სკოლიდან წასვლისკენ, რადგან ან დამატებითი გამოცდების ჩაბარების ხარჯზე უნდა შეინარჩუნოს სამსახური და ხელფასი ან მცირე საათობრივი დატვირთვით, შესაბამისად მცირე ხელფასით დარჩეს. ბუნებრივია, რომ ფიზიკის სპეციალისტი, რომელსაც კერძო ცენტრში ან ტექნიკურ კომპანიაში ბევრად უკეთესი ანაზღაურება ელის, ამ დილემაში სკოლას არ აირჩევს.

განწირული საგანი – კომპიუტერული ტექნოლოგიები

თუ ყველა საგნის მასწავლებელს თავისი გასაჭირი აქვს, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლები აღმოვჩნდით.

ერთ ჩვეულებრივ სოფლის სკოლაში ამ საგანში სულ 7 საათია. მენტორის უმაღლესი სტატუსითაც კი, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად სადღაც გამოვა, დაახლოებით, 700 -800 ლარი, ამ ხელფასზე მუშაობა დღეს ამ საგნის სპეციალისტისთვის, ყველა დამეთანხმება, რომ არ ღირს, არა მარტო ფინანსური კუთხით, არამედ გულიც გწყდება, რომ სისტემა არ გაფასებს, არ გცემს პატივს… უფროსი მასწავლებლისთვის ეს ციფრი 300-400 ლარის ფარგლებშია.

რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ მასწავლებელს შეეძლო მეზობელ სკოლაში საათების შევსება. დღეს ეს მოტივაცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, წამყვან მენტორებს მეორე სკოლაში სტატუსის დანამატს აღარ აძლევენ. ვინც რამდენიმე სკოლაში მუშაობს, მისი მენტორის ანაზღაურება სამინისტროს მიერ „ფინანსურად წამგებიანად“ ფასდება და შესაბამისად, მენტორის დანამატი მხოლოდ ერთ სკოლაში ეძლევა, ოთხჯერ შემცირებული ოდენობით.

შედეგად, მეორე სკოლაში, სადაც ხშირად 7 საათიც კი არ არის კლასკომპლექტების გამო, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლისთვის მუშაობის გაგრძელება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, რადგან სკოლამდე მისასვლელი ფინანსური რესურსი იმ ხელფასს აღემატება, რომელსაც იქ მიიღებს.

ასე რომ, ეს საგანი იმდენადაა განწირული, რომ იმედის ნაპერწკლისთვისაც კი ადგილი აღარ რჩება. კომპიუტერული ტექნოლოგიების კარგ სპეციალისტებს, ისევე, როგორც ფიზიკოსებს, გვაქვს უნარი და შესაძლებლობა, ბევრად უკეთესი ანაზღაურებით სხვა სფეროში დავსაქმდეთ. სკოლას, საბოლოოდ, მხოლოდ ის მასწავლებელი შერჩება, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს. ეს არ არის ხარისხიანი განათლების მოდელი, ეს არის სისტემის გაკოტრების მოდელი.

განსაკუთრებით უცნაურია, რომ XXI საუკუნეში, როცა ციფრული წიგნიერება სასიცოცხლო კომპეტენციად ითვლება და ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესის გარდაუვალი ნაწილი ხდება, ქართული საგანმანათლებლო სისტემა სწორედ ამ მიმართულების მასწავლებელს აიძულებს, სკოლა დატოვოს. უდიდესი გულისტკივილით ვამბობ, რომ ეს არის სტრატეგიული შეცდომა.

პირადი არჩევანი, რომელსაც სისტემა მაიძულებს

მე სოფლის რამდენიმე სკოლაში ვასწავლი. ერთი სკოლის მენტორის ანაზღაურება მცირდება, მეორეში, სადაც კლასკომპლექტების გამო 7 საათიც კი არ მაქვს, ფაქტობრივად ვეღარ გავაგრძელებ მუშაობას. შესაბამისად მომიწევს სოფლის დატოვება. და რა თქმა უნდა, ამის დარდი არავის აქვს, არც იმ ბავშვებისა, რომელთაც ვასწავლი, არც იმ რაიონისა, სადაც კადრების უმძიმესი დეფიციტია.

მინდა მჯეროდეს, რომ განსხვავებით წინა მინისტრისგან, ჩვენი მოქმედი მინისტრი ამ პრობლემას სწორად შეხედავს. ხელფასის მომატებას ვინღა ფიქრობს, საკმარისი იქნება, თუ მინიმუმ არ დააკლდებათ ხელფასი კომპიუტერული ტექნოლოგიების, ფიზიკის, ბუნებისმეტყველებისა და სხვა „მცირე საათის“ საგნების მასწავლებლებს.

საბოლოო ჯამში, ცვლილებების ხარისხი არ ფასდება იმით, თუ რა წერია სამინისტროს განცხადებაში. ის ფასდება იმით, რჩება თუ არა მასწავლებელი კლასში, რჩება თუ არა სოფელი მასწავლებლის გარეშე და რჩება თუ არა ბავშვს ხარისხიანი განათლების შანსი.

ცვლილებების გაცხადებული მიზანი მასწავლებელთა მხარდაჭერაა. პრაქტიკული განხორციელება კი კითხვებს ტოვებს სწავლების ხარისხზე, საათების რეალურ ხელმისაწვდომობაზე, პროცესების წინასწარ დაგეგმვის ეფექტურობაზე და რაც მთავარია – იმაზე, ისმის თუ არა მასწავლებლის ხმა მაშინ, როცა მისი პროფესიული ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ამავე თემაზე:

„ეს ნაბიჯები ვერ აგვარებს დაწყებითი საფეხურის მთავარ, საათობრივი დატვირთვის პრობლემას“ – პედაგოგის პასუხი განათლების სამინისტროს შერბილებულ პოლიტიკაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური