რას შეცვლის CAT-ის გამოცდის მოხსნა მასწავლებლებისა და სკოლისთვის?
„ზედმეტი ემოციების გარეშე მივუდგეთ საკითხს, რას შეცვლის CAT-ის გამოცდის მოხსნა?“ – წერს მანანა რატიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე და პედაგოგებთან თუ პედაგოგებისთვის არაერთწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საკუთარ მოსაზრებას გამოსაშვები გამოცდების მოხსნის თაობაზე სხვადასხვა ჭრილში გვთავაზობს:
1. იმ მასწავლებლებთან, ვისთანაც გამოცდა იყო მოსწავლის გაკვეთილზე დამაკავებელი იარაღი, პროცესს დროებით ჩამოშლის, ვიდრე მასწავლებელი მოსწავლის სხვა მოტივატორს არ იპოვის. ის მასწავლებლები კი, ვისაც კატისთვის საკითხების გამეორებაზე დრო დაკარგულად ეჩვენებოდათ, მეტ დროს დაუთმობენ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
2. ამ გამოცდებს უნდა შეემოწმებინა სკოლამ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს თუ მიაღწია, რა ფუნქციაც თავის თავზე ვერ აიღო. დეკლარატიულ ცოდნას ამოწმებდა, რაც ცხოვრებაში კროსვორდების შევსებაში თუ გამოადგებოდა. ახლა სკოლამ მიზნის მიღწევაზე მეტად უნდა იფიქროს, არანაირი გამართლება, რომ დრო არ რჩებოდათ, აღარ ექნებათ.
3. სამაგიეროდ, სოციალური უთანასწორობა გააღრმავა, კონკურენტუუნარო გახადა სოციალურად შეჭირვებული და მატერიალურად წელგამართული ოჯახის შვილები.
4. მშობლებმა თანხები მიმართეს გამოცდების წარმატებით გადალახვისკენ და ამით ჩამოაშორეს თავის რეალურ ინტერესებს, ნამდვილ განათლებას, არც წიგნის კითხვის, არც თეატრში სიარულის, არც სპორტის და ხელოვნების დრო აღარ დაუტოვეს. მეტი დრო ექნებათ მოზარდებს თვითგამოხატვისთვის.
ბონუს პუნქტი – რეპეტიტორი მასწავლებელი სკოლის სიძლიერით არაა დაინტერესებული, სკოლაში რომ ხდებოდეს ხარისხიანი განათლების მიღება. ეს ხომ მოზარდების რეკრუტირებას კერძო ბიზნესში შეუშლიდა ხელს. მასწავლებელი გამოცდაზე საკუთარი მოსწავლეების მიღწევებით იწონებდა თავს და არა სასწავლო პროცესში საინტერესო პედაგოგიური პრაქტიკით. ესეც შეიცვლება და სკოლის გაძლიერება გახდება მასწავლებლების ერთიანი საზრუნავი.
კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, თუმცა ესეც საკმარისია, რომ CAT-ის გაუქმება მომეწონოს.